მიგრაციამოგზაურობამსოფლიო

რისი შეტანის უფლება გაქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და რისი – არა?

მათთვის, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს, საბუთების მოწესრიგებაზე არანაკლებ საყურადღებოა იმ პროდუქტების ცოდნა, რომლებმაც, შესაძლოა, საზღვარზე პრობლემა შეუქმნან. ცოტამ თუ იცის, რომ სერიოზული შეზღუდვები ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში დამზადებული არ არის. მაგალითად, გერმანიაში რძისა და ხორცის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური პუნქტების მეშვეობით, სადაც მორიგე ვეტერინარები არიან და, ამასთანავე, ამ საქონელს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს.
შეზღუდვა რას გულისხმობს?

იმას, რომ სჯობს ტურისტებს თან არ ჰქონდეთ ყველი, იოგურტი, ხაჭო, კვერცხი, ძეხვი და ხორცის კონსერვები. გამონაკლისია საბავშვო და სამედიცინო კვების პროდუქცია, ასევე რძის მინიმალური შემცველობის პროდუქტები (რძიანი შოკოლადი ან ნაღების კანფეტი). ევროპელი მებაჟეები არც თევზისა და ზღვის პროდუქტებზე შეგიქმნიან პრობლემას, თუ ის 20 კილოგრამს არ აღემატება. მაგალითად, ერთ ადამიანზე დაშვებულია 125 გრამი ხიზილალა. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან უპრობლემოა თაფლიც, თუ ის 2 კილოგრამამდეა.

გერმანიის საზღვარზე სოკოს გადატანაც შეიძლება, თუ ის საკვებად ვარგისია და მისი წონა 2 კილოგრამამდეა. თუ სოკო რადიაქტიურ ზონაშია დაკრეფილი, მასზე სპეციალური ნებართვა ჯერ კიდევ გამგზავრებამდე უნდა აიღოთ. სხვა წესი მოქმედებს კარტოფილზე: მისი შეტანა კატეგორიულად აკრძალულია, ისევე როგორც ვაზის ფოთლის.

წამლებისა და ვიტამინების წაღება შესაძლებელია?

მოგზაურობის დროს საჭირო წამლების, ვიტამინებისა და საკვები დანამატების შეტანა შესაძლებელია, ოღონდ მაქსიმალური რაოდენობაა სამი თვის მარაგი. ეს წესი ნებისმიერ მედიკამენტზე ვრცელდება. არ აქვს მნიშვნელობა, ის რომელი ქვეყნის ექიმმა გამოწერა და რეგისტრირებულია თუ არა მედიკამენტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

აკრძალულია ყალბი წამლებისა და ნივთიერებების შეტანა. მოგზაურობის დროს შეგიძლიათ თან იქონიოთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, მორფინიც კი), თუ ისინი ექიმის რეცეპტით არის გაცემული. მაგრამ ეს რეცეპტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკონსულოს ან საელჩოს მიერ უნდა იყოს დამოწმებული.

სიგარეტი და ალკოჰოლი?

17 წელს გადაცილებულ ადამიანს ევროკავშირის ზონაში შესვლისას შეიძლება თან ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბლოკი სიგარეტი ან 50 სიგარა. ამ რაოდენობაზე მეტს საზღვარზე ჩამოგართმევენ. გერმანიის შემთხვევაში ამას ყოველ ზედმეტ სიგარეტზე ჯარიმის სახით 19 ცენტი დაემატება.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, ის 22 გრადუსზე მაგარი არ უნდა იყოს. ღვინის დასაშვები ნორმაა 4 ლიტრი, ლუდი კი – 16 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

შეზღუდვა ფულსა და ფასიან ნივთებზეც ვრცელდება?

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას 10 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული არ უნდა გქონდეთ. თუ მეტი თანხა ან უფრო ძვირადღირებული ფასიანი ქაღალდები მიგაქვთ, ეს აუცილებლად დეკლარაციაში უნდა მიუთითოთ. ფორმულარის შევსებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის საბაჟოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე თქვენ მიერ შეტანილი საქონლის საერთო ღირებულება 430 ევროს არ უნდა აღემატებოდეს თუ თვითმფრინავით ან გემით მგზავრობთ.

აკრძალულია გაყალბებული საქონლის, მაგალითად, პარფიუმერიის, ტანსაცმლის ან არალიცენზირებული DVD დისკების შეტანა.

კატას ან ძაღლს არ შემაყვანინებენ?

ძაღლები და კატები, რომელთა შეყვანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გინდათ, აუცილებლად დაჩიპულები და ცოფზე ახლად აცრილები უნდა იყვნენ. საზღვარზე წერილობით განცხადებასაც მოგთხოვენ იმის შესახებ, რომ ცხოველის გაყიდვას ან მესამე პირისთვის მის გადაცემას არ აპირებთ.

გამგზავრებამდე კატას ან ძაღლს სისხლის ანალიზი უნდა აუღოთ და ვეტერინარის ცნობა ინგლისურ ან შესაბამის ევროპულ ენაზე უნდა თარგმნოთ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ბევრად მკაცრად კონტროლდება ფრინველის შეყვანა, ფრინველის გრიპის საშიშროების გამო. კურდღლები, ზღვის ღორები ან ზაზუნები ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე შეგიძლიათ შეიყვანოთ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close