ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუკულტურა

მარიამ რუხაძე – ემიგრანტი ქართველი ხელოვანი, რომელიც „ეპიდავროს“ სცენაზე ითამაშებს!

„ჩვენს დროში ჩვენი საუკეთესო „მეგობრები“ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები არიან. ვლაპარაკობთ ჩვენს საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან „მესინჯერის“ ან „სკაიპის“ საშუალებით და დაკარგული გვაქვს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, ჩახუტება, მოფერება, თვალებში ჩახედვა… ეს არის ჩვენი ეპოქის მართლაც სერიოზული პრობლემა, რომელიც ძალზე მაღელვებს, როგორც ადამიანს და როგორც ხელოვანს, და მინდა ხელოვნების საშუალებით გარკვეულწილად შევებრძოლო მას“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას საბერძნეთში მცხოვრები მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, მსახიობი მარიამ რუხაძე, რომელიც მალე ბევრისთვის საოცნებო ძველი ბერძნული თეატრის – „ეპიდავროს“ სცენაზე ითამაშებს, თანაც ცნობილ ქართველ მსახიობთან, დავით მალტეზესთან (მაღალდაძე) ერთად.

გარდა ამისა, სულ ახლახან მარიამის მიერ მეგობრებთან ერთად გადაღებულმა ვიდეოკლიპმა „Κι άλλα Λάικ“ („კიდევ მეტი ლაიქი“) დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ვიდეოკლიპის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მარიამია. თუ როდის და როგორ აღმოჩნდა იგი საბერძნეთში, რა გზა გაიარა დღემდე და როგორია მისი შემოქმედებითი გეგმები, ამაზე ინტერვიუში ვისაუბრებთ, საუბარს კი სწორედ ზემოთ ნახსენები ვიდეოკლიპით დავიწყებით.

მარიამ რუხაძე:

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ გესაუბროთ და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს, რადგან ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, გამიცნოს ჩემი ქვეყნის ხალხმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემსავით მშობელი ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში იმყოფებიან საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. იმ ადამიანებმა, ვისაც უფრო მეტად გვესმის და ვიზიარებთ ერთმანეთის ბედს.

რაც შეეხება ვიდეოკლიპს, მისი გადაღების იდეა ჩემს მეგობართან და ყოფილ თანაკურსელთან, პანოს ზიგუროსთან/ Panos Zygouros ერთად დაიბადა. ჩვენ ერთად ვსწავლობდით საბერძნეთის ეროვნული თეატრის დრამატულ სკოლაში. თავდაპირველად დავწერე მუსიკა და ტექსტი, რომლითაც მინდოდა შევხებოდი დღევანდელი ახალგაზრდების (და არა მარტო) ურთიერთობას, ინტერნეტით ურთიერთობებს, ფეისბუქს, ინსტაგრამს და ა. შ. შემდეგ ვიმღერე ერთ-ერთ კონცერტზე და სიმღერამ უდიდესი ინტერესი დაიმსახურა, გამოხმაურებაც დიდი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კლიპი და უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო და გვეჩვენებინა; შესაძლებლობა მიგვეცა, რომ მოესმინათ არა მარტო მუსიკა, არამედ ვიდეოკლიპის საშუალებით შეეგრძნოთ კიდეც მისი შინაარსი.

მუშაობა დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ და შემოვიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც თავიანთი სურვილით შემოგვიერთდნენ. ყოველდღიურად საათობით გვიხდებოდა მუშაობა და ენთუზიაზმიც უფრო იმატებდა. სცენარი მოვამზადეთ, მოვძებნეთ შესაბამისი ადგილები გადასაღებად და შედეგმაც არ დააყოვნა. ვიდეოკლიპის გამოჩენის შემდეგ ბევრი აღფრთოვანებული ადამიანი გვეხმიანებოდა და გვილოცავდა წარმატებას, ჩვენც ბედნიერები ვიყავით, რადგან ეს ჩვენი პირველი ნამუშევარი იყო ამ სფეროში.

ჩემთვის ეს ვიდეოკლიპი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მე, მარიამი, ვასრულებ ყმაწვილი კაცის როლს, რომელიც ფეისბუქის საშუალებით გაუმიჯნურდება ერთ მომხიბვლელ გოგოს (ამ გოგოს როლშიც მარიამია – თ. ო.). ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თეატრის სცენაზე ვითამაშე მამაკაცის როლი. ამ კლიპის ნახვა ფეისბუქზე და იუთუბზე ყველას შეუძლია.

მარცხნივ: მარიამი – ახალგაზრდა კაცის როლში
კადრი კლიპიდან. მარცხნივ – მარიამ რუხაძე

ჩვენი საიტის საშუალებითაც აუცილებლად ნახავს ფართო საზოგადოება… მანამდე, მარიამ, მოდი, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით საბერძნეთში? რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ უცხო გარემოში ცხოვრების პირველ ეტაპზე?

დავიბადე საქართველოში, თბილისში, სადაც ჩემი ცხოვრების პირველი 6 წელი გავატარე. საქართველოდან ძალიან ლამაზი მოგონებები მომყვება: მეგობრებით სავსე ბავშვობის წლები, ეზოში თანატოლებთან ერთად თამაში, ბებიები და ბაბუები, დიდი და ერთიანი ოჯახი ბევრი ნათესავით, რომლებიც, სამწუხაროდ, საბერძნეთში წამოსვლით ძალიან დამაკლდნენ.

საბერძნეთში ჩემი ბებია ცხოვრობდა ბერძენ მეუღლესთან ერთად, რომელმაც ჯერ მამა წამოიყვანა უკეთესი ცხოვრებისთვის და მოგვიანებით მე, ჩემი ძმა და დედაც შევუერთდით.

პირველი წელი საბერძნეთში და, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ერაპეტრაში, სადაც გავიზარდე, საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გვაკლდა, ბერძნული ენის არცოდნა, უმეგობრობა დიდი პრობლემა იყო, საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი და რატომ.

როდესაც დავიწყე ბერძნული ენის სწავლა, სკოლაში სიარული და ახალი მეგობრებიც თანდათან შევიძინე, შევეგუე ახალ ცხოვრებას, მაგრამ მეგობრები, რომლებიც თბილისში მყავდა, არასოდეს დამვიწყებია და ჩემი სამშობლოც ყოველთვის მაკლდა.

ჩემმა მშობლებმა, რომლებსაც დიდი სიყვარული ჰქონდათ ხელოვნების მიმართ, პატარა ასაკიდანვე იზრუნეს ჩემზე და შევისწავლე ვიოლინოზე დაკვრა. მათი დიდი დამსახურებაა, მე და ჩემს ძმას მუსიკის სიყვარული რომ ჩაგვინერგეს. ბავშვობიდან ბევრ კულტურულ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი.

ასე გავიდა წლები. სკოლაში ბევრჯერ შევხვედრივარ განსხვავებულ დამოკიდებულებას უცხოელის მიმართ როგორც კლასელებისგან, ისე მასწავლებლებისგან. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც რასისტული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემი და ჩემი ძმის მიმართ, მაგრამ უმეტესობა ისეთი ადამიანები იყვნენ, ვინც სიყვარული და თანადგომა დაგვანახვეს. ლიცეუმის ბოლო კლასში გავიცანი რამდენიმე საუკეთესო პედაგოგი, რომლებმაც თითქოს გზა გამინათეს და დამანახვეს, რა მინდოდა გამეკეთებინა ცხოვრებაში. ეს ადამიანები ყოველთვის მახსოვს და მათ წინაშე ქედს ვიხრი: ესენი არიან მარია მეტაქსაკი და დესპინა ვარსამიდუ.

მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან მოგყვებათ, პროფესიული არჩევანი კი მსახიობობაზე გააკეთეთ, რატომ? რამ განაპირობა ეს, რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ, გენეტიკამ თუ ამაზე დიდხანს ფიქრობდით და სურვილი აისრულეთ?

საბერძნეთში არსებობს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ლიცეუმის დამთავრების 2 წლით ადრე მოსწავლე ირჩევს, ჰუმანიტარული განხრით სურს სწავლის გაგრძელება თუ ტექნიკური. მაშინ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა მინდოდა: მასწავლებლობა, ფსიქოლოგობა, ექიმობა თუ სხვა რამე, – მაგრამ ხელოვნების სიყვარულის გამო ჰუმანიტარული განხრით წავედი.

ერთ დღესაც ჩვენმა მასწავლებელმა პოპი დასკალაკიმ სკოლაში თეატრალური ჯგუფი შექმნა და მეც ჩავეწერე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარ გოგოსთან, ერკინდა რისტასთან ერთად. ძირითადად, გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით, თეატრის საშუალებით კი გაგვეცდინა ის საგნები, რომლებიც არ გვაინტერესებდა (იცინის).

ვგრძნობდი, რომ რეპეტიციები ძალიან მომწონდა და ბედნიერი ვიყავი. ერთ დღესაც, როდესაც რეპეტიციიდან დავბრუნდი, სულმოუთქმელად ველოდი, როდის დაბრუნდებოდა დედა სამუშაოდან, რომ მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი მეთქვა.

ასეც მოხდა! დედას ვუთხარი: „დე, იცი, რა მინდა რომ გავაკეთო ცხოვრებაში? მინდა, მსახიობი გავხდე, იმიტომ, რომ მსახიობში ყველაფერი გაერთიანებულია: მუსიკა, ცეკვა, პოეზია, პროზა, მთელი ხელოვნება… მინდა ყველაფერი ვიყო ერთად!!! “ ასე დაიწყო ჩემი „მოგზაურობა“ თეატრალურ სამყაროში.

ვმონაწილეობდი თეატრალურ წარმოდგენებში იერაპეტრაში, სანამ სკოლას დავამთავრებდი, მერე კი ათენში გადმოვედით და ჩემი ოცნებაც ახდა – უმაღლესი ქულებით საბერძნეთის სახელმწიფო თეატრის დრამატული სკოლის სტუდენტი გავხდი. შარშან დავამთავრე, ახლა ვმოღვაწეობ თეატრში, როგორც მსახიობი და ვცხოვრობ ისე, როგორც ოცნებაში წარმომედგინა.

მარიამი დედასთან – ხათუნა მაღალდაძესთან ერთად

ცნობილ მსახიობს, დედათქვენის (ხათუნა მაღალდაძე – რედ.) მოგვარეს, დავით მალტეზეს (მაღალდაძე) თუ იცნობთ, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს?

კი, ვიცნობ დავით მალტეზეს, ჩემი კარგი მეგობარია. მას დიდი და ძნელი გზა აქვს გავლილი მიზნის მისაღწევად. შესანიშნავი ადამიანი და არაჩვეულებრივი მსახიობია. დიახ, დედაჩემის მოგვარეა – მაღალდაძე და ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ ბიძაშვილები ვართ და ნათესაური კავშირიც ალბათ იქნება ჩვენ შორის.

თუმცა ეს ყველაფერი არაა! ამ ზაფხულს მე და დავითი ძველი ბერძნული თეატრის – „ეპიდავროს“ სცენისთვის ვემზადებით, სადაც ვითამაშებთ ესქილეს (ძველი ბერძენი ტრაგიკოსი პოეტი) ნაწარმოებში, დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ ტრილოგიაში „ორესტეა“. დავითი პირველ ნაწილში იქნება, მე კი – მესამეში. ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რამდენად წარმოუდგენელია უცხო ქვეყანაში ორი ქართველი მსახიობის ერთი და იმავე სპექტაკლში ერთდროულად თამაში. იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთად მუშაობა. დავითს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვამაყობ მისით.

საერთოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს მომეცა შესაძლებლობა, ვითამაშო ძველი ბერძნული თეატრის, „ეპიდავროს“ სცენაზე. იქ თამაში თითოეული მსახიობის ოცნებაა. ვფიქრობ, რომ ბედმა უზომოდ გამიღიმა, რეჟისორმა გეორგია მავრაღანიმ მიმიწვია სპექტაკლში სათამაშოდ და მომცა შანსი, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც უძველესი თეატრის სცენიდან თავის სათქმელს იტყვის.

რა არის თქვენი სათქმელი?

სათქმელი ის იქნება, რომ ჩვენ, ქართველებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვეძლება ჩვენი ნიჭისა და მეობის წარმოჩენა.

საინტერესოა, რა როლის თამაშზე ოცნებობთ?

ვერ გამოვყოფდი რომელიმე როლს, რომლის თამაშიც მინდა ან ვოცნებობ, თუმცა ჩემი საყვარელი გმირები არიან: სონია დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელიდან“, მაშა ჩეხოვის „თოლიადან“, ან ელექტრა და ფესტე შექსპირის „მეთორმეტე ღამიდან“.

ჩემთვის ყველა როლი მაგიური და მნიშვნელოვანია!.. ასე ვხედავ მე მათ. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორისგან, სტათის ლივათინოსისგან ასეთი რამ ვისწავლე: დავაკვირდე ცხოვრებას, ვიპოვო და ყურადღება მივაქციო იმას, რასაც სხვა ადამიანები არაფრად აგდებენ და უმნიშვნელოა მათთვის.

მოკლედ, ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ არ არსებობს არცერთი როლი, რომელზეც ვოცნებობ, არამედ ვოცნებობ ყოველი როლის განსაკუთრებულობაზე, მის მაგიაზე და იმაზე, თუ როგორ შევძლებ მის განსახიერებას ხალხისთვის.

საქართველოში თუ ხედავთ საკუთარ თავს მსახიობის ამპლუაში?

ჩემს ქვეყანაზე ხშირად ვფიქრობ. ის ჩემს გულშია და ძალიან მიყვარს. ვიცი, საიდან მოვდივარ და ეს არასოდეს მავიწყდება. ვისურვებდი როდესმე დაბრუნებას საქართველოში და ქართულ თეატრში ჩემი წვლილის შეტანას, როგორც მსახიობის, მეტიც, როგორც რეჟისორისაც კი.

არ ვიცი, როგორ შევძლებ საქართველოში ცხოვრებას, რადგან ჩემი ცხოვრება აქ, საბერძნეთში აეწყო, შერეული ვარ ბერძნულ საზოგადოებას, მენტალიტეტს, ცხოვრების წესს, მაგრამ უდიდეს ბედნიერებას განვიცდი, როცა საქართველოში ვარ, ახლობლების გარემოცვაში, მშობლიურ ჰაერს შევიგრძნობ და შევყურებ მის ლამაზ ცას, მშობლიურ ხალხს, მივირთმევ საოცარ ქართულ კერძებს!

საქართველო ერთია და ის განუმეორებელია! მიყვარს და ყოველთვის მეყვარება!

ნოსტალგია შემოგაწვებათ ხოლმე?

ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო წარსულზე, იმაზე, რაც იყო, რაც მქონდა და რაც არა! წარსულმა გაიარა! მნიშვნელოვანი ის არის ჩემთვის, თუ რას მთავაზობს აწმყო, რადგან სინამდვილეში მხოლოდ დღევანდელი დღე არსებობს, წარსულს ვერ დავიბრუნებთ და ხვალ რა იქნება, არც ის ვიცით.

თქვენმა ბერძენმა მეგობრებმა რა იციან საქართველოს შესახებ?

სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეგობრებს გარკვეულწილად შევაყვარე საქართველო. ხშირად მოუსმენიათ ჩემთვის, როგორი აღფრთოვანებით ვლაპარაკობ ჩემს სამშობლოზე. უმეტესობის სურვილია ესტუმრონ საქართველოს და მოინახულონ ეს ლამაზი ქვეყანა.

რამდენჯერმე თვითონ მოვუმზადე მათ ხინკალი, ხაჭაპური და ძალიან მოეწონათ. ერთხელ გურამი ბაბუას ჭაჭაც კი გავასინჯე და ერთ ჭიქაზე დათვრნენ.

ჩემი მეგობრები, ასე თუ ისე, იცნობენ ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას. ყოველთვის, როდესაც ქართულად ვმღერი რამეს, სულგანაბული მისმენენ და უხარიათ. სხვათა შორის, ჩემს თანაკურსელებს ვასწავლე ორი ქართული სიმღერა („ქუჩა-ქუჩა დავდივარ“ და „ცანგალა და გოგონა“), რომლებსაც მრავალ ხმაში ვმღეროდით მუსიკის ლექციებზე.

თქვენ რა მოგწონთ ბერძნულ საზოგადოებაში?

საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. აქ გავიზარდე, აქ შევედი სკოლაში, აქ მივიღე განათლება, აქ შევიძინე მეგობრები, აქ მომიხდა ყველა მძიმე თუ ძვირფასი წუთის გადატანა. ასევე მიყვარს ზღვა, მზე, საბერძნეთის ულამაზესი კუნძულები და მისი უგემრიელესი სამზარეულო. ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, შეგიძლია ამოირჩიო ვინ, როგორი ადამიანი გინდა იყო – დიდი არჩევანი გაქვს.

საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც საშუალებას გაძლევს, იყო ხელოვანი და შენი შემოქმედებით, ასე თუ ისე, მოაგვარო პრობლემები. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის არჩევანიცაა, რადგან დღევანდელ საზოგადოებაში ძალიან ცოტა თუ ირჩევს სინამდვილეს, სამართლიანობას და უბრალოებას.

თქვენი თაობის ემიგრანტების პრობლემად რას თვლით?

ჩემი თაობის ემიგრანტები, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ეს არის რასიზმის და თანასწორუფლებიანობის პრობლემა, საბუთებთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანური უფლებების დაცვა. ეს ის სირთულეებია, რომლებიც ახალგაზრდებს უძნელებს ცხოვრებას, აბნევს და არ გვეხმარება, გავარკვიოთ, რა გვინდა და რა შეგვიძლია ამ ცხოვრებაში. ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც, ვფიქრობ, დრო სჭირდება.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში ჩვენი საუკეთესო მეგობრები მობილური ტელეფონები და ლეპტოპებია. ვლაპარაკობთ ჩვენს საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან „მესენჯერის“ ან „სკაიპის“ საშუალებით და დაკარგული გვაქვს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, ჩახუტება, მოფერება, თვალებში ჩახედვა. ეს არის მართლაც სერიოზული პრობლემა ჩვენი ეპოქის, რომელიც ძალზე მაღელვებს, როგორც ადამიანს და როგორც ხელოვანს, და მინდა ხელოვნების საშუალებით გარკვეულწილად შევებრძოლო მას.

ჩემი ვიდეოკლიპიც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას.

დღევანდელ საქართველოს როგორ ხედავთ შორიდან?

ჩემი თვალით დანახული საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი ეკონომიური და პოლიტიკური პრობლემა აქვს. ვფიქრობ, მეტი ახალი იდეა სჭირდება საქართველოს და უფრო მეტი გახსნილობა. მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი გასავლელი გზა აქვს და იმედია, ახლო მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ასევე, საქართველო ჩემთვის არის ქვეყანა, რომელიც თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით ყოველთვის ენერგიით მავსებს და ეს ენერგია ყოველ ჩემს საქმიანობაში თან მდევს. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა: როდესაც ქართულად მღერი, თვალწინ შენი წარმომავლობა მიდგება, ძლიერი ქართული ხმა გაქვსო. მე ძალიან ამაყი ვიყავი ამით!!!

თქვენი მიზანი რა არის, რას გინდათ მიაღწიოთ?

მიზანი? მე უფრო ოცნებას ვიტყოდი. ბევრი ოცნება მაქვს და სწორედ ეს მეხმარება, ვიყო შემართებული ცხოვრებაში – ვიოცნებო და ვიფიქრო იმაზე, თუ რამდენი რამ მინდა გავაკეთო.

ამჟამად დაკავებული ვარ თეატრით, ვმუშაობ, როგორც მსახიობი, ასევე ვწერ მუსიკას, ვმღერი და მინდა გავაგრძელო ამ ყველაფრის კეთება.

მინდა ვითამაშო საბერძნეთის და სხვა ქვეყნების დიდ და ცნობილ სცენებზე; მინდა შევქმნა ერთგვარი სქემა მუსიკაში, სადაც დაინტერესებული პირები ვიმღერებთ სხვადასხვა ქვეყნის სიმღერებს, ხალხურ სიმღერებს; მინდა ვიცხოვრო იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ; მინდა გავუზიარო ჩემი შემოქმედება ხალხს. და, რაც მთავარია, მინდა, რომ არასოდეს გამიქრეს ოცნებების სურვილი!

ლაშა რუხაძე

აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზროვნების განვითარებასა და ცხოვრებაზე ამგვარი შეხედულების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემმა ძმამ – ლაშა რუხაძემ (მუსიკოსი და მომღერალი), რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, წერს მუსიკას, ტექსტებს, ჰყავს თავისი ჯგუფი და სულ მალე გამოსცემს დისკს. ლაშა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვიცნობ ცხოვრებაში, თავისუფლების შეგრძნების უდიდესი გამოვლინებით. ის ბევრს მოგზაურობს, უამრავი მეგობარი ჰყავს და სადაც მიდის, ყველა ქვეყნის ხალხს თავის მუსიკას, შემოქმედებას აცნობს და უზიარებს.

ჩემი დიდი ოცნებაა ჩემს ძმასთან ერთად სიმღერის შექმნა და მასთან ერთად სიმღერა! ვფიქრობ, ამას მალე შევძლებთ.

დაბოლოს, მოდი, დაასრულეთ ფრაზა: მჯერა, რომ…

ალბათ მცირედი შესწორებით ვიტყოდი, თუ რის მჯერა!

მჯერა ადამიანების, მჯერა სამართლიანობის, მჯერა ხელოვნების და მჯერა დღევანდელი დღის.

მჯერა, რომ ადამიანი ყოვლისშემძლეა და თუ მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს. ეს კი ჩემი ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელოვანესი ადამიანისგან, დედაჩემისგან – ხათუნა მაღალდაძისგან ვისწავლე, უძლიერესი ქალისგან, რომლისთვისაც საფრთხე არ არსებობს და ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის. და საერთოდ, მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ამ ქვეყნად მომავლინეს და ვარ ისეთი, როგორიც ვარ!

გმადლობთ, მარიამ! თქვენი წარმატებები მუდამ გაგვახარებს!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

ნახეთ ვიდეოკლიპი „Κι άλλα Λάικ“ („კიდევ მეტი ლაიქი“):

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close