საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალქეობის მიღების წესებს ნაწილობრივ ცვლის გენდერული თანასწორობის, მოქალაქეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხების რეგულაციასთან დაკავშირებით 20 მარტს საბერძნეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მეორე ნაწილი. ახალი კანონის ძირითადი დებულებანი 26 მარტს, ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ შევიდა ძალაში, ზოგიერთი მუხლი კი 31 მაისიდან იძენს კანონიერ ძალას.

წინა სტატიაში უკვე გაგაცანით კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები, ამ სტატიაში გაგაცნობთ დანარჩენ დებულებებს, რომლებიც ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებას უკავშირდება.

ახალი კანონის 33-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა განაცხადის შეტანის დროს კომპეტენტურ ორგანოში უნდა წარადგინოს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ყოველი წლის საშემოსავლო დეკლარაცია (Εκκαθαριστικό Σημείωμα). ძველი რეგულაციით საჭირო იყო მხოლოდ ბოლო ფინანსური წლის დეკლარაციის წარდგენა.

მეორე პარაგრაფის მიხედვით, განაცხადის შეტანისას სავალდებულო ბაჟი (Παράβολο) 550 ევრომდე მცირდება, 700 ევროდან.

კანონის 34-ე მუხლის მეორე და მესამე პარაგრაფების მიხედვით, კომპეტენტური ორგანო, მას შემდეგ, რაც კანდიდატის განაცხადს ჩაიბარებს, საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რათა ამ უკნასკნელმა გასცეს ცნობა კანდიდატის ნასამართლეობის შესახებ და, ასევე, გააკეთოს კომპეტენტური დასკვნა, ხომ არ შეუქმნის კონკრეტული პირის მიერ საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია მოთხოვნას პასუხი ოთხი თვის ვადაში გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა უსაფრთხოების ორგანოს აზრის გაუთვალისწინებლად გაგრძელდება.

ამის შემდეგ კომისია კანდიდატს გასაუბრებაზე იწვევს. გასაუბრების დროს კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს ნებისმიერი საბუთი, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ, რათა დაამტკიცოს, რომ მისი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული საბერძნეთთან. სავარაუდოდ, აღნიშნული ახალი რეგულაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს განაცხადის განხილვის ვადებს.

მეოთხე პარაგრაფის მიხედვით, გასაუბრებაზე კანდიდატის გამოძახება ხდება მისთვის შესაბამისი მოწვევის გადაცემით. თუკი ორი მცდელობის შემდეგ შეუძლებელი გახდება კანდიდატისთვის მოწვევის პირადად გადაცემა, განაცხადი უქმდება. ეს დებულება ახალი კანონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნაწილია, რადგან შეუძლებელია კანდიდატმა წინასწარ იცოდეს, როდის მივა მასთან კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი, რათა მოწვევა გადასცეს. იმედია, ცირკულარი, რომელიც აღნიშნული კანონის დაზუსტების მიზნით გამოვა, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში.

მეექვსე პარაგრაფის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდის (ტესტის) შედეგი უარყოფითი იქნება, კანდიდატს უფლება აქვს გაასაჩივროს 15 დღის ვადაში. გასაჩივრების შემთხვევაში იგი იხდის სახელმწიფო ბაჟს 100 ევროს ოდენობით.

მე-7 პარაგრაფის მიხედვით, ბერძნული წარმოშობის პირები გამოცდას არ აბარებენ. მათ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც მინისტრი თავად ჩათვლის საჭიროდ, რომ კანდიდატს გამოცდა დაუნიშნოს. იგულისხმება, რომ მინისტრს შეიძლება ეჭვი შეეპაროს, არის თუ არა კონკრეტული პიროვნება ნამდვილად ბერძნული წარმომავლობის.

კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, თუკი კანდიდატი მუდმივად არ ცხოვრობს საბერძნეთში განაცხადის შეტანიდან ტესტირებაზე გამოძახებამდე პერიოდში, მისი განაცხადი ძალას კარგავს. თუკი აღნიშნულ პერიოდში კანდიდატი იძულებული გახდება საზღვარგარეთ წავიდეს საპატიო მიზეზით 18 თვემდე პერიოდით, განაცხადი არ უქმდება, მაგრამ პროცედურა დროებით ჩერდება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა კომპეტენტურ დაწესებულებას შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს. ნატურალიზაციის პროცედურა გაგრძელდება კანდიდატის საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ იმდენ ხანში, რა ხნითაც ის ქვეყნის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდა.

კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ ბერძნული წარმოშობის პირებს, რომლებიც არიან სრულწლოვანები და ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ან ლეგალურად ცხოვრობენ საბერძნეთში. გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე იღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ცალკე გადაწყვეტილებით განსაზღვრავს განაცხადის შეტანისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს.

42-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭება ხდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, განაცხადის შეტანიდან ერთ წელიწადში. იმისათვის, რომ პროცედურა დასრულებულად ჩაითვალოს, გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში, კანდიდატმა საბერძნეთის მოქალაქის ფიცი უნდა დადოს.

43-ე მუხლის მიხედვით ყალიბდება მოქალაქეობის საკითხთა მთავარი სამმართველო, რომლის კომპეტენციაში ექცევა მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განისაზღვრება სამმართველოს უფლება-მოვალეობები.

განმარტებისათვის: აღნიშნული წერილის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს ზოგადად ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა საბერძნეთის კანონმდებლობაში და ეხება ნატურალიზაციის გზით ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას. ჩვენი ვებგვერდი არ ეწევა იურიდიულ კონსულტაციას. ამავე დროს, კანონი შეიცავს გარკვეულ, მნიშვნელოვან იურიდიულ დეტალებს, რომელთა შესახებ განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ზოგადი ინფორმაციის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ კომპეტენტურ იურისტებს, რათა კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი დეტალები დააზუსტონ.

სტატიის პირველი ნაწილი ახალი კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესახებ ნახეთ აქ.

მოამზადა გიორგი ჯანელიძემ

ამავე თემაზე: ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)

თავად კანონს ბერძნულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მისამართზე: https://www.kodiko.gr/nomologia/download_fek

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close