დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდების სამეფოში 23 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა.
ეგზიტპოლების თანახმად, ნიდერლანდებში მემარცხენე ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობს. ლეიბორისტებმა 26-იდან 5 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე ცენტრისტულ „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიულ ალიანსს“ კი 4-4 მანდატი აქვთ.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყნის კანონმდებლობით ეგზიტპოლების გამოქვეყნება აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, ამ პროცესის გაჭიანურების გამო (რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დაწყებულიყო და მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გადაიდო) ბრიტანეთში არჩევნები მაინც ჩატარდა ევროპარლამენტის 73 მანდატის მოსაპოვებლად.
ევროპარლამენტის არჩევნები წელს 23-26 მაისს ტარდება. ეს რიგით მეცხრე არჩევნებია 1979 წლის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტის წევრები პირდაპირი წესით პირველად აირჩიეს.
დღეს, 24 მაისს ირლანდიასა და ჩეხეთში აირჩევენ ევროპარლამენტის წევრებს, ხვალ, 25 მაისს – ლატვიასა და მალტაში. იტალია და საბერძნეთი ევროპარლამენტში თავიანთ კანდიდატებს 26 მაისს მისცემენ ხმას.
ევროკავშირის 28 სახელმწიფო მთლიანობაში ევროპარლამენტში 751 წევრს ირჩევს, რომლებიც 512 მილიონზე მეტ მოქალაქეს წარმოადგენენ.
არჩევნების წინასწარი შედეგები 27 მაისს, გამთენიისას გახდება ცნობილი. სწორედ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: რას ამბობს მერკელი სალვინისთან შესაძლო ალიანსზე და რას პასუხობს სალვინი?
კომენტარები