ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ეკა ცაბაძის „ანტიდეპრესანტი“ ემიგრაციაში და გზა წარმატებისკენ

„ჰოოდა, ასე იყო ეს ამბავი… ავდექი და წამოვედი. ვთქვი, იტალიელებს უნდა „შევაპარო“ ჩემი გაკეთებული რამერუმეები-მეთქი. რაიო? შეეენო? რა პრეტენზიები გქონია, ამ ბრენდებით სავსე ქვეყანაში ვის რა უნდა შეთავაზოო?! მავანნი მირჩევდნენ, ნუ გეშინიაო. მერე მოვხვდი, სადაც ჯერ არს და ვთხოვე, გაჩვენებთ, რასაც ვახლაფორთებ და რამე მითხარით, ან ავი და ან კარგი-მეთქი. OK – მითხრეს. მივბარგდი მეორე დღეს დააა… იქ ამბავი დატრიალდა, არ მჯეროდა. სულ „GRANDE, GRANDE“ მიძახეს. არ გაბედო გაჩერებაო! ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არ მჯერა, მაგრამ ეგრე ბრენდულად გავიდა, რაც ვახლაფორთე… კარგი შეგრძნებაა…“ – წერს ეკა ცაბაძე თავის ფეისბუქგვერდზე. 

ეკა 4 წელია, იტალიაშია. ემიგრანტი ქართველის ხელნაკეთმა ნივთებმა, თვითონ „რამერუმეებს“ რომ უწოდებს, უკვე მიიპყრო ყურადღება – ახლახან რამდენიმე ნამუშევარი ვენეციაში გამართულ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაზე გაიყიდა, მანამდე მისი ხელნაკეთი ნივთები თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი, შემდეგ კი ფოტოები ჟურნალ „ვოგის“ ფურცლებზეც აღმოჩნდა.

უფრო დაწვრილებით საკუთარ შემოქმედებაზე, რომელსაც „ანტიდეპრესანტს“ უწოდებს ემიგრაციაში, მიღწეულ წარმატებაზე, შეხედულებებზე, განცდებზე ეკა თავად უამბობს NOSTAL.GE-ს მკითხველს.

ეკა, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით იტალიაში და როგორ მიაღწიეთ წარმატებას…

ჯერ წარმატება შორსაა, ცოტა მეუხერხულება კიდეც… ამას შეიძლება საკუთარი თავის პოვნის მცდელობა დავარქვა.

იტალიაში ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ რომში ქართველ ქალბატონს, ცისანა ქოთილაიძეს თექის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ ჰქონდა დაარსებული. მეგობარმა შემატყობინა ამის შესახებ და დამაკავშირა კიდეც. ფსიქოლოგიურად შევემზადე ახალ ქალაქში გადასასვლელად, რადგან სამთვიანი ლოდინის შემდეგ ნაშოვნი სამსახური უნდა დამეტოვებინა, რომში კი არაფრის გარანტია არ მქონდა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, აი, სურვილი კი ძალიან დიდი მქონდა. ჰოდა, ავდექი და წამოვედი ქ. ბარიდან რომში. ცისანას იდეა „მწყემსის სახლი“ ვერ განხორციელდებოდა, რომ არა რომის სამრევლოს წინამძღვრის, არქიმანდრიტ მამა იოანეს (ხელაია) დიდი ძალისხმევა. მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო სახელოსნო მალევე დაიხურა, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. სხვათა შორის, იქ გავიცანი თქვენი ერთ-ერთი რესპონდენტი – ხათუნა კიბაბიძე.

ცისანას ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა დიზაინერებთან. TL-180 ჰქვია მარკას. ერთ დღეს დამირეკა და მკითხა, ჯვრებით ქარგვა თუ ვიცოდი, თან დააყოლა: ვიცოდი თუ არ ვიცოდი, უნდა დამექარგა.

გავაკეთე ნიმუში, გავატანე და, მოკლედ რომ გითხრათ, შესაძლებლობა მომცეს მემუშავა. შეიქმნა ჯემპრები (ნაქსოვი ზედატანები) ხავერდზე ნაქარგებით. წარადგინეს თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე, შემდეგ „ვოგშიც“ დაიბეჭდა.

ამის მერე კიდევ იყო ამ ჯემპრებზე შეკვეთები. მთხოვეს, არაფერი შემეცვალა, ასლები უნდა გამეკეთებინა. სწორედ მათთან, TL-180-ის დიზაინერებთან, ლუიზა ორსინისთან და ტინსთან (გვარი არ მახსოვს) მივიტანე ჩემი ნახლაფორთები რამერუმეები. იქ იყვნენ მათი მეგობრებიც. ისეთი აღფრთოვანება გამოხატეს, სიხარულისგან თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი. მითხრეს, რომ ეს ჩემს ძირითად საქმიანობად უნდა გამეხადა. ერთ-ერთ მათგანს ქუდიც გავუკეთე ჩემი დიზაინით.

ვენეციაში გამართულ ქართველ ხელოვანთა გამოფენამდე ჩემი ნამუშევრები მხატვარს ვაჩვენე. მანაც იგივე მითხრა: როცა ამის კეთება შეგიძლია, აუცილებლად ამ კუთხით უნდა დასაქმდეო.

ვენეციის გამოფენამ უფრო თავდაჯერებული გამხადა.

და როგორ აღმოჩნდით ამ გამოფენაზე?

ვენეციის გამოფენაზე ჩემი მოხვედრა ცისანა ქოთილაიძის და ჟურნალისტ ნატო პერანიძის დამსახურებაა. კი გამაფრთხილეს, მათზე ბევრი არაფერი მეთქვა, მაგრამ მადლიერება როგორ არ გამოვხატო?! რომ არა მათი ძალდატანება, ჩემი ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენას ვერ გავბედავდი.

უდიდესი დახმარება გამიწია ასევე ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა ნათელა ჭაფოძემ, რომელიც დაახლოებით 12 წელი მუშაობდა კერძო მკერავად იტალიურ ოჯახში. იგი მხატვარია, გობელენების სპეციალისტი, მრავალი გამოფენის მონაწილე. ჩემ გამო თითქმის ერთი თვე დარჩა რომში. შემდეგ მე ვენეციაში წავედი გამოფენაზე, ის კი საქართველოში დაბრუნდა და დიდი სიყვარული დამიტოვა.

იტალიაში უამრავი ქართველი ქალია, რომლებსაც მსგავსი რამის კეთება შეუძლიათ.

როდის დაიწყეთ ამ ნამუშევრების შექმნა?

რომ მკითხოთ, ბოლომდე საფუძვლიანად რა ვიცი, გიპასუხებთ, რომ არაფერიც არ ვიცი (იცინის), მაგრამ კეთების სურვილი იმდენად დიდია, საბოლოოდ გამომდის.

თვლების გამოყვანა ადრეულ ბავშვობაში ვისწავლე. სკოლა რომ დავამთავრე, პირველი ჟაკეტი მაშინ მოვიქსოვე. კარგი გამოვიდა. გარკვეული პერიოდი არაფერი მომიქსოვია, მერე განვაახლე. თექა გვიან ვისწავლე. ერთხელაც საჩხერეში (წარმოშობით საჩხერიდან ვარ) გამოჩნდა ძალიან კარგი გოგო, მარინე გელბახიანი, რომელიც თექაზე მუშაობას ასწავლიდა. სამი თვე ვიარეთ მასთან მე, ჩემმა დამ და ჩემმა მეგობარმა ფსიქოლოგმა. სასიამოვნო პროცესი იყო.

იმდროინდელი ფოტოები აქაც კი მაქვს, მაგრამ ცოტა უხარისხოა.

რამდენი ხანი გჭირდებათ ერთი ნამუშევრის დასასრულებლად?

ქსოვა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგზე ვფიქრობ და არაა მოსაწყენი. თექა უფრო დამღლელია. შარფის გაკეთებას შეიძლება მთელი დღე მოვუნდე, შესაბამისად, პიჯაკს ან ჟილეტს – უფრო დიდხანს.

იტალიაში გაქვთ სათანადო პირობები სამუშაოდ?

ქირით ვცხოვრობ. 24-საათიან სამსახურზე ამის გამო ვთქვი უარი – ფაქტობრივად, ჩემი ოთახი ჩემი სახელოსნოა. არ არის ადვილი, მაგრამ…

ვენეციის გამოფენაზე ეკას ორი ნამუშევარი გაიყიდაო, გავიგე… რამდენი ნამუშევარი გქონდათ წარდგენილი და თუ იცით, ვინ იყიდა?

კი გაიყიდა, თანაც საკმაოდ კარგად. სულ 13 ნამუშევარი მქონდა წარდგენილი. ამას დამატებული სამი პატარა ხოჭო, მძივებით შექმნილი, რომელიც ჩემმა დისშვილმა, თამარ ცუხიშვილმა  მომაშველა გასაფორმებლად. თამარი საქართველოშია, ნინო ნადირაშვილთან გაიარა ლუნევილური ქარგვის კურსები და კარგად გამოსდის ყველაფერი.

ვინ რა იყიდა, არ ვიცი, არ მიკითხავს. მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა.

ეკა ცაბაძის ხელნაკეთი ნივთები ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაზე ვენეციაში

მოკლედ, ფაქტია, რომ იტალიაში ყოფნა, შემოქმედებითი თვალსაზრისით, თქვენზე დადებითად აისახა… ფიქრობდით ამაზე, თუ, როგორც ემიგრანტების ძირითადი ნაწილი, უცხო ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წამოხვედით?

მიზანი, რა თქმა უნდა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, მაგრამ ამავდროულად არასოდეს შემიწყვეტია ფიქრი ჩემი ახირებების (ჩემს ხელსაქმეს ვგულისხმობ) ასრულებაზე. სიმართლე გითხრათ, უფრო დავიხვეწე.

მაინც რა გინდათ თქვათ თქვენი ხელოვნებით და ბოლომდე რეალიზების საშუალება თუ გაქვთ?

რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ჩემი ანტიდეპრესანტია, სიხარულს მანიჭებს. ჩემზეა დამოკიდებული, ბოლომდე ვრეალიზდები თუ არა. ადამიანები ბუნებით ხომ ზარმაცები ვართ? თუ ჩემს ძირითად საქმიანობად გადავაქცევ, მაშინ გავკადნიერდები და თავს უფლებას მივცემ, რამე ვთქვა.

რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, პირველ რიგში, უცხო ქვეყანაში ჩასულს?

პირველ რიგში, ენის ბარიერი იყო უმთავრესი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენა მქონდა იტალიაზე, რეალობასთან შეხება სხვაა.

ჩამოდიხარ და ხვდები, რომ ის, რაც იყავი, აღარ ხარ, შენი სოციალური სტატუსი ფაფუუ! – გაქრა. ეს სტრესის ერთ-ერთი პირობაა. ფაქტობრივად, „კომფორტის ზონიდან“ გამოდიხარ, თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. მითხრეს, მორჩა, უკვე „ჭაობში“ ხარო და იმ მომენტიდან დაიწყო ჩემმა ტვინმა „ჭაობის“ საწინააღმდეგო ფიქრი.

მაქვს კითხვის საშუალება. ინტერნეტში ბევრი საინტერესო მასალაა, რომლითაც შეიძლება ტვინი დააკავო და პოზიტიურად იფიქრო.

სად ცხოვრობთ ამჟამად? ბევრი ქართველი ემიგრანტია თქვენ ირგვლივ და თუ ახერხებთ ერთმანეთთან შეხვედრას, საუბარს?

ამჟამად რომში ვარ. უამრავი ქართველია აქ, ძირითადად, ქალები, ნაკადი არ წყდება. პირველად რომ ამდენი წამოსული ქალი ვნახე და ამდენი დატოვებული ოჯახი წარმოვიდგინე, ძალიან იმოქმედა.

კი, რა თქმა უნდა, ვხვდებით ერთმანეთს, როცა შესაძლებელია.

რა არის მთავარი ემიგრანტისთვის, თქვენი აზრით?

გაბედულება და საკუთარი თავის რწმენა.

ვინ და რა გენატრებათ ყველაზე მეტად, მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფს?

ჩემები მენატრებიან. ყოველი დღე მენანება, რომელსაც ჩემი ქალიშვილის – ანას გარეშე ვატარებ. მენატრება ჩემი მოხუცი დედა, რომელიც მანამდე ატირებული არასოდეს მინახავს და ტირილით გამომაცილა. ყველაფერი მენატრება, თუმცა ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.

სწორად მოიქეცით, მაგრამ ღირს კი ემიგრანტობა მაშინ, როდესაც მატერიალურ პრობლემებს სულიერი ანაცვლებს?

საკითხავი ისაა, სადაც ვიყავით, იქ არ გვქონდა სულიერი პრობლემები, ზედ დართული ფინასური პრობლემებით?! რა იწვევს სულიერ პრობლემას, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვა, რა გინდა და ამის მიხედვით უნდა მოძებნო ძალები საკუთარ თავში. თუ ვერ ძლებ, უნდა დაბრუნდე. თუ მიზანი გაქვს, იმ მიზნისთვის უნდა იბრძოლო ყოველდღე. თუ ღმერთთან სიახლოვე გინდა, მასზე იფიქრე, ტაძარი ღიაა ყოველდღე, თუ შვებას იქ იპოვი. ადამიანებმა ვიცით, სამყარო როგორ მოვაწყოთ, მაგრამ საკუთარ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებთ და ყოველდღე ომი გვაქვს საკუთარ თავთან.

თითოეული ადამიანის უკან თითო ისტორიაა. ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი.

ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ცხოვრებაა… თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

მყავს ორი შვილი – ანა და გივი. გივი ჩემთანაა. ანა 22 წლისაა და ამჟამად დაკავებულია კონრად ადენაუერის ფონდის და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სტაჟირების პროგრამაში.

ეკა ქალიშვილთან ერთად

გივი რა ხნისაა? არ უჭირს მშობლიური ქვეყნიდან შორს ყოფნა?

გივი 21 წლის არის. უჭირს, მაგრამ… ერთად ვუმკლავდებით.

ვის აზრს აფასებთ ყველაზე მეტად?

ავტორიტეტები არ მყავს, მაგრამ თუ რამე მაინტერესებს, აუცილებლად ისეთ ადამიანს ვკითხავ, ვისაც კარგი გამოცდილება აქვს იმ საკითხში, რაც მაინტერესებს.

რა ფასობს თქვენთვის სამყაროში, ნებისმიერ ერში?

ადამიანობა და მხოლოდ ადამიანობა. ჰუმანურობა. თუმცა ამდენი რელიგიური დაყოფის, რასობრივი დაყოფის, პოლიტიკური ნიშნით დაყოფის და მომხვეჭელობის ფონზე, მგონი, ადამიანობაც იკარგება…

იტალიელებში რა მოგწონთ და რა საერთოს ხედავთ ქართველებთან?

პირველი, რაც მომწონს, საქმის თანაბარი განაწილებაა ცოლ-ქმარს შორის. შვილებთან დამოკიდებულება და ვახშამი აუცილებლად ოჯახთან ერთად, არავითარი ძმაკაცებთან გადახვევა და დალევა. სადაც ვმუშაობ და მათ გარშემო რასაც ვხედავ, ესაა – ოჯახის ინტერესები, პირველ რიგში. აქვთ თავიანთი ტრადიციები და ცრურწმენები, რომლებსაც იცავენ.

ადამიანები ვგავართ ერთმანეთს, ან ვართ ექსტრავერტები, ან ინტრავერტები, შემდეგ ფსიქოლოგია გვყოფს ტემპერამენტის ოთხ ტიპად. მერე ინდივიდუალური განვითარება ახდენს გავლენას. ალბათ მაინც ემოციურობაა რაღაც საერთო ქართველებსა და იტალიელებს შორის.

თქვენი მომავლის გეგმები როგორია? პერსონალური გამოფენის მოწყობას არ გეგმავთ?

გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ძალიან ამბიციური ვიქნები.

დაბოლოს, თქვენი სათქმელი იმ თემაზე, რომელზეც მე არ მიკითხავს…

რაც არ გიკითხავთ? რაც მკითხეთ, იმასთან დაკავშირებითაც კიდევ უამრავი სასაუბროა.

არ მკითხეთ, როდის ვბრუნდები საქართველოში, თუმცა პასუხი მაქვს – არ ვიცი.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: ხათუნა კიბაბიძე – „კავკასიელი ჯადოქარი“ იტალიაში

თვითნასწავლი მხატვარი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ხატვა ფლორენციაში დაიწყო

ქართველი ემიგრანტი პოეტი იტალიაში, რომელიც მატეო სალვინის ნათესავი ჰგონიათ

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close