მოგზაურობამსოფლიოხელოვნებაკულტურა

კეუკენჰოფი  – ყვავილების ქვეყნის ზღაპარი

პარკი, როგორც ედემი – ჰოლანდიაში… 32 ჰექტარზე გაშენებულ ამ ბაღნარში 15-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკები სულ რომ მოიარო, დაღლას ვერ იგრძნობ…

კეუკენჰოფი, როგორც  „გაზაფხულის გამოფენა“, მსოფლიო მასშტაბით განუმეორებელია. აქ ყოველ შემოდგომაზე 7 მილიონზე მეტი სხვადასხვა ყვავილის ბოლქვი ირგვება და ეს ყვავილები გაზაფხულობით თავიანთი სურნელითა და ფერადოვნებით დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან მილიონობით დამთვალიერებელთან თავს იწონებენ.

ნიდერლანდების სამეფო ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად აქ ნახავთ მეფე ვილემ-ალექსანდერისადმი მიძღვნილ პავილიონს, ხოლო დედამისის საყვარელი ორქიდეები, რომლებიც, შესაბამისად, ბეატრიქსის სახელობისაა, მინის  სასახლეში ბინადრობენ.

პარკში, სადაც ძირითადად ტიტები მეფობენ, ყვავილების საოცარი სანახაობები და სხვადასხვა ღონისძიება იმართება…

გარდა სანახაობრივი ხასიათისა, კეუკენჰოფის ბაღი წარმოადგენს გამოფენას, რომელზეც ყვავილების ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ, შეარჩიონ სასურველი ყვავილი ფერისა თუ არომატის გათვალისწინებით, გააფორმონ ხელშეკრულება და შესაბამის სეზონზე ბოლქვები თავიანთ ქვეყნებში მიიღონ. აქვე, მაღაზიებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველ ყვავილთა ბოლქვები.

ჰოდა, აბა ყვავილების მოყვარულები ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებენ?! –  გეგონება, ათიათასობით სკის კარი ერთბაშად გამოაღესო, „ფუტკრები“ კი ამჯერად მხოლოდ ფოტოებს იღებენ… 🙂

რიგებია კაფეებშიც… როგორც იქნა, მაგიდას მივუსხედით.

სრული ბედნიერებისთვის რაღაც მაინც დაგაკლდა – ამდენ ხალხში ერთი ქართველიც კი ვერ ვნახეთო, ჩემი მეუღლე მეუბნება.

და უცებ…

– მე ვარ ქართველი… მე ლაზი ვარ, სტამბოლიდან! – საუბარში გვერთვება სახეგაბრწყინებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ეს-ესაა გვთხოვა ნებართვა, ჩვენთან ერთად დამჯდარიყო მაგიდასთან.

გამიხარდა-მეთქი, ცოტაა… ესეც – ულამაზესი დღის დაგვირგვინება! კარგა ხანს ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, პროფესიით ექიმი, ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მცხოვრები (ვინანე, დიქტოფონი რომ არ მქონდა თან, მაგრამ ჩვენს ლაზს მომავალში აუცილებლად გაგაცნობთ).

ასე ვემშვიდობებით კეუკენჰოფს – სილამაზის, სიურპრიზისა და ბედნიერების სამყაროს, რომლის განუმეორებლობა ამ ფოტოებიდან და ვიდეოებიდანაც ჩანს.

ლუიზა ლაწუნაშვილი

ავტორის ფოტოები

ნახეთ ვიდეო:

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ.

დრონით გადაღებული ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close