როგორ აგვარებდნენ ძველი ბერძნები „საბინაო საკითხს“ და როგორი იყო მათი სახლები

ე. დიდველი, „პართენონი დასავლეთის მხრიდან“
ძველი საბერძნეთი, თავისი განსაკუთრებული ფილოსოფიით, ფასეულობებით, იდეებით, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდებოდა – მათ შორის, საცხოვრებლის მოწყობაშიც – მომდევნო ცივილიზაციების დიდ ინტერესს წარმოადგენდა. ძველი ბერძნული ინტერიერების ზოგიერთი ელემენტი არქიტექტურაში დღესაც გამოიყენება.
ძველბერძნული სახლის სივრცე

არქეოლოგიური გათხრები საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იძლევა ძველი ბერძნული ოჯახების საცხოვრებლის შესახებ. ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ოლინთოსში ჩატარებული გათხრების შედეგად ასამდე სახლის ნანგრევები შეისწავლეს.

ანტიკური პერიოდის სახლების ნანგრევები ოლინთოსში

იმის შესახებ, თუ როგორ იყო მოწყობილი ძველი ბერძნების სახლები, ანტიკური ლიტერატურის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჰომეროსი თავის პოემაში „ოდისეა“ აღწერდა გმირის საცხოვრებელს, რომელიც საკმაოდ უბრალოდ იყო მოწყობილი. ის შედგებოდა სამი ნაწილისგან – დარბაზი, ეზო და საცხოვრებელი ოთახი, ხოლო იარაღსა და ცხენებს უშუალოდ იმ კედლის მიღმა არსებულ ოთახში უჩენდნენ ადგილს, რომელიც სახლს ქუჩისგან ყოფდა.

ტიპური ბერძნული სახლის იერსახე ჰომეროსის ეპოქიდან (ძვ. წ. აღ-ის მე-8 საუკუნე) ელინიზმის ეპოქამდე იცვლებოდა .

ძველბერძნული სახლის ყველა ნაგებობა განლაგებული იყო ღია შიდა ეზოს ირგვლივ, სადაც ოჯახის მფარველი ღმერთის, ზევსისადმი მიძღვნილ საკურთხეველს ათავსებდნენ. ეზოს პერიმეტრის გაყოლებით განლაგებული გადახურული დერეფნები – პასტადები დროთა განმავლობაში კოლონადად გადაიქცა. ბერძნული ინტერიერის ამ ტიპმა პერისტილის სახელწოდება მიიღო.

ჯ. უ. უოთერჰაუსი, „შიდა ეზოში“

ეზო განათების წყაროს ფუნქციას ასრულდება, სხვა ფუნქციებთან ერთად; სახლის პირველ სართულზე სარკმლებს, როგორც წესი, არ აკეთებდნენ, ხოლო ხშირად სახლს მეორე სართული არ ჰქონდა.

დროთა განმავლობაში ეზოს ცენტრში დაიწყეს აუზის მოწყობა, რომელიც დაქანებული სახურავებიდან ჩამოსული წვიმის წყლით ივსებოდა.

დიდ სახლებს ორი შიდა ეზო ჰქონდა, რომელთაგან ერთი შესასვლელთან, უშუალოდ დარბაზის შემდეგ მდებარეობდა, ხოლო მეორე – შენობის სიღრმეში. მეორე ეზო სახლის ქალთა ფლანგს ეკუთვნოდა, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებოდათ, უახლოესი ნათესავების გარდა. სახლის ეს ნაწილი – გინეკეი (ძვ. ბერძ. γυναικείον) აგრეთვე, მოიცავდა სახლის მფლობელების, მათი ქალიშვილების საძინებელ ოთახებს და მონა ქალების სათავსოებს.

ჯ. უ. გოდვარდი, „უწყინარი გართობა“
სახლის კეთილმოწყობის ძველბერძნული სტილი

ძველბერძნული სახლის მთავარი დამახასიათებელი თავისებურება იყო მისი უბრალოება. ბერძნები მდიდრული სტილით აფორმებდნენ საზოგადოებრივ შენობებს, მათ შორის, ოლიმპოს ღმერთებისადმი მიძღვნილ ტაძრებს, ხოლო საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ისინი საკმაოდ ასკეტურ სტილს ირჩევდნენ. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სიმდიდრის საჯაროდ გამოჩენა უკიდურესად უგვანი საქციელი იყო. ეს დამახასიათებელია ძველი საბერძნეთის ისტორიის ყველა პერიოდისთვის, გარდა ელინიზმის ეპოქისა, როცა ძვ. წ. აღ-ის მე-4 საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი ომებიდან დაწყებული, მოდაში თანდათან შემოვიდა ფუფუნება.

ელინიზმის ეპოქაში მოდაში თანდათან შემოვიდა ფუფუნება

ბერძნული სახლი ისე შენდებოდა, რომ ადამიანებს ზაფხულის ხვატისგან იცავდა, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო ზამთრის პერიოდში შენობებში საკმაოდ ციოდა. სითბოს მთავარ წყაროს წარმოადგენდა კერია და გადასატანი მაყალი, რომელშიც ნაფოტებს და გამომშრალ შეშას ანთებდნენ, განათების მიზნით კი ფისის ჩირაღდნებს იყენებდნენ.

ჯ. უ. უოთერჰაუსი, „კერიის ქალღმერთები“

სახლის მთავარი ნაგებობა იყო ანდრონი – მამაკაცების ოთახი, სადაც სახლის პატრონი იღებდა სტუმრებს და მართავდა ნადიმებს-სიმპოსიუმებს (ძვ. ბერძ. συμπόσιον); ოჯახური ცხოვრების ცენტრი – ოიკოსი კი წარმოადგენდა ოთახს კერიით, რომლის მფარველად ქალღმერთი ჰესტია მიიჩნეოდა. საცხოვრებელი ოთახების განლაგებას სახლის ჩრდილოეთ ნაწილში ცდილობდნენ, ხოლო ნაგებობებს ერთმანეთისგან ხშირად გამოყოფდნენ არა კარებით, არამედ პორტიერებით, ფარდებით. ინტერიერი საკმაოდ უბრალოდ იყო მოწყობილი: იქ იდგა უბრალო ავეჯი და ხისგან გამოთლილი სკამები, მაგიდები და საწოლები. როგორც ჩანს, ბალიშებს ბერძნები მხოლოდ დღის განმავლობაში იყენებდნენ ზურგს უკან ამოსადებად, ხოლო ღამით, ძილის დროს არ ხმარობდნენ.

ბერძნების ავეჯი უბრალო იყო – სარეცელს საზურგე არ ჰქონდა

ძველი ბერძნები ნივთებს სხვადასხვა ზომის სკივრებში ინახავდნენ; ამასთან, თავიდან ისინი არ იკეტებოდა: ჰომეროსის დროს სახურავს ქსოვილების ზონრებით აფიქსირებდნენ. კედლები ელინურ ეპოქამდე ძალიან სადად იყო გაწყობილი, ხშირად მათ თეთრად არც კი ღებავდნენ.

ელინიზმმა სახლის მოწყობაში ცვლილებები შეიტანა – ინტერიერის მოწყობა უფრო მდიდრული გახდა, მეტ ყურადღებას უთმობდნენ კედლების სილამაზეს და გაწყობას, საკუთარ კომფორტს. ძვ. წ. აღ-ის მე-4 საუკუნიდან საცხოვრებელ სახლებში გაჩნდა ფრესკები და მოზაიკები, აგრეთვე, მოდაში შემოვიდა ნაძერწი ორნამენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობდა 10-12 სანტიმეტრი სიმაღლის ქანდაკებები ქალაქ ტანაგრიდან, რომლებსაც ტერაკოტისგან (გამომწვარი თიხა) ამზადებდნენ და შემდეგ ზედ აკვარელით ხატავდნენ.

პატარა ქანდაკებები ტანგარიდან

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბერძნულ სახლებში გათვალისწინებული იყო სააბაზანოები, სადაც წყალი მილებით მიეწოდებოდა. მდიდარი ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, სახლში აბანოც მოეწყოთ.

ჰ. რაილენდი, „კორინთოელი ქალები“
საბინაო საკითხი და იჯარა

ათენის ცენტრალური უბნები – მაგალითად, პნიკსი და არეოპაგი – საკმაოდ ინტენსიურად შენდებოდა. აქ სახლებში მინიმალური რაოდენობის ოთახები იყო და სახლების შესასვლელი უშუალოდ ქუჩაში გადიოდა. სამაგიეროდ, გარეუბნებში, მაგალითად, კერამიკის რაიონში (სადაც მწერალმა ივან ეფრემოვმა „თაის ათენელი“ „დაასახლა“) დიდი ზომის, ხშირად ორსართულიან სახლებს აშენებდნენ, რომლებიც გალავნით იყო გარშემორტყმული.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში სახლებს სპეციალურად აგებდნენ გასაქირავებლად. ასეთ შენობებს – სინოციებს, რომლებიც თანამედროვე კონდომინიუმებს ჩამოჰგავდა – ერთიმეორის გაყოლებით, ქუჩების გასწვრივ აშენებდნენ.

თარგმნა კობა ჯანიაშვილმა

ძველბერძნული სახლის ნანგრევები
წყარო: rua.gr

ასევე, დაგაინტერესებთ: NON NOCERE – ვინ არის „ჰიპოკრატეს ფიცის“ ავტორი?

მანი – სვანური კოშკების ბერძნული ანალოგების სამშობლო

იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული თბილისური სადარბაზოები

კომენტარები