ისტორიამსოფლიოქართველები უცხოეთში

როგორ იქცნენ ემიგრანტი გურული მოჯირითეები „ველური დასავლეთის შოუს“ ვარსკვლავებად (ვიდეო)

ქართველი ცხენოსნები Wild West-ის (ინგ. „ველური დასავლეთი“) შოუებში 1892 წლიდან გამოჩნდნენ. რუსი კაზაკების სახელით ისინი საცირკო სანახაობებში მონაწილეობდნენ და მაყურებელს საოცარ ჯირითსა და ფოლკლორულ ცეკვა-სიმღერას უჩვენებდნენ. ეს სანახაობები ძალზე პოპულარული იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკელ კავბოებზე. შთაბეჭდილებას ახდენდა მათ მიერ ჯირითისას შესრულებული „სასიკვდილო“ ილეთები.

კაზაკების სახელით მოღვაწე ქართველები ძალიან პოპულარულები იყვნენ იმ პერიოდის ამერიკაში, მათ შესახებ წერდა მედია, ჰყავდათ თაყვანისმცემლები და ჰქონდათ კარგი ფინანსური შემოსავალი.

ყველაფერი კი ბათუმში ინგლისელი იმპრესარიო თომას ოლივერის ჩამოსვლით დაიწყო. ოლივერს სურდა კაზაკი ცხენოსნები წაეყვანა ამერიკაში საცხენოსნო შოუში მონაწილეობისთვის. ინგლისის საკონსულოში მან ლანჩხუთელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო და მისგან შეიტყო, რომ კაზაკების ცხენოსნობა არაფერი იყო გურულების ჯირითთან შედარებით.

შეიკრიბა ჯგუფი 18-25 წლამდე ასაკის 10 კაცისგან, რომელსაც ბახველი ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა. ეს იყო ქართველთა პირველი ჯგუფი აშშ-ში და მასში შედიოდა ამერიკაში სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი (აშშ-ში პრინცის სახელით ცნობილი).

30 წლის განმავლობაში აშშ-ში გურული მოჯირითეები ქართული ტრადიციული სამოსით, ჩოხით გამოდიოდნენ, თუმცა მათი ქართველობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა. „ველური დასავლეთის” შოუს ორგანიზატორები თავიდანვე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გურულ მხედართა ნამდვილ ვინაობას და გურულ მოჯირითეებს ხან რუს კაზაკებად, ხან რუსეთის კავკასიის კაზაკებად, ხან კი კავკასიელ ებრაელებად მიიჩნევდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close