23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა
23 წლის ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ქვეითთა ოფიცერია. 23 წლის ჯარისკაცს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიება კონექტიკუტის შტატში, ქალაქ New Haven-ში 21 მაისს გაიმართა.
„ვიქნები ქვეითთა ოცმეთაური. 27 ოქტომბრამდე ფორტ ბენინგში ქვეითთა ოფიცერთა გადამზადების კურსს გავივლი, შემდეგ რეინჯერთა სკოლას დავამთავრებ, ამის შემდეგ გამამწესებენ ბაზაზე“, – ამბობს გიორგი ჩილინგარაშვილი.
მისივე თქმით, სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი ამერიკულ ჯარში რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერია.
ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს. მან რამდენიმე თვის წინ დაამთავრა უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით. გიორგის მსგავსად მისი ძმაც ამერიკის ჯარში მსახურობს.
გიორგი ჩილინგარაშვილი 17 წლის იყო, როცა ოჯახმა საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვესტონში წაიყვანა.
„მესხები ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდით, ამიტომ გადავწყვიტე ჯარში წასვლა. 21 წლის ასაკში შევედი ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში რიგით ჯარისკაცად. ორმაგი მუშაობა გიწევს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ოფიციერი ხდები. ნდობის მოპოვებისთვისაც მეტი ძალისხმევა გჭირდება. ამას დიდი შრომის შედეგად მივაღწიე“, – ამბობს გიორგი.
ამერიკაში მამამ წაიყვანა. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან წასვლა მოუწია, მეთორმეტე კლასი ამერიკულ სკოლაში დაამთავრა. ამბობს, რომ ბევრი სირთულე გადალახა. სწავლის პარალელურად ყოველდღიურად მუშაობდა, ხან მაკდონალდსში, ხან სხვა კაფესა და მაღაზიაში.მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული დღე ჰქონდა, ვარჯიშსაც ახერხებდა.
„ახალციხეში კარატეზე დავდიოდი, მეორე ადგილი მაქვს აღებული ევრაზიის ჩემპიონატში. საქართველოს ჩემპიონატზეც ყოველთვის პრიზიორი ვიყავი. ამერიკაში ვჭიდაობდი, შემდეგ გადავედი წესების გარეშე ბრძოლაზე, პირველივე ბრძოლაში 32 წლის საზღვაო ქვეითი დავამარცხე 38 წამში. შეჯიბრზე ქართული დროშით გამოვდივარ“.
23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი სპორტში ახლაც აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა იმის გამო, რომ ჯარში წვრთნებს გადის, შეჯიბრებებზე გასვლას ვერ ახერხებს.
„ოთხი წელი ვიმსახურებ ოფიცრის პოზიციაზე. სავარაუდოდ, ევროპაში გამგზავნიან სამშვიდობო მისიით, ბაზაზე გამამწესებენ და ქვეითთა ბრიგადაში ოცმეთაური ვიქნები. პარარელურად ვვარჯიშობ, მინდა სპეცრაზმის ოფიცერი გავხდე“, – ამბობს გიორგი და ამატებს, რომ მომავალში უფრო დიდი გეგმები აქვს, იცის, რომ ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევას შეძლებს: „ყოველთვის მადლობელი ვარ, რაც მაქვს, მაგრამ კმაყოფილი არადროს ვყოფილვარ მიღწეულით, სულ წინ მინდა რომ ვიარო. ჩემი ოცნებაა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გავხდე“.
ამერიკაში გიორგი დედ-მამასა და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. „გასულ წელს ჩემი ძმაც ჯარისკაცი გახდა, პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობს, ჯარი მოსწონს, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებითაც უნდა რომ იცხოვროს, ვნახოთ, მომავალში რას გადაწყვეტს“.
გიორგი იმედოვნებს, რომ როცა საკმარის გამოცდილებას დააგროვებს, სამშვიდობო მისიით საქართველოშიც გამოგზავნიან.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე (http://sknews.ge)
ფოტოები: გიორგის ფეისბუქგვერდიდან
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: პაატა გუჯეჯიანი – ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც დიპლომის აღება თავად დონალდ ტრამპმა მიულოცა
კომენტარები