ცხელი სეზონის გემრიელი ცივი წვნიანი – ტარატორი
ტარატორი ცივი წვნიანია, რომელიც ძალზე პოპულარულია ცხელ სეზონზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში (სადაც ტარატურს უწოდებენ). იგი მეორე კერძების წინ შემოაქვთ და მისი ძირითადი კომპონენტებია: მაწონი, კიტრი, ნიორი, კაკალი, კამა, ზეითუნის ზეთი, მარილი და სანელებლები. შეიძლება დაემატოს ყინული. ზოგჯერ კიტრის ნაცვლად მწვანე სალათას იყენებენ.
ბულგარეთში ტარატორის შესანელებლად სანელებლების დაფასოებული ნაკრები იყიდება.
სხვადასხვა ვარიაციით ეს კერძი პოპულარულია მეზობელ ქვეყნებშიც – თურქეთსა და ალბანეთში. მსგავსი შემადგენლობა აქვს ბერძნულ სოუს ძაძიკსაც.
ორიგინალური ტარტარი მაწვნით კეთდება, თუმცა ის შეიძლება ნატურალური, სქელი კონსისტენციის უშაქრო იოგურტით ან კეფირით ჩანაცვლდეს, ამ შემთხვევაში მას სიმჟავის მისაცემად ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის და ცედრის დამატება (ერთი საშუალო ლიმონის წვენი და ნახევარი ცედრა) დასჭირდება.
საჭიროა: 1 ლ მაწონი, 100 გ არაჟანი, 5 კიტრი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 150 გ კაკალი (შეგიძლიათ წინასწარ მოხალოთ); მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი დაჭრილი კიტრი, ზეთი, მარილი, პილპილი, მაწონი და არაჟანი. ათქვიფეთ. გადმოიღეთ ჯამზე. დარჩენილი კიტრი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ამ მასაში. ძა;ლიან წვრილად დაჭერით 1 კბილი ნიორი, ნიგოზი და კამაც და დაუმატეთ. შეგიძლიათ მწვანე ხახვის 4-5 ცალი ფოჩიც დაჭრათ და დაუმატოთ – უხდება. წვნიანი შეგიძლიათ ანადუღარი ცივი წყლით ან მინერალური წყლით გააზავოთ საჭირო კონსისტენციამდე. თუ ძალიან თხელი გამოგივიდათ, ფინჯნითაც შეგიძლიათ მიირთვათ. ასეთი კონსისტენციის ძალზე გემრიელია ხორციან კერძებთან.
კერძი ჭამამდე 2-3 საათით მაცივარში მოათავსეთ, ან თუ მომზადებისთანავე გინდათ მიირთვათ, თეფშზე გადმოღებისას ყინულის კუბები დაუმატეთ. გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.
რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ყინულის კუბები გადნება და კერძი გათხელდება, ამიტომ შესაბამისი კონსისტენციის მოამზადეთ.
თამარ ქავჟარაძე
პიტნის სიროფი: მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი
კომენტარები