„დათბობა“ 27-წლიანი უთანხმოების შემდეგ და ისტორიული სელფი – ალექსის ციპრასი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ეწვია

ფოტო: AFP
ალექსის ციპრასი საბერძნეთის პირველი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 1991 წლის შემდეგ მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ჩავიდა. სკოპიემ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს და მის თანმხლებ მრავალრიცხოვან დელეგაციას სამშაბათს, 2 აპრილს უმასპინძლა.

ციპრასთან ერთად მაკედონიაში ჩავიდა 10 ბერძენი მინისტრი და ბიზნესწრეების 100-მდე წარმომადგენელი.

სკოპიეში, პარლამენტის შენობის წინ ბერძენ კოლეგასთან ერთად გადაღებული ისტორიული ფოტო-სელფი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ლიდერმა ზორან ზაევმა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი პირველად ჩამოდის ჩრდილოეთ მაკედონიაში. ნამდვილად ისტორიული დღეა“, – დაწერა ზაევმა ტვიტერში.

ალექსის ციპრასმა სკოპიეში გადაკვეთა „მეგობრობის შოსე“, რომელსაც ადრე „ალექსანდრე მაკედონელის შოსე“ ეწოდებოდა, თუმცა საბერძნეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით 2018 წლის თებერვალში სახელი გადაარქვეს და „მეგობრობის შოსე“ უწოდეს. ბერძნები სკოპიელებს, ყველაფერთან ერთად, ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობის მითვისებისკენ სწრაფვაშიც ადანაშაულებდნენ.

ციპრასის ვიზიტის დროს შერიგებული მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ახლახან შექმნილი თანამშრომლობის საბჭოს მუშაობაში.

ციპრასი და ზაევი ახალი სასაზღვრო გადასასვლელის შექმნაზეც შეთანხმდნენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის მეთაურებმა იმსჯელეს, სასკოლო სახელმძღვანელოების ანალიზის მიზნით ექსპერტების ერთობლივი მუშაობაა. ციპრასმა აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობის განხილვამ კარგად ჩაიარა.

თუმცა ვიზიტის წინ მაკედონიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსის ციპრასმა აღიარა, რომ ბერძენი ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს ძველებურად აწუხებს სახელწოდების საკითხი.

მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბერძენთა 73% „უფრო არ მიესალმება“ შეთანხმებას, რომელიც საბერძნეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან დადო.

ციპრასმა დასძინა, რომ ორივე მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო, რათა საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ნდობის დონე გაიზარდოს.

ფოტო ზორან ზაევის ტვიტერის გვერდიდან

როგორც ცნობილია, საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ ამ პატარა სახელმწიფოს შორის დავა სახელწოდების თაობაზე 1991 წლიდან გრძელდებოდა. საბერძნეთი მის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ დაფიქსირებას ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ისტორიული რეგიონის, მაკედონიის არსებობის გამო. გასული წლის 17 ივნისს ათენსა და სკოპიეს შორის პრესპასთან დადებული შეთანხმების თანახმად, რომლის რატიფიცირებაც ორივე ქვეყანამ მოახდინა, ყოფილი იუგოსლავიის პატარა რესპუბლიკას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდა და გზა გაეხსნა ნატოსა და ევროკავშირისაკენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ 6 თებერვალს ხელი მოაწერა ოქმს ნატოში შესვლის შესახებ. მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი 29-ვე სახელმწიფო ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს 30-ე წევრი გახდება.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: BBC

კომენტარები