კარმის კანონი და ზოდიაქოს ნიშნები
მართალია, დღეს სინტაგმა „კარმის კანონი“ ყურს არავის სჭრის, მაგრამ ბევრმა მაინც არ იცის მისი წარმომავლობა და რეალური არსი. პირველად კარმის ცნების განმარტებანი წერილობითი ფორმით დაფიქსირდა ინდუიზმში – მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში. სანსკრიტზე „კარმა“ ჩადენილს ნიშნავს. უფრო კონკრეტულად, კარმა არის ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედება, რომელსაც თავისი შედეგი აქვს, ამასთან, აზრიც და სიტყვაც ქმედებად ითვლება. მიიჩნევა, რომ კარმას თავისი კანონი აქვს, რომლის მოქმედების შედეგად თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში ტოვებს ანუ წინ დაგვხვდება.
თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე, შესაბამისად, მან თავისი ამოცანა კარგად უნდა გააცნობიეროს და გაითავისოს. ასტროლოგების თქმით, ადამიანებს თავიანთი დანიშნულების გაცნობიერებაში ეხმარება კარმული ჰოროსკოპი, რომელიც, ზოგად შტრიხებში, ასე გამოიყურება:
ვერძი – გრძნობათა გაღვიძება
თქვენ დაიბადეთ ბუნების გაღვიძების პერიოდში. გამოიყენეთ ეს! თქვენ მოგეცათ უზარმაზარი ენერგია, მაგრამ რად გინდათ ამხელა ენერგია მარტოს?! თქვენი კარმული დანიშნულებაა – ისწავლეთ ემოციის სხვა ადამიანებისთვის გაზიარება, იყავით უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურები, კეთილები და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.
კურო – მზის ქვეშ ყველასთვისაა ადგილი
ჯანსაღი საკვები, ბევრი თავისუფალი სივრცე და ლამაზი ნივთები ჰარმონიულ განვითარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ნუ დაივიწყეთ ახლობლებს. გახსოვდეთ, მათაც სჭირდებათ საკუთარი სივრცე განვითარებისთვის. მიეცით მეგობრებს და ნათესავებს საშუალება, ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი შეხედულებები, ნუ წაეჩხუბებით უმნიშვნელო რამისთვის.
ტყუპი – ურთიერთდაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლა
ურთიერთდაპირისპირებულები ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ თქვენი გონება და გული სულაც არ არის ჰარმონიაში. შეეცადეთ „შეარიგოთ“, დააბალანსოთ თქვენში დაპირისპირებული მხარეები და მაშინ სრულ ჰარმონიაში იცხოვრებთ.
კირჩხიბი – იცხოვრეთ დღევანდელობით
თქვენ დაიბადეთ მშვიდ და ნათელ დროს, როცა დღე იმდენ ხანს გრძელდება, რომ შეგიძლიათ მოასწროთ ყველა ჩანაფიქრის შესრულება, მაგრამ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ადვილად მოესწრება, დროის დაკარგვის შემდეგ კი წარსულის სინანულში იძირებით, ან მომავალზე ოცნებას მიეცემით. დაიმახსოვრეთ – თქვენთვის ყველაზე საინტერესო ხდება ახლა და ამ დროს! დატკბით იმით, რაც გაქვთ, ისწავლეთ ცხოვრება დღევანდელი დღით.
ლომი – სამყაროს ვერ შეცვლი
დაიმახსოვრეთ, ამ სამყაროში ბევრს ვერაფერს შეცვლით. თანაც, ღირს კი?! შეეცადეთ, ისწავლოთ სამყარო მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. ადამიანებთან ურთიერთობებისას უფრო დამყოლი და კეთილგანწყობილი იყავით, მაშინ ცხოვრება ბევრად უბრალო, უშუალო და ხალისიანი გახდება.
ქალწული – დროა შეაგროვოთ, მოიმკათ სამკალი
თქვენ იმ დროს გაჩნდით, როცა ნაყოფის მოგროვების დროა. გარკვეულ მომენტში ყველაფერი თქვენ გვერდით აღმოჩნდება. საჭირო დროს ვარსკვლავები თავად მიგიყვანენ საჭირო ადგილას, ამიტომ დაივიწყეთ მუდმივი საზრუნავი და ძალებს ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავთ. დაიმახსოვრეთ, უნდა ისწავლოთ მოთმენა და ენერგიის უფრო გონივრული გამოყენება.
სასწორი – ცხოვრება მრავალსახოვანია
შეხედეთ, როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ცხოვრება! – ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული ამოცანაა, უფრო რეალისტი იყოთ და მეტ სიბრძნეს ეზიაროთ.
მორიელი – დაკვირვებულობა და ზომიერების გრძნობა
განავითარეთ თქვენი დაკვირვებულობა და ზომიერების გრძნობა. ზოგჯერ ძალიან ჩქარობთ, ზოგჯერ კი გულხელდაკრეფილი და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავებული ზიხართ, მაშინ როცა საჭიროა გაქცევა. ისწავლეთ თვალი მიადევნოთ, მიჰყვეთ მოვლენებს და ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოთ.
მშვილდოსანი – გულისყურით მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას
განავითარეთ თქვენი ინტუიცია. ნუ დაკარგავთ ერთგულ ადამიანებს გაურკვეველი ეჭვების და რეალურად არარსებული მიზეზების გამო. შინაგანი ხმა გიკარნახებთ ყველაზე სწორ პასუხებს, თქვენი ამოცანაა, მოსმენა ისწავლოთ და დროულად გაიგონოთ.
თხის რქა – ნუ გეშინიათ ცვლილებებისა
კმაყოფილი ხართ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ზოგჯერ მცირე ქაოსს შეუძლია განწყობა აგიმაღლოთ, ხოლო გარშემომყოფების ინტერესი თქვენ მიმართ გაზარდოს. დროდადრო შეცვალეთ ცხოვრების რიტმი, აგრეთვე, შეცვალეთ წესი, რომლითაც ცხოვრებას მიეჩვიეთ. გახსოვდეთ, ყველაფერს სჭირდება განახლება, ურომლისოდაც წინსვლა და განვითარება შეუძლებელია.
მერწყული – მიჰყევით საყვარელ საქმეს
ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, ამიტომ გარშემომყოფნი ზოგჯერ სერიოზულად ვერც აღგიქვამენ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ და ბოლომდე მიჰყევით საყვარელ საქმეს. დაიმახსოვრეთ, რომ მერწყულის ნიშნით ყველაზე გენიალური გამომგონებლები, მეცნიერები, მხატვრები იბადებიან. ყოველთვის გახსოვდეთ: სამყაროს იმისთვის მოევლინეთ, რომ ის უკეთესი და უკეთესი გახადოთ.
თევზები – განივითარეთ ნებისყოფის ძალა
თქვენ ხშირად ირხევით, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, გამუდმებით ვიღაც რაღაცას გთხოვთ. ნუ ეცდებით, რომ ყველას სურვილს დაჰყვეთ. თქვენი კარმული დანიშნულებაა – ისწავლოთ ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება, დაისახოთ მიზანი და სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები