საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

„ოპერაციის წარმატების გასაღები ყოველთვის ქირურგის თავშია და არა მის თუნდაც ჯადოქრულ ხელებში“

„რა დააბრუნებს თითქმის მთელი მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ევროპის წამყვან კლინიკებში გაბნეულ დასავლური სტანდარტებით განსწავლულ ქართველ ექიმებს დღეს ამ მხრივ ნაკლებად განებივრებულ საქართველოში?“ – ამ კითხვაზე ცნობილმა ქირურგმა გოგა მეგრელიშვილმა მეტისმეტად არადამაიმედებელი პასუხი გამცა: „კარგა ხანს, პრაქტიკულად, ვერაფერი, რადგან დასავლეთში მათ ბევრად უფრო დიდი ანაზღაურება, გაცილებით უკეთესი სამუშაო პირობები და პროფესიული ზრდის პერსპექტივა აქვთ“. თუმცა თავად ბატონმა გოგამ, საზღვარგარეთის რამდენიმე წამყვან სამედიცინო ცენტრში წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია…

ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციისა და ევროპის ონკოქირურგიული ასოციაციის ნამდვილ წევრს, სრულ პროფესორს გოგა მეგრელიშვილს დღევანდელი ქართული მედიცინის საჭირბოროტო საკითხებზე ვესაუბრეთ:

ბატონო გოგა, სადღაც წავიკითხე არცთუ მთლად უწყინარი ხუმრობა, რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების დონის ასამაღლებლად სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს პირველი სამი წელი მხოლოდ მათი პედაგოგებისთვის უნდა ამკურნალებინოო. თქვენ თუ ანდობდით საკუთარ ჯანმრთელობას ხვალ ან თუნდაც ზეგ თქვენს დღევანდელ სტუდენტებს?

ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, ვერ ვანდობდი.

ნუთუ ასეთი წყალწაღებული სტუდენტები გყავთ?

არა, ღმერთმა დაგვიფაროს, არიან მათ შორის ძალიან კარგებიც, მაგრამ ცოტა, თუმცა პირადად ჩემთვის კიდევ უფრო გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ ჩემს დღევანდელ სტუდენტებს შორის თითქმის ვერ ვხედავ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მთელი არსებით ენდომებოდათ ექიმობა და, რაც მთავარია, კარგად ექნებოდათ შეგნებული და ბოლომდე გასიგრძეგანებული, თუ რაოდენ ხანგრძლივ და მძიმე შრომასთან არის ეს დაკავშირებული. შეიძლება, ვცდები და ეს მაინც უფრო ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ბრალია, მაგრამ ბევრ მათგანს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

და თუკი მართლა მიაღწევენ, ამაში ცუდი რა არის?

ალბათ არაფერი. ოღონდ მედიცინაში ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და, მით უმეტეს, სიცოცხლეს ეხება, ყველაფერი მართლა ასჯერ კი არა, ათასჯერაც უნდა გაზომო, რადგან ექიმის ყოველ გადაწყვეტილებას, მის ყოველ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მაშ, ასე რატომ გაიშვიათდა და გაძვირდა კიდეც ჩვენში ექიმის კეთილი სიტყვა და რჩევა?

ვფიქრობ, რომ ეს მარტო ექიმების პრობლემა არ რის. ზოგადად, ადამიანები გავცივდით და გავუცხოვდით ერთმანეთის მიმართ, რაც, სამწუხაროდ, ექიმის და პაციენტის ურთიერთობაზეც აისახება.

და განსაკუთრებით მტკივნეულადაც აღიქმება. არავინ დავობს, რომ ექიმს თუნდაც მხოლოდ კონსულტაციის დონეზე გაწეული შრომა უნდა აუნაზღაურდეს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, უბრალოდ პირის გაღებაშიც ფული მოითხოვო?!

კი, არის ასეთი შემთხვევებიც… ვერ უარვყოფ… მაგრამ ამ გადაცდენებს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.

მაგალითად?

თუნდაც ისევ ექიმის შრომის ანაზღაურება ავიღოთ. უნდა გითხრათ, რომ ზუსტად იმავე სამუშაოსთვის, რასაც ჩვენ აქ ვეწევით, სხვა ქვეყნებში გაცილებით უფრო დიდი, ხშირად ბევრი ნულით განსხვავებული ანაზღაურებაა. ჩემი დასავლელი კოლეგებისთვის კი საერთოდ გაუგებარი და გაუგონარია ის, რაც ამ კუთხით ჩვენთან ხდება.

ალბათ თქვენი დასავლელი კოლეგების პაციენტებისთვისაც გაუგებარი და გაუგონარი იქნებოდა, ქართველი პაციენტების უმეტესობის ცარიელი ჯიბისა და და ამის გამო ხშირად მათი სრული გადახდისუუნარობის ამბავი რომ შეეტყოთ.

გეთანხმებით, ნამდვილად ასე იქნებოდა.

მაშ, სად არის გამოსავალი?

ჩვენს შემთხვევაში გამოსავლის დაკონკრეტება საქმეს ნაკლებად უშველის, რადგან მედიცინა ძალიან კაპიტალტევადი მიმართულებაა. შესაბამისად, მის განვითარებასაც დიდი ეკონომიკური რესურსები სჭირდება და თუ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ვერც მედიცინა ექნება სანიმუშო. მაგრამ, საბედნიეროდ, მედიცინას ძალიან დინამიკურად განვითარების უნარიც აქვს და, ამიტომაც, ვფიქრობ, ნამდვილად არ არის ძალიან შორს ის დრო, როცა დასავლურ მედიცინაში დამკვიდრებული ტექნოლოგიური, მენტალური და მორალური ფაქტორები ჩვენშიც მყარად მოიკიდებს ფეხს.

რაც ძალიან მისასალმებელი იქნებოდა, რადგან ქართველ ექიმებს პაციენტები და მათი ახლობლები, სხვა ყველაფერთან ერთად, დაუდევრობის, უყურადღებობის და უსუსლგულობის გამოც სულ უფრო ხშირად საყვედურობენ.

ასეთი შემთხვევები ერთეული მართლაც არ არის, მაგრამ ალბათ ასეთივე ხშირი იქნებოდა დასავლეთშიც, იქ რომ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა გარკვეული ნორმებით არ რეგულირდებოდეს. ჩვენთან კი ამ ნორმების, ჩარჩოების ჩამოყალიბება ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

ნუთუ მართლა ნორმები და ჩარჩოებია საჭირო, რომ გულისხმიერი ექიმი იყო? მაგალითად, ისეთი, როგორიც თქვენ ხართ? თქვენც და, საბედნიეროდ, კიდევ არაერთი თქვენნაირი ქართველი ექიმიც ხომ ჯერ არავის მოუქცევიხართ ასეთ მარეგულირებელ ჩარჩოებში და მაინც სამაგალითოები ხართ. მაშ, რა ხდება?

ჩემი კოლეგების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე პირადად ეს უკვე საკუთარ თავთან მორალური შეთანხმების მომენტი უფრო მგონია…

მაშინ გამოდის, რომ ჩვენში ბევრი ექიმი საკუთარ თავთან მთლად მორალურად შეთანხმებული ვერ უნდა იყოს…

რა არის, იცით?.. კარგი და ცუდი ადამიანები და, შესაბამისად, კარგი და ცუდი ექიმებიც ყველგან არიან. ის ექიმები, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობთ, ნებისმიერი სხვა პროფესია რომ აერჩიათ, ალბათ, იქაც ასე მოიქცეოდნენ.

მაგრამ ექიმის პროფესიული გულგრილობიდან პროფესიულ გადაცდომამდე ხომ ხშირად ერთი ნაბიჯიღაა. და იქნებ სწორედ ამიტომაც გახშირდა ასე ჩვენში საექიმო შეცდომები და გადაცდომები…

არ გახშირებულა, უბრალოდ, უფრო გამოაშკარავდა. ადრე, თუნდაც როდესაც მე ვიწყებდი ექიმობას, ბევრად უფრო მეტი იყო, ოღონდ სათანადოდ არ აღირიცხებოდა.

დავუშვათ. მაგრამ თუნდაც მხოლოდ აღრიცხვიანობის მოწესრიგების შედეგად მომრავლებული სამედიცინო შეცდომების ირგვლივ ალბათ ასეთი აჟიოტაჟი არ იქნებოდა ატეხილი, მათზე რომ, ძირითადად, ჟურნალისტები ან პაციენტები და მათი ახლობლები კი არ გავყვიროდეთ, არამედ, პირველ რიგში, თქვენვე, ექიმები იმაღლებდეთ ხმას და, ერთმანეთში პროფესიული მსჯელობის შემდეგ, დანარჩენ საზოგადოებასაც შეძლებისდაგვარად გვაკვალიანებდეთ.

ექიმის კვალიფიკაციის საკითხი, კონკრეტული ექიმის შეცდომა თუ გადაცდომა მაინც, ძირითადად, დარგობრივ წრეში, პროფესიულ ასოციაციაში უნდა განიხილებოდეს, რაც, მეტ-ნაკლებად, ჩვენთანაც ყოველთვის ხდებოდა, ბოლო ხანებში კი განსაკუთრებით გააქტიურდა. მაგალითად, ჩვენი ქირურგიული ასოციაცია ამ მხრივ ბევრად უფრო ქმედუნარიანი, ბევრად უფრო აქტიური გახდა, რასაც მე პირადად მხოლოდ მივესალმები, მაგრამ, საერთოდ, პოზიტიური ძვრები უცბად არ ხდება – ამას დრო სჭირდება. რაც შეეხება დღევანელ ვითარებას, უნდა გითხრათ, რომ სამედიცინო შეცდომების დაშვებას თანამედროვე ტექოლოგიების სულ უფრო აქტიური დანერგვა უკვე საგრძნობლად ზღუდავს და მომავალში კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს.

ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ იმასაც რომ ამბობენ, რად გვინდა თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები, თუ საქართველოში მათი პრაქტიკაში გამომყენებელი ხშირად საერთოდ არ მოიძებნებაო?

გააჩნია, სიხშირეში რას ვიგულისხმებთ. მსგავსი ნონსენსები სხვაგანაც ხდება, მაგრამ მომავალში აღარ მოხდება, რადგან ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი დაალაგებს და გააანალიზებს. მეტიც, ალბათ დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ მედიცინის უდიდესი ნაწილი სრულიად რობოტიზებული და ხელოვნურ ინტელექტზე გადასული იქნება, რისი არაერთი მაგალითიც უკვე გვაქვს.

თუმცა, როგორც ამ საქმეში ღრმად ჩახედულები ირწმუნებიან, ქირურგის „ინტელექტუალურ“ ხელებს ბოლომდე მაინც ვერაფერი შეცვლის.

შეცვლის და ამის ძალიან მკაფიო მაგალითი იყო დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელიც საბოლოოდ მანქანამ დაამარცხა. ასე მოხდება ქირურგიაშიც, რადგან რეალურად ოპერაციის წარმატების გასაღები ყოველთვის ქირურგის თავშია და არა მის თუნდაც ჯადოქრულ ხელებში.

ჯადოქრებს რომ თავი დავანებოთ, ბატონო გოგა, საქართველოში უბრალოდ კარგ ქირურგს, ზოგადად, კარგ ექიმს პაციენტები და მათი ახლობლები როგორი ხელისცეცებითაც ეძებენ და ზოგჯერ ეს „ხელისცეცება“ რაოდენ ტრაგიკულადაც სრულდება, ალბათ უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ…

რა თქმა უნდა… და ამის გამო ძალიანაც ვწუხვარ. მაგრამ სანუგეშოს მაინც ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ კუთხით ჩვენში ჯერჯერობით შეფასების დახვეწილი კრიტერიუმები არ არსებობს და მეჩვენება, რომ სამედიცინო სფეროც რაღაც ისეთივე მარკეტინგული მეთოდებით იმართება, როგორითაც, ვთქვათ, ვაჭრობის სფერო.

რას გულისხმობთ?

იმას, რომ ჩვენში საავადმყოფო და, ვთქვათ, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია თითქმის ერთნაირად ცდილობენ თავიანთი საქმიანობის წარმოჩენას. შესაბამისად, მედიცინას და ტანსაცმლის გაყიდვას დაახლოებით ერთნაირი მარკეტინგი აქვს, რაც საფუძველშივე არასწორია. და რადგანაც, ექიმის თუ კლინიკის შერჩევისას, პაცინეტიც ხშირად მხოლოდ იმას იჯერებს, რაც მისთვის თვალშისაცემი და ერთი შეხედვით მისაღები და მოსაწონია, საბოლოოდ მისი და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობა საკვების, ტანსაცმლის თუ მანქანის ყიდვა-გაყიდვას ემსგავსება.

ძალიან არასახარბიელო სურათი დაგვიხატეთ…

ვიცი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა… თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ თუ მე, როგორც ექიმი, კარგად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ჩემთვის ყველაზე დიდი რეკლამა ჩემ მიერ გაწეული შრომის ღირსეული დაფასება იქნებოდა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან ჯერ არც ეს საკითხია სათანადოდ მოგვარებული.

მაშ, რატომ არ დარჩით დასავლეთში, სადაც ექიმის შრომა ბევრად უფრო ადეკვატურად ფასდება?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ მშობლები, ოჯახი მყავდა აქ, ბავშვები აქ სწავლობდნენ. მე კი ოჯახზე ძალიან მიჯაჭვული ადამიანი ვარ.

არა მგონია, მონდომების შემთხვევაში, ცოლ-შვილის წაყვანა ძალიან გაგჭირვებოდათ.

ალბათ არა, მაგრამ…

გამოტყდით, რომ საქართველო გიყვართ ძალიან და ბოლომდე ვერაფრით შეელიეთ.

ამას გამოტყდომა რად უნდა?!.. რასაკვირველია, საქართველო ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ყველაფერი ერთად – ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი, ჩემი მეგობრები, ჩემი საქმე, სიცოცხლეშენარჩუნებული და ჯანმრთელობადაბრუნებული თითოეული ჩემი პაციენტია…

სიტყვამ მოიტანა და – ალბათ, როგორც ყველა ექიმს, პაციენტი თქვენც გარდაგცვლიათ…

სამწუხაროდ, კი… ჩემი თითოეული გარდაცვლილი პაციენტი დღემდე სახეზე, სახელით და გვარით მახსოვს, მაგრამ… სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში მედიცინა ბიოლოგიურ კანონზომიერებებთან ჭიდილში უძლურია…

კარგად მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და ჩვენი საუბრის ოპტიმისტურ ნოტზე დასასრულებლად იქნებ თქვენი დიდი პროფესიული გამარჯვებებიც ჩამოგეთვალათ.

იცით, როგორ არის?.. მე საოპერაციოში ყოველთვის გამარჯვების უდიდესი სურვილით შევდივარ და ვთვლი, რომ სწორედ ეს, მორიგი, კონკრეტული გამარჯვებაა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი…

ესაუბრა რუსუდან ლებანიძე

მსგავს თემაზე: ვენების ვარიკოზული დაავადება, პროფილაქტიკა და მკურნალობა – რას გვირჩევს ექიმი?

ქართველი ექიმი დიდ ბრიტანეთში: „რაც თავი მახსოვს, ემიგრანტი ვარ“

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close