როგორ გამოიყურება მე-19 საუკუნეში აგებული თბილისური სასტუმრო „ლონდონი“ დღეს (ვიდეო)
თბილისში, ათონელის 31 ნომერში ერთი საინტერესო ნაგებობაა, რომლის ისტორია თითქმის საუკუნე-ნახევრის წინათ იწყება. ეს ყოფილი სასტუმრო „ლონდონია“/HOTEL DE LONDRES, რომელიც 1875 წელს აიგო თბილისელი არქიტექტორის, ოტო სიმენსენის პროექტით. სასტუმროს მშენებლობა ძმებმა ზუბალაშვილებმა დააფინანსეს.
ზუბალაშვილებმა სასტუმრო ჰანს და კატერინა რიხტერებს გადასცეს სამართავად. მალე კატერინა რიხტერმა დაწესებულებაში მაღალი ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა. ისტორიული ცნობებით, ამ საკმაოდ პატარა სასტუმროში არასდროს იყო თავისუფალი ნომრები. საქართველოში იმ პერიოდში ჩამოსული მოგზაურების დიდი ნაწილი სწორედ აქ ჩერდებოდა, მათ შორის იყვნენ გამოჩენილი ადამიანებიც, მაგ., დიდი რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი, მარკიზი ჯორჯ კერზონი, ნორვეგიელი მწერალი, ნობელიანტი კნუტ ჰამსუნი და სხვები. „ლონდონს“ ილია ჭავჭავაძის სტუმრობაც ახსოვს, რომელიც სასტუმროში იქ მცხოვრებ ინგლისელ სლავისტთან, უილიამ რიჩარდ მორფილდთან შესახვედრად მივიდა იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად.
დღეს ამ შენობაში საცხოვრებელი სახლია, თუმცა მიუხედავად ამისა, მას მაინც სიმარტოვის და სიცარიელის კვალი ატყვია… მოუვლელობას და ჭუჭყს, საბედნიეროდ, ჯერ ბოლომდე ვერ წაუშლია მისი ძველი დიდების კვალი. ერთ დროს ბრწყინვალე, ახლა კი გვარიანად შელახული და გაპარტახებული სადარბაზო და კიბე, რომლებიც პირვანდელი სახით შემორჩა, მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ჯერაც არ წაშლილა ულამაზესი დეკორატიული ფერწერა…
შენობა რესტავრატორებს ელოდება!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნათია მიხელიძის ამ ვიდეოსიუჟეტში ნახავთ, როგორ გამოიყურება დღეს ერთ დროს შესანიშნავი ნაგებობა.
კომენტარები