ისტორიაქართველები უცხოეთშიინტერვიუ

კარლსრუეს უნივერსიტეტის ქართველი დოქტორანტი და ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918 წელს

31 წლის გიორგი ასტამაძე კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორანტია და ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობს – გერმანულ-კავკასიური ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს. გიორგიმ თავის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას დღემდე გამოუყენებელ არქივებს და უცნობ მასალებსაც მიაკვლია, რომლებიც იმ პერიოდის ისტორიული ურთიერთობების სურათს უფრო სრულყოფილ „ფერებში“ წარმოაჩენს. დეტალებზე ახალგაზრდა მეცნიერი ვრცელ და ინფორმაციულ ინტერვიუში თავად გვესაუბრება.

გიორგი, როგორც ვიცი, კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობთ. როდის და როგორ წახვედით სასწავლებლად გერმანიაში?

სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე 2004 წელს, დედაქალაქის 24-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ. ბაკალავრიატი 2008 წელს დავამთავრე, დიპლომატიის ისტორიის სპეციალობით, შემდეგ ისევ თსუ-ს მაგისტრატურაში ვსწავლობდი ევროპა-ამერიკის უახლესი ისტორიის სპეციალობით.

2010 წელს, მაგისტრატურის სამი სემესტრის გავლის შემდეგ, გერმანიაში წავედი ერთი წლით, სპეციალური პროგრამით; გერმანულ ოჯახში ვცხოვრობდი და პარალელურად ენის კურსებს გავდიოდი. იმ პერიოდში დავწერე სამაგისტრო ნაშრომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ჩამოვედი საქართველოში 2011 წლის დასაწყისში და დავიცავი. 2011 წლის ზაფხულიდან კი კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩავირიცხე ევროპათმცოდნეობის მიმართულებაზე, ისტორიის განხრით. გერმანული მაგისტრატურა დავამთავრე 2014 წელს.

2015 წლიდან იმავე უნივერსიტეტში ვირიცხები დოქტურანტურაზე და ვწერ ნაშრომს გერმანულ-კავკასიური ურთიერთობების შესახებ პირველი მსოფლიო ომის დროს.

რატომ აირჩიეთ ეს თემა?

1918 წელს გერმანელების როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში ვრცელი ნაშრომი ქართულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მინდოდა, როგორც გერმანული და ევროპული, ისე ქართული წყაროების და არქივების დამუშავებით, დამეწერა ისეთი ნაშრომი, რომელიც ორივე მხარისთვის (ქართული და გერმანული) საინტერესო იქნებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ნაშრომი საქართველოს ისტორიის ამ ცარიელ ფურცელს შეავსებს?

დიახ, მიზანი ესეც არის. არსებობს პირველი მსოფლიო ომის შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოცემული კარგი წიგნი საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის (იგივე ქართული კომიტეტის) მუშაობის შესახებ გერმანიაში, რომლის ავტორია ლაშა ბაქრაძე, თუმცა ეს მაინც სხვა თემაა. ჩემი თემა ეხება უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებას და გერმანიის მისიას საქართველოში 1918 წელს.

საინტერესოა, რამდენად ხელმისაწვდომია მასალა, სად მუშაობთ, რომელ არქივებში ეძებთ ინფორმაციებს და რა მნიშვნელოვან დოკუმენტებს წააწყდით, რომლებიც აქამდე არ იყო ცნობილი? თუ იყო შემთხვევა, რომ თქვენ ნახეთ დოკუმენტი, რომლის შესახებაც ისტორიკოსებს, მეცნიერებს ინფორმაცია არ ჰქონდათ?

დიახ, იყო. მაგალითად, ფრიდრიხ შულენბურგის არქივი აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი (ფრიდრიხ შულენბურგი გერმანიის წარმომადგენელი იყო კავკასიაში 1911-1913 წლებში, ვიცე-კონსული, თბილისში მუშაობდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. შემდეგ, 1918 წელს ასევე დიპლომატიური წარმომადგენელი იყო და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ და კავკასიურ პოლიტიკურ ელიტასთან). დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში მისი ერთ-ერთი მემკვიდრე მოვძებნე, დავუკავშირდი და გავიგე, რომ ეს მასალები ბოლო პერიოდში მას გერმანიის ფედერალური არქივისთვის გადაუცია. მომეცა შესაძლებლობა, ეს მასალები მენახა.

ვნახე მეორე გერმანელი წარმომადგენლის, კრეს ფონ კრესენშტაინის პირადი არქივიც, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი.

ზოგადად, არქივებში დაცულ მასალებს რაც შეეხება, გერმანიაში და არა მარტო გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, ბრიტანეთში არის საკმაოდ ბევრი მასალა, რომელიც ქართველ მეცნიერებს აქამდე არ დაუმუშავებიათ, ცალკეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.

გერმანიაში რამდენიმე არქივში ვიმუშავე; ყველაზე ბევრი მასალა არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში, სადაც 11 000 გვერდის ფოტო გადავიღე და ელექტრონული ფორმით მაქვს, ნახვით კი, ცხადია, გაცილებით მეტი ვნახე. საინტერესო მასალებია გერმანიის ფედერალური არქივის ორ განყოფილებაში: ბერლინ-ლიხტერფელდეში, სადაც კერძო არქივების ფონდია (იქ ინახება ზუსტად შულენბურგის არქივი) და ფრაინბურგში, სადაც გერმანიის სამხედრო არქივია, რომელშიც დაცულია საზღვაო ომის მასალები და სამხედრო-სახმელეთო ძალების მასალების გადარჩენილი ნაწილი. ქ. ნიურნბერგში ინახება კრესენშტაინის პირადი არქივი, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გერმანიის კავკასიური მისიის შესახებ, რადგან ავსტრია და გერმანია მოკავშირეები იყვნენ და ავსტრიას თავისი წარმომადგენელიც კი ჰყავდა საქართველოში 1918 წელს, რაც ნაკლებად არის ცნობილი.

დიდ ბრიტანეთში არის ამ ქვეყნის საგარეო დაზვერვის მონაცემები კავკასიაში გერმანელების მუშაობის შესახებ და ესეც საკმაოდ საინტერესო მასალაა. მიუნხენში, ბავარიის სამხედრო არქივში ბევრი საინტერესო მასალაა საქართველოში მყოფი ბავარიული ჯარების შესახებ. ეს არის მასალების ნაწილი, რომლებსაც ვიყენებ ჩემი დისერტაციისთვის, ბუნებრივია, სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად.

რა თქმა უნდა, ქართული არქივების მასალებიც ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში არის ინფორმაცია, რომლის ნაწილი გერმანიაში არსებული მასალების იდენტურია, მაგრამ განსხვავებული ინფორმაცია ქართულ არქივებშიც ინახება.

რა ეტაპზეა ახლა თქვენი დისერტაცია და როდის აპირებთ დასრულებას? როგორც ვიცი, წიგნიც უკვე თითქმის მზად გაქვთ…

წიგნთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს დისერტაციასთან კავშირში არ არის. წიგნის თემატიკა სულ სხვაა. ჩემი დისერტაცია ამ წიგნის თემატური გაგრძელებაა.

დისერტაციის დასრულებას უახლოესი თვეების განმავლობაში ვაპირებ. დაცვის ბოლო ვადა არის 2020 წლის მარტი, დაახლოებით ათი თვეა დარჩენილი და ყველაფერი უნდა მოვასწრო: დამთავრება, ჩაბარება, გამოცდის დანიშვნა და დაცვა. ცხადია, ჩემი დისერტაცია გერმანულადაა, თავდაპირველად ქართულ ენაზე არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ვეცდები, რომ მე თვითონ ვთარგმნო.

როგორც ვიცი, გერმანიაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა.

იაფია, ასე რომ ვთქვათ…

მივლინებებისთვის თანხა ხომ გჭირდებოდათ, როდესაც  სხვადასხვა ქალაქში არქივებზე სამუშაოდ მიემგზავრებოდით? ვინ გაფინანსებთ? საერთოდ, როგორი სისტემაა გერმანიაში, როდესაც დოქტორანტი დისერტაციაზე მუშაობს, თუ აფინანსებს რომელიმე ფონდი ან თვითონ უნივერსიტეტი?

ჰუმანიტარები ცოტა „დაჩაგრულები“ ვართ იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, ტექნიკურ სპეციალობებზე (ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს) უნივერსიტეტი პირდაპირ უფორმებს კონტრაქტს, დოქტორანტი პარალელურად ლაბორატორიაში მუშაობს და ამაში იღებს შესაბამის ანაზღაურებას. ჰუმანიტარებმა უნდა მოიპოვონ დაფინანსება სტიპენდიის სახით.  2015 წელს, როცა დოქტურანტურაში ჩავირიცხე, არ მქონდა სტიპენდია და არც ბევრი მოგზაურობის შესაძლებლობა, მაგრამ 2016 წლიდან მოვიპოვე და სრული სამი წლის განმავლობაში ვიღებდი სტიპენდიას. ყველაფერი სწორედ ამ პერიოდში გავაკეთე, ფაქტობრივად.

როგორ ხდება სტიპენდიის მოპოვება, კონკურსის საფუძველზე?

უნდა გაგზავნო CV შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ასევე, დისერტაციის აღწერა (ე. წ. „ექსპოზე“), თემის მთავარი ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის წერილობითი დახასიათებები. ჩემს შემთხვევაში ეს დოკუმენტები საკმარისი აღმოჩნდა და გასაუბრებაზე არც გავსულვარ. დღემდე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ მომცა სტიპენდია. მხოლოდ საბუთების მიხედვით გადაწყდა და 2015 წლის ნოემბერში იმეილზე მივიღე პასუხი, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ბადენ-ვიურტემბერგის მიწის წარჩინებულთა სტიპენდია დამენიშნა ერთი წლით. სტიპენდიის გაგრძელებაზე კიდევ ორჯერ შევიტანე საბუთები და ორჯერვე გამიგრძელეს თითო წლით.

თქვენი სადოქტორო თემის ხელმძღვანელი ვინ არის?

ჩემი თემის ხელმძღვანელი არის კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორი კურტ მოზერი, მეორე ხელმძღვანელი – მაინცის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ვინფრიდ ბაუმგართი. პროფესორი ბაუმგართი არის პირველი ადამიანი გერმანულენოვან სამყაროში, რომელმაც 1918 წლის გერმანულ მისიაზე კავკასიაში ვრცელი სტატია დაწერა (ეს იყო 50 წლის წინ). ცნობილი ისტორიკოსია, არის გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის სპეციალისტი, ბევრი „წონიანი“ წიგნი აქვს დაწერილი ამ საკითხთან დაკავშირებით. შარშან, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე რომ აღინიშნა საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიწვიეთ და მოხსენება წაიკითხა გერმანულ მისიასთან დაკავშირებით.

რამდენად ახერხებთ, რომ პარალელურად იმუშაოთ დამატებითი შემოსავლის მისაღებად… თუ არ მუშაობთ?

ახლა დისერტაციაზე ვარ მთლიანად კონცენტრირებული, მაგრამ მაგისტრატურაზე სწავლის დროს ვმუშაობდი. გერმანიის კანონმდებლობა სტუდენტებს მუშაობის უფლებას აძლევს, მართალია შეზღუდვებით, მაგრამ მთლიანობაში პრობლემა არ არის. მაგისტრატურის დროს სტიპენდია საერთოდ არ მქონდა და მთელი სამი წელი, სწავლის პარალელურად, კვირაში ხუთი დღე ვმუშაობდი სტუდენტურ სამუშაოებზე. ჩემს გერმანელ ჯგუფელებს არც კი სჯეროდათ ეს.

რაც შეეხება წიგნს, რას ეხება, რა ეტაპზეა, დასრულებულია თუ არა, ქართულადაა თუ გერმანულად, ვინ გამოსცემს და როდის?

ამ წიგნზე მუშაობა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ მე და დოქტორმა გიორგი მამულიამ, რომელიც პარიზში ცხოვრობს. წიგნი ეხება პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში მოქმედ ქართულ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი მაჩაბელი, მიხეილ წერეთელი, პეტრე სურგულაძე, გიორგი და ლეო კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი და სხვები. მათ, პირველად უახლესი ისტორიის განმავლობაში, წამოაყენეს საქართველოს პირდაპირი დამოუკიდებლობის იდეა. მართალია, ხშირად ამბობენ, რომ ეროვნული მოძრაობა მე-19 საუკუნეში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ დეკლარირებულად არავის ასე პირდაპირ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობაზე არ უსაუბრია, არც ილია ჭავჭავაძეს, მათ შორის. მაშინდელი პოლიტიკოსები საუბრობდნენ ეროვნულ ავტონომიაზე რუსეთის შემადგენლობაში.

აი, ამ ხალხმა, ემიგრანტებმა, ძირითადად, სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა, რომლებიც რუსეთის იმპერიიდან ტერორს გაექცნენ, მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან ევროპაში წამოაყენეს ასეთი დამოუკიდებლობის იდეა და მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად შემთხვევა „დაიჭირეს“: ფიქრობდნენ, რომ გერმანიის იმპერიის დახმარებით შეძლებდნენ რუსეთის იმპერიის დამარცხებას და ამ ფონზე, გერმანიის ზურგით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს, ფაქტობრივად, შემდგომში განხორციელდა კიდეც.

ჩვენი წიგნი ეხება ამ კომიტეტის საქმიანობას პირველი მსოფლიო ომის წლებში. მთლიანად ვთარგმნეთ ორიგინალი დოკუმენტები გერმანულიდან და ფრანგულიდან. კრებულში შევიტანეთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა დოკუმენტი, სადაც კომიტეტის რომელიმე წევრის ხელმოწერა ფიქსირდებოდა, არაფერი გამოგვიტოვებია, ძალიან უმნიშვნელო ფაქტებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, მავანი ქართველი სტუდენტისთვის დახმარება – ამ თხოვნით მაჩაბელი ან წერეთელი მიმართავს გერმანიის განათლების სამინისტროს – ასეთი დოკუმენტებიც გვაქვს შეტანილი. წიგნში შევიტანეთ რუსული და ქართული დოკუმენტებიც, რომლებიც თემატურად საინტერესოა, რათა სრულყოფილი იყოს გამოცემა. დავურთეთ ფოტომასალაც და ყველაფერი ერთად გამოვიდა ზუსტად 800 გვერდი.  უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ზაფხულის განმავლობაში გამოიცემა. წიგნის გამოცემას ეროვნული ბიბლიოთეკა აფინანსებს, რომელიც თავად აირჩევს გამომცემლობას წიგნის დასტამბვის დროს.

დიდი მადლობა, გიორგი, საუბრისთვის და ასეთი საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. წარმატებას გისურვებთ!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

გიორგი ასტამაძე მეუღლესთან – თამართან და ვაჟიშვილთან – ანდრესთან ერთად

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close