fbpx
საზოგადოებასაქართველო

ნუთუ თვალწინ არ ედგა დედის თვალები?

კიდევ ერთი ყულფი, რომელმაც თავისი გაიტანა… კიდევ ერთი სიცოცხლე, რომელმაც გადაწყვიტა დასრულებულიყო და დასრულდა… კიდევ ერთი ძაძებით შემოსილი დედა, კიდევ ერთი გაუბედურებული მამა, ატირებული მეგობრები, დათრგუნული ნაცნობები და უცნობები, შეგრძნება იმისა, რომ სუიციდი სენს დაემსგავსა, უამრავი უპასუხო შეკითხვა: რატომ? ვის გამო? როგორ? როდემდე?..

წარმოუდგენელია თავი ბედნიერად იგრძნო იქ, სადაც ცხოვრების გზაზე ჯერ არშემდგარი ბავშვები გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავენ. იღებენ თოკს, მიდიან ტყეში, ბოსელში, სარდაფში და მიდიან… გაურბიან ვიღაცას, რაღაცას ან საკუთარ თავს, გასაქცევად კი ირჩევენ გზას, რომელიც ყველაფერს შლის და ანადგურებს, რაც კი მანამდე ყოფილა, იმასაც, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო…

იგებ შემზარავ ისტორიას ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვის თვითმკვლელობაზე და აზრებს ვერ უყრი თავს, არ იცი, რა იფიქრო, წარმოდგენაც კი გიჭირს იმისა, თუ რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ხვდებოდნენ, ელაპარაკებოდნენ, უყვარდათ… მერე თავის ატკივებამდე ფიქრობ, რას მიჰყავს ბავშვები აქამდე, რა უმღვრევს მათ ასე ფსიქიკას? იქნებ ბავშვების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, სათუთ შინაგან სამყაროს სხვაგვარად ფერება სჭირდება და პრობლემებში ჩაძირულ ადამიანებს ეს დაგვავიწყდა. იქნებ მათ სწორ გზაზე დადგომისთვის ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ვერ გვთხოვენ, რადგან ყველანი დაღლილები ვართ რაღაცით. ვინ იცის, იქნებ უბრალო ემოციების სიტყვებად ქცევა და სწორად გამგებისთვის მოყოლა შველოდეს ყველაფერს…

ბოლოს თავის ფეისბუქგვერდზე ქართველი მწერლის, ტორესა მოსის სიტყვები გაუზიარებია: „რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?“ „იმის, რომ დავიღლები და დავნებდები. კიდევ იმის მეშინია, რომ ფსიქიკა ვერ გაუძლებს და გავგიჟდები“. ამ ფრაზების თავზე მისი ხელით აკრეფილი შემდეგი რამ წერია: „გჯეროდეს შენი მომავლის, რადგან შენი მომავალი განსაკუთრებულია და ამაში შენი საყვარელი ადამიანები გეხმარებიან და ეს არის შენი საყვარელი ოჯახი. დედა და მამა“. ვინ იცის, რას ფიქრობდა ამის დაწერისას, ვინ იცის… შემთხვევითობები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი. ამ სიტყვების უკან იმაზე მეტი ფიქრი, მომავლის განცდა, საკუთარ თავთან ბრძოლა და მარცხი დგას, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს…

ნუთუ თვალწინ არ ედგა დედის თვალები, მამის სახე? ნუთუ არ გაიფიქრა, მისი სუიციდის უკან სხვების სიკვდილიც რომ იყო ჩასაფრებული? ნუთუ ვერავინ ვერაფერს მიხვდა? ნუთუ არ ეტყობათ ადამიანებს, რომ მეტის ძალა აღარ შესწევთ და თავს მოიკლავენ?..

რამდენი კითხვაა და არცერთი პასუხი…

ნინო წულაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close