ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და იტალიის პოლიციამ ერთობლივი, ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს და 19 ადამიანი დააკავეს. ოპერაციამ, რომელშიც 200-ზე მეტი ოფიცერი იყო ჩართული, სიცილიურ მაფია „კოზა ნოსტრასა“ და ნიუ-იორკის გამბინოს კრიმინალურ ოჯახებს შორის ახალი კავშირები გამოავლინა.
ოპერაციის, სახელად „ახალი კავშირი“, მთავარი სამიზნე სწორედ ეს ორი კრიმინალური ოჯახი იყო: ინძერილოს კლანი სიცილიის დედაქალაქ პალერმოში და გამბინოს ოჯახი ნიუ-იორკში. 19 ეჭვმიტანილს, რომელთა დაკავების ორდერებიც გაიცა, ბრალი ედება მაფიასთან კავშირში, დამამძიმებელი გარემოებებით გამოძალვასა და თაღლითობაში.
ინძერილოს ოჯახი 80-იან წლებში დასუსტდა, მას შემდეგ, რაც „ბოსების ბოსს“ ტოტო რიინას შეერთებულ შტატებში გადასახლება მოუხდა. მაგრამ 2000-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 2017 წელს, ციხეში ტიტო რიინას გარდაცვალების შემდეგ, ინძერილოს ოჯახი ძალების აღდგენას და სიცილიაში ძველი ბიზნესების დაბრუნებას ნიუიორკელი გავლენიანი მოკავშირეების დახმარებით ცდილობდა.
პოლიციის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერებით, „კოზა ნოსტრასა“ და ნიუ-იორკის ორგანიზებულ დანაშაულს შორის ძლიერი კავშირები დგინდება. მათი ქმედებები ისეთ მრავალფეროვან ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა, როგორიცაა: აზარტული თამაშის ობიექტები, ონლაინ კაზინოები და საკვები პროდუქტის გაყიდვა.
დაკავებულთა შორისაა პალერმოს ერთ-ერთი პატარა ქალაქის, ტორეტის მერი, რომელიც მაფიასთან „გარე კავშირშია“ ეჭვმიტანილი. სპეცოპერაციის ფარგლებში ეჭვმიტანილებს დაახლოებით 3 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ჩამოერთვათ.
amerikiskhma.com
კომენტარები