ფსიქოლოგიატესტები

ტესტი: ძველბერძნული ტიპოლოგია – ნახეთ, თქვენ ოლიმპოს რომელი ღმერთის ტიპს მიეკუთვნებით

ძველი ბერძნების მრავალფეროვანი ნააზრევიდან განსაკუთრებით საინტერესოა ძველბერძნული ფსიქოლოგიური გამოკვლევები. გასაოცარია მათ მიერ ადამიანების ტიპებად დაყოფა პიროვნული ხასიათებისა და სულიერი მონაცემების ღრმა ცოდნით.

ამჯერად სწორედ ადამიანთა ძველბერძნულ ტიპოლოგიას შემოგთავაზებთ. აქვე გეტყვით, რომ ეს მოსაზრებები მეტ-ნაკლებად გამარტივებულია – თანამედროვე სპეციალისტებმა ისინი ჩვენს ეპოქას შეუსაბამეს და 21-ე საუკუნის ადამიანისათვის უფრო გასაგები გახადეს, თუმცა ადამიანთა ტიპებს დღემდე შემორჩა ის სახელწოდებები, რომლებიც მათ ძველმა ბერძნებმა მიაკუთვნეს.

გაეცანით ამ ტიპოლოგიას, შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილი ტესტის კითხვებს და ნახეთ, თავად რომელ ტიპს განეკუთვნებით.

აფროდიტე

ამ ტიპის ადამიანები პასიურები, სუსტები, ძალიან მგრძნობიარენი, ინტუიციურები და მელანქოლიურები არიან. ქალები განსაკუთრებული სინაზითა და მომხიბვლელობით გამოირჩევიან, მამაკაცებს კი ერთგვარი ქალურობა ახასიათებთ. აფროდიტეს ტიპის წარმომადგენლები ცხოვრების მიზანს სიყვარულში ხედავენ. გამარჯვებული სიყვარული – აი, მათი ბედნიერება!

ათენა

პასიურები და ოდნავ ზანტები – აი, ათენას ტიპის წარმომადგენლების ზოგადი დამახასიათებელი თვისებები. მათ შორის ხშირად ვხვდებით ფლეგმატიკებს. ზოგჯერ ისინი დეპრესიით ან ალერგიით იტანჯებიან. განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ მეცნიერებისადმი, მაგრამ სუსტი ფიზიკური და ნერვული სისტემის გამო ხშირად დასახულ მიზანს ვერ აღწევენ, ამიტომ უფრო მეტად ვარდებიან დეპრესიაში და უიმედობა იპყრობთ. არადა, მათ ნამდვილად ძალუძთ დიდი წარმატებების მიღწევა.

დემეტრა

პასიურნი, მაგრამ ძლიერნი და მგრძნობიარენი – ასე ახასიათებენ ძველი ბერძნები დემეტრას ტიპის ადამიანებს. ისინი განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვენ, მტკიცე, მშვიდი ოჯახისა და ჯანმრთელი, ნორმალური შვილების გარდა. თავიანთ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც შთამომავლობის გაგრძელებაში ხედავენ. მათთვის ნაცნობი და ახლობელია ჩვეულებრივი, ყოფითი სიხარული: ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე არიან, როცა ჯანმრთელ და დამჯერ შვილებს ხედავენ. ალერსით ეპყრობიან მეუღლეს და მთელი არსებით მიისწრაფვიან სიმშვიდისა და სიმყუდროვისკენ.

არესი

აქტიური, შემოქმედებითი ტიპის ადამიანები არიან, ტემპერამენტის მიხედვით – უფრო ხშირად ქოლერიკები. მოძრავნი, მოუსვენარნი, ფიზიკური დატვირთვის მოყვარულნი არიან. არესის ტიპი უმეტესად მოგზაური, მეომარი, სამართლიანობისთვის მებრძოლია, კამათის ან ჩხუბის დროს უკან არასოდეს დაიხევს და პრობლემების გადაწყვეტისას  არც ეშმაკობას იშველიებს. არესს არ შეუძლია კაბინეტში ჯდომა. მისთვის ბედნიერება მოძრაობა და თავისუფლებაა. მათი კონტროლი ძალზე ძნელია, ჯობია გადაჭარბებულ აქტიურობაზე უარი თქვან და ზომიერება ისწავლონ.

ჰადესი

ე. წ. გონებრივი ტიპია – აქტიური, ძლიერი და ბრძენი. ამ ტიპის ადამიანები ერთგვარად „აგროვებენ“ შთაბეჭდილებებს და მათ სისტემატიზაციას ახდენენ. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ სახელისა და სიმდიდრის მოსახვეჭად. ზოგჯერ მათ სიძუნწეშიც სდებენ ბრალს. ისინი ხშირად ქაღალდს, დოკუმენტაციას უფრო ენდობიან, ვიდრე პიროვნებას, თუნდაც ძალიან ახლობელს. მათთვის მთავარ ფასეულობას სიმდიდრის დაგროვება წარმოადგენს, ამიტომ მათ შორის ბევრი ბანკირი, ბროკერი და ბიზნესმენია. ისინი საჭიროების შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებებსაც იღებენ და არ ანაღვლებთ, თუკი დესპოტიზმსა და ტირანიაში დასდებენ ბრალს.

ჰერმესი

ჰერმესის ტიპს აქტიური, მოძრავი, მაგრამ სუსტი ადამიანები განეკუთვნებიან. ისინი ადვილად ვარდებიან დეპრესიაში, თუმცა ადვილადვე ახერხებენ მისგან თავის დაღწევას. საოცრად აქვთ განვითარებული ინტუიციის გრძნობა, უყვართ და შეუძლიათ კიდეც რისკზე წასვლა, თუმცა საკუთარ წარუმატებლობებს ძნელად იტანენ. ჩვეულებისამებრ, ვაჭრობით ან რაიმე სხვა კომერციული საქმიანობით არიან დაკავებულნი. მათგან შესანიშნავი მენეჯერები და პროდიუსერები გამოდიან. სულ მცირეოდენი წარმატება და – თავს ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანებად თვლიან.

ზევსი

აქტიური, ძლიერი, ნებისყოფიანი ტიპი. ისინი ცხოვრებას, ძირითადად, ერთი მიმართულებით წარმართავენ: ძალაუფლება და კარიერა, გარშემო მყოფებში კი თანამოაზრეებსა და მეგობრებს კი არა, კონკურენტებს ხედავენ. ეს ადამიანები სამუდამოდ იმახსოვრებენ ვიღაცის მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილ ფრაზას და მზად არიან ოცი-ოცდაათი წლის შემდეგაც კი იძიონ შური. თვლიან, რომ უამრავი მტერი ჰყავთ. ხშირად თვალთვალის მანიითაც არიან შეპყრობილნი, რითაც არა მარტო საკუთარ თავს იწამებენ, ახლობლებსაც ტანჯავენ.

აპოლონი

ამ ტიპის ადამიანები პასიურები, ცვალებადი ხასიათის მქონენი არიან. გამოირჩევიან განსაკუთრებული არტისტიზმითა და გარშემო მყოფებში მსმენელებს, მაყურებლებს ეძებენ, ცხოვრებას კი ისე აღიქვამენ, როგორც სცენას. შეფასებებში ძალიან სუბიექტურნი არიან, ხატოვნად აზროვნებენ და საუბრისას ხშირად იყენებენ მეტაფორებს. საოცრად მგრძნობიარე ბუნების გამო ავადმყოფურად აღიქვამენ ნებისმიერ შენიშვნას და კრიტიკას. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები თავს ბედნიერად გრძნობენ.

ტესტი – რომელ ძველბერძნულ ტიპს განეკუთვნებით?

რადგან უკვე გაეცანით ძველბერძნულ ტიპოლოგიას, ახლა გაარკვიეთ, თავად რომელ ტიპს განეკუთვნებით. ამაში ქვემოთ მოყვანილი ტესტი დაგეხმარებათ, რომლის მეშვეობითაც, აგრეთვე, შეძლებთ განსაზღვროთ ცხოვრებისეული მიზანი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ტიპაჟს.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი შეკითხვები და თქვენთვის მისაღები პასუხების ციფრები ფურცელზე დაწერეთ, რომ შემდეგ დააჯამოთ:
რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?

1. თეთრს; 2. ნარინჯისფერს; 3. მწვანეს; 4. ცისფერს; 5. იისფერს; 6. ლურჯს; 7. წითელს; 8. ყვითელს.

რომელ ყვავილს აირჩევდით?

1. პეონი; 2. ვარდი; 3. ია; 4. შროშანი; 5. ლოტოსი; 6. ჟასმინი; 7. გიაცინტი; 8. იასამანი.

გინდათ გადაიქცეთ:

1. ვეფხვად; 2. შევარდნად; 3. პანთერად; 4. კურდღლად; 5. ჭოტად: 6. ბულბულად; 7. ძაღლად; 8. დელფინად.

გსიამოვნებთ, როცა…

1. ხელქვეითთა სახეზე შიშს ხედავთ; 2. კარგად ჭამთ და ძვირფასად იცვამთ; 3. სარკეში იცქირებით; 4. ოჯახთან ერთად აგარაკზე ისვენებთ; 5. სწავლობთ; 6. უვლით თქვენს იადონებს; 7. ვარჯიშობთ; 8. ათვალიერებთ მაღაზიის ვიტრინებს.

არ გიყვართ თქვენი მეზობელი, რადგან…

1. ვერ გიტანთ; 2. ღატაკია; 3. არასოდეს გიღიმით; 4. ბერბიჭაა. 5. მეშჩანია; 6. ეგოისტად გთვლით; 7. ლოთია; 8. ძუნწია.

როდესაც ნაღველი შემოგეპარებათ…

1. სახლში ჩხუბობთ; 2. თქვენთვის რაიმეს ყიდულობთ; 3. რეკავთ მეგობრებთან; 4. ტირით; 5. კითხულობთ რაიმე საინტერესოს; 6. ახლობლებს სახლში ეპატიჟებით; 7. მიდიხართ კონცერტზე ან თეატრში; 8. სახლში საქმიანობთ.

ყოველთვის, როცა სიტყვა „მიზანი“ გესმით, ხედავთ…

1. მტრის სახეს; 2. ვიღაცის აჩრდილს; 3. მზეს; 4. უკიდეგანო გზას; 5. მოელვარე სფეროს; 6. ვარსკვლავს; 7. ტირის ჩვეულებრივ სამიზნეს; 8. მოძრავ ბორბლებს.

ახლა კი, მოდით გავარკვიოთ, რა შედეგი მივიღეთ:

შეკრიბეთ შერჩეული პასუხის ნომრები, თუ ჯამი შვიდია –  მაშინ ზევსის ტიპი ყოფილხართ, 14 – ჰადესია, 21 – აფროდიტე, 28 – დემეტრა, 35 – ათენა, 41 – აპოლონი, 48 – არესი, 55 –  ჰერმესი.

აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ „სუფთა ტიპები“, პრაქტიკულად, არ არსებობენ, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიაკუთვნოთ თქვენი თავი იმ ტიპს, რომლის რიცხვიც ყველაზე ახლოს დგას თქვენ მიერ დაგროვილ ქულებთან.

დაბოლოს, რას წარმოადგენს ამა თუ იმ ტიპის ცხოვრებისეული მიზანი?

ზევსი ძალაუფლებასა და კარიერაზეა ორიენტირებული; აფროდიტე – სიყვარულზე; დემეტრა – ოჯახსა და შვილებზე; ათენა – სწავლასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე; აპოლონი – შემოქმედებაზე; ჰადესი – სახელსა და დიდებაზე; არესი – გმირობაზე, ჰერმესი კი – ბიზნესზე.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: ქვები, რომლებიც  შურისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ

პითაგორას ჰოროსკოპი – რა შესაძლებლობებს გაძლევთ სამყარო, თქვენი დაბადების თარიღიდან გამომდინარე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close