იტალიაში უამინდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში უამინდობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, 27 წლის ქალი ტორნადომ შეიწირა, რომელმაც დასახლებულ პუნქტ ფოჩენეს (ფიუმიჩინოს მუნიციპალიტეტი, რომიდან 15 კმ) გადაუარა.
ტორნადოს გამო დასახლებულ პუნქტში დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი; ფიუმიჩინოს მერის თქმით, ეს ყველაფერი სამხედრო მოქმედებების შემდეგ შექმნილ სიტუაციას ჰგავს: დაზარალდა 20-ოდე სახლი, ქარმა შენობებს სახურავი გადახადა, ერთი პატარა სახლი ჩამოინგრა, ტორნადომ დააზიანა ბაღები, ღობეები, ხეები ძირიანად მოთხარა… მერის თქმით, ზარალი ძალიან დიდია.
არეცოში დღეს გარდაცვლილი იპოვეს 72 წლის მამაკაცი, რომელიც წინა ღამით დაიკარგა სოფელ ოლმოში. მაშველებმა და პოლიციამ გვიან ღამით მისი კუთვნილი ცარიელი ავტომობილი ნახეს, დილით კი თავად მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი ავტომობილისგან მოშორებით, პატარა სოფელ არეცოსთან ახლოს, გზის გასწვრივ სადრენაჟე თხრილში.
გუშინ, 27 ივლისს კი სამხრეთ ტიროლის რეგიონში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, 45 წლის ნორვეგიელი სპორტსმენი სილიე ფისმენი/Silje Fismen დაიღუპა მეხის დაცემის შედეგად. შემთხვევა საღამოს 7.15 სთ-ზე მოხდა სან პანკრაციოს ტბის მახლობლად, ჭექა-ქუხილის დროს. სპორტსმენი ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოდან რეგიონულ რბოლაში Suedtirol Ultra Skyrac მონაწილეობდა, თუმცა შეჯიბრი ამინდის გაუარესების გამო გადაიდო.
იტალიაში ძლიერი სიცხის შემდეგ მეტეოროლოგები ძლიერ წვიმას, სეტყვას, ქარსა და ჭექა-ქუხილს პროგნოზირებენ. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.
მსგავს თემაზე: იტალია: აფრიკულ ანტიციკლონს შაბათ-კვირიდან ისევ უამინდობა შეცვლის
კომენტარები