ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

„როდესაც სამშობლოში დავბრუნდები, პირველი, რასაც გავაკეთებ – დავიჩოქებ და მიწას ვაკოცებ“

საბერძნეთში, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნინო მარგველაშვილი ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

 

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ჩემი ემიგრანტობის ერთადერთი მიზეზი და მიზანია, ის თანხა მოვაგროვო, რაც მჭირდება იმისათვის, რომ მეც გავხდე დედა, დედიკო, დედი…

ემიგრანტობის პირველი დღეები…

გახსენება არ მინდა…

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე…

ცხოვრება, რომელიც ალბათ არასოდეს დამიბრუნდება…

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

ნებით ან უნებლიეთ, თავი გაიმეტო ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამებისათვის…

დედას დაშორებული შვილები…

ეს არის ტრაგედია, რომელსაც ბევრი გმირი ჰყავს!

როდესაც ადამიანი გარემოს იცვლის …

სასიცოცხლოდ აუცილებელია, ძალების მობილიზება მოახდინოს და  განიცადოს მუტაცია, რათა გადარჩეს…

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ, გირჩევთ…

ცოტა მაინც ისწავლეთ იმ ქვეყნის ენა, სადაც წასვლას აპირებთ… და აუცილებლად მოემზადეთ ბევრი დაბრკოლების გადასალახად…

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

მე საბერძნეთში ვიმყოფები. ეს ქვეყანა თავისი კულტურით თუ სარწმუნოებრივი მრწამსით დიდად არ განსხვავდება ჩვენი სამშობლოსაგან. ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის…

სტუმართმოყვარეობით და ულამაზესი ხედებით…

საქართველოვ…

ნეტავ, ოდესმე თუ მაპატიებ იმ წლებს, რომლებიც შენგან შორს გავატარე…

არასოდეს დამავიწყდება…

მეგობარი, რომელმაც ბევრჯერ გადამარჩინა ფარ-ხმლის დაყრას და სულიერ დაცემას…

მენატრება…

განსაკუთრებით მენატრებიან  ის ადამიანები, რომლებსაც ვეღარასოდეს ვნახავ…

ვეღარ ვუძლებ…

ეჰ, იმდენ რამეს გავუძელი და აქამდე ვუძლებ, არ მგონია, კიდევ იყოს რაიმე, რასაც ვერ გადავიტან…

ყოველდღე ვცდილობ…

თავის ხელში აყვანას, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა…

გულით დავატარებ…

სამშობლოს და საყვარელ ადამიანებს…

გული მტკივა, რადგან…

აქ ყოფნის პერიოდში ბევრი  ძვირფასი ადამიანი დავკარგე, თან ცრემლიც ვერ გავაყოლე უკანასკნელ გზაზე…

ბედნიერი ვარ…

რადგან მიყვარდა… და მიყვარს…

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

ჩემი ცხოვრების ბედნიერ წლებს ვიხსენებ…

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს…

როგორ ვიპოვე ძალა, ოჯახისგან შორს ყოფნა გადამეწყვიტა?!

ბრძოლა საკუთარ თავთან…

ხშირად მიწევს ომის გადახდა მეორე მესთან…

უკვე მივეჩვიე…

თითქმის ყველაფერს…

მჯერა…

თუ ძალიან მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია…

როდესაც სახლიდან შორს ყოფნას დააპირებთ…

ნურსად ნუ წახვალთ, ღმერთს გაფიცებთ…

ჩემი აუხდენელი ოცნება…

ჯერჯერობით, ერთადერთი  აუხდენელი ოცნება მაქვს – დედა გავხდე.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას!

ის, რაც გადაგვარჩენს…

რწმენა! უფლის და საკუთარი  შესაძლებლობების.

ლექსი, რომელიც დღევანდელობას შეესაბამება…

ერთ სტროფს მოვიშველიებდი ჩემი ლექსიდან:

…და სანამ ჭკუას ენა გაუსწრებს,
ძმას ძმის ხელი არ შეეშველება,
სანამ მტერს ფეხქვეშ ვარდებს დავუფენთ,
არც არაფერი არ გვეშველება!

რას დავხატავდი, თუ მთხოვდნენ, ნახატით გადმომეცა ჩვენი ყოფა…

ადამიანს, რომელსაც ქვეყნის ტვირთი ზურგზე აქვს მოკიდებული.

ჩვენი დროის გმირი…

ემიგრაციაში წასული ნებისმიერი ადამიანი (არა იმიტომ, რომ თავად ვარ ემიგრანტი)!

დრო…

შეუფასებელი და, სამწუხაროდ, ადამიანების მიერ დაუფასებელი…

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე…

ასე გიპასუხებდით:

ვწერდე, ეს ნიჭის კი არა,
დიდი ტკივილის ბრალია,
ისინი, ვინც კი მიყვარდა,
ჩემ გვერდით რომ არ არიან!

დავბრუნდები, როცა…

დიდი სურვილი მაქვს, დასახულ მიზანს მივაღწიო, მაგრამ ზოგჯერ სულიერად ისე ძალიან მიჭირს, მზად ვარ, ყველაფერი მივატოვო და, რომ იტყვიან, ფეხით წავიდე შინ.  მადლობა უფალს, ეს განცდა მხოლოდ წამიერ სისუსტედ მევლინება…

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს,  პირველი, რასაც გავაკეთებ, დავიჩოქებ და მიწას ვაკოცებ…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close