სიბერე – წვეთი სიყვარულის მოლოდინია
სახლის აივანზე იჯდა და მელოდა… ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას ჯდებოდა, ერთი და იმავე გამომეტყველებით, ერთნაირად მომლოდინე თვალებით. სახლს რომ ვუახლოვდებოდი, ვიცოდი, იქ იჯდა… სანამ იყო, არ ყოფილა შემთხვევა, მოლოდინი გამცრუებოდეს… და მეც მთელი ბავშვობა მეგონა, ის იმისთვის არსებობდა, რომ აივანზე მჯდარიყო და მე დამლოდებოდა…
სკოლიდან გამოსვლისთანავე წარმოვიდგენდი, როგორ იჯდა უცვლელ ადგილას, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, და გზას გაჰყურებდა. ბოლოს ჩვევად ექცათ მის ხელებს ჯიბეებში სითბოს ძებნა. ქუდიც სულ ეხურა, მე თუ მოვხდიდი ხანდახან. ისიც იმისთვის, რომ მის თავზე ძველი ჭრილობების კვალი დამეთვალა, დიდი ომის კვალი. ერთი, ორი, სამი… და ასჯერ მოყოლილ ამბავს ასმეერთედ მაინც ვაყოლებდი. არ მბეზრდებოდა იმის მოსმენა, თუ როგორ წაიყვანეს ჯარში სკოლიდან ჩანთით, როგორ შეაჩეჩეს ხელში წიგნების ნაცვლად იარაღი, როგორ ეშინოდა, როგორ ენატრებოდა დედა… შეუძლებელი იყო ეს ამბები მომბეზრებოდა. თან ისეთი მოყოლა იცოდა, თითქოს ხელს ჩაგკიდებდა და იქ მიჰყავდი, თავის წარსულში… უფროსი შვილიშვილის ნაქონ ქუდს რომ მოვხდიდი, მალევე მთხოვდა, დამაფარეო, მგონი, სციოდა…
შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, 2 წლის გოგონა. ცოლიც ადრე გარდაეცვალა… ამ ყველაფერს გაურბოდა, საფლავებსაც იშვიათად აკითხავდა. ხომ არსებობს ისეთი რეალობა, რომლისთვის თვალის გასწორება, უბრალოდ, არ შეგიძლია და თვალის დახუჭვას ამჯობინებ… მათზე იშვიათად საუბრობდა და მე მიხაროდა, ალბათ არ ახსოვს, არც მოიწყენს-მეთქი, მაგრამ რა დაავიწყებდა?!
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ასი წელიც რომ იცხოვრო ადამიანთან, მაინც ისეთად გემახსოვრება, როგორიც ბოლოს იყო. ჩემს მეხსიერებაში მწვანე ჟაკეტის ჯიბეებში ხელებჩაწყობილ მოხუცად დარჩა. მოხუცად, რომელსაც ეგონა, რომ შვილის ნაყიდი ჟაკეტი და შვილიშვილის ნაქონი ნაქსოვი ქუდი ათბობდა მხოლოდ. მოხუცად, რომელსაც არასდროს მოჰბეზრებია გზისთვის თვალის დევნება ჩემი მოსვლის მოლოდინში.
თუკი გეტყვიან, რომ ბავშვებსა და მოხუცებს ერთნაირად გულწრფელი სიხარული შეუძლიათ, არ დაიჯეროთ. წლების სიმძიმისგან წელში მოხრილ მოხუცებს უფრო გულწრფელად შეუძლიათ გახარება. მასაც წვრილმანები ჰყოფნიდა სიხარულისთვის – ერთი თბილი სიტყვა, საუბარში აყოლა, თუნდაც ერთი გაღიმება… ტკბილეულს რომ ვუნაწილებდი, იმ მწვანე ჟაკეტის ჯიბეებში ინახავდა და მერე ისევ მე მაძლევდა. „ბაბუ, რამე ვითამაშოთ რაა“, – ვეტყოდი ხოლმე. ისე შეხვდებოდა ამ შემოთავაზებას, თითქოს დიდი ხანია ელოდებაო…
და მე ვიაზრებდი, რომ მოხუცების ცხოვრება მოლოდინია – როდის გაახსენდებათ, როდის გაუღიმებენ, როდის მოეფერებიან, როდის აკოცებენ, როდის ეტყვიან, მეთამაშეო, როდის მოაყოლებენ ძველ ამბებს, როდის დაუთვლიან თავზე ძველ ჭრილობებს, როდის გამოართმევენ ჯიბეში შენახულ კანფეტებს, როდის გაიმეტებენ თუნდაც წვეთს სიყვარულისას, როდის ეცდებიან მათ მიერ განვლილი წლების სიმძიმის შემსუბუქებას…
თამაშზე არასდროს მეუბნებოდა უარს. ყველაფერს ვთამაშობდით ხოლმე, რაც მოგვაგონდებოდა. თავისი ბავშვობის თამაშებს მასწავლიდა, მე ჩემებს ვასწავლიდი. ზოგჯერ ჩვენითაც ვიგონებდით ხოლმე რაღაცებს. ღმერთმა იცის მხოლოდ, როგორ მწყდებოდა გული, როცა ვხვდებოდი, რომ შემეძლო თამაშში მომეტყუებინა, ის კი ვერ მიმიხვდებოდა. იქნებ სასაცილოც იყოს, მაგრამ ვამყობ იმით, რომ არცერთხელ მომიტყუებია. მერჩივნა ყველა სხვა მომეტყუებინა, ოღონდ ის არა…
დროის მანქანა რომ მქონდეს, ერთ ასეთ დღეს დავიბრუნებდი: გაზაფხულის მზიან ამინდში სკოლიდან მოვდივარ და გზაში შორიდანვე ვგრძნობ, ჩვეულ ადგილას ზის და მელოდება. ვაღებ სახლის ჭიშკარს, რომლის ხმაც ახლა ასე მენატრება, და ეზოში შევდივარ. ისე უხარია, თითქოს პირველად მელოდა და მეც პირველად მივედი. ბავშვობის ისეთ დღეს დავიბრუნებდი, როცა ზუსტად ვიცი, რომ იქ ზის, ჩვენს აივანზე და მელოდება… როცა ზუსტად იცის, რომ მივალ…
სიბერე დაღლაა, რომელსაც დასვენება არ შველისო, ვიღაცამ თქვა ერთხელ ჩემი სოფლის ავტობუსში. მგონი, მართალი იყო.
იქნებ იმიტომ იჯდა და მელოდა, რომ მისი დაღლილი მხრებიდან ტვირთს ჩემს პატარა მხრებზე ვანაწილებდი, სიმძიმის შემსუბუქება შემეძლო. იქნებ სასწაულს ახდენდა ბავშვური, გულწრფელი სიყვარული და მაშინ ვერ ვხვდებოდი…
ბავშვობაში მეგონა, სახლში ვერ დავბრუნდებოდი, თუკი ის აივანზე არ იჯდებოდა. თურმე მხოლოდ მეგონა… იქ აღარავინ ჯდება. მე კი მაინც ვბრუნდები…
ნინო წულაია
ავტორის ფოტო
ამავე ავტორის: სახლები გველოდებიან…
„სიბნელეში ჩემი წილი სინათლე ვიპოვნე და ამან გადამარჩინა“
„ვიცი რას ნიშნავს სიარული, სირბილი, შემდეგ ეტლში ჯდომა, ისევ ადგომა…“
კომენტარები