საზოგადოებაინტერვიუსაბერძნეთი

რატომ უწოდებს ახალგაზრდა ბერძენი თავის „მეორე სამშობლოს“ საქართველოს, სადაც ჯერ არც კი ყოფილა?

ჩვენი რესპონდენტი ბერძენი ახალგაზრდა გიორგოს პაპადოპულოსია (ΓΙΏΡΓΟΣ ΠΑΠΑΔΌΠΟΥΛΟΣ), რომელიც მართალია საქართველოში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ იცის; მეტიც, საქართველოს თავის „მეორე სამშობლოს“ უწოდებს. რატომ? ამას უკვე გიორგოსთან ინტერვიუდან შევიტყობთ. მადლობა მას გულწრფელი საუბრისთვის.

მოგესალმებით, მე ვარ გიორგოს პაპადოპულოსი, პროფესიით ელექტროინჟინერი; ტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, ამჟამად ვცხოვრობ  ქალაქ პირეოსში  (Πειραιάς – საბერძნეთის საგარეო ვაჭრობის მთავარი პორტი ეგეოსის ზღვის ნაპირას, საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქი – თ. ო.) და მაქვს საკუთარი ბიზნესი. ადრე მეგონა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი იყო. ქართველს არავის ვიცნობდი, რომ გამეგო, როგორი ხალხია; მხოლოდ ცოტა რამ ვიცოდი აქ მყოფი ზოგიერთი ქართველის შესახებ, ისიც ტელევიზორიდან და კარგი შთაბეჭდილება არ მქონდა, რადგან თითქმის ყველა ინფორმაცია არასასიამოვნო იყო. ერთ მშვენიერ დღეს სიყვარულმა მომიკაკუნა კარზე და ამ სიყვარულს ქართული ღვინის სუნი ჰქონდა… ეს იყო და არის ჰაერი კავკასიის მთებიდან. ამ ადამიანმა შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება, გამაცნო საქართველოს ადათ-წესები, შემიცვალა შეხედულება ქართველ ხალხზე…

და ვინ არის ეს ადამიანიროდის, რა ვითარებაში, როგორ გაიცანით თქვენი რჩეული? რით მიიქცია მან თქვენი ყურადღება?

ლალო (ლალი ყაველაშვილი – თ. ო.) დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გავიცანი სრულიად შემთხვევით, კაფეში. დავინახე თუ არა, ძალიან მომეწონა, მაგრამ მას არ უნდოდა ჩემი გაცნობა, რადგან ახალი ჩამოსული იყო ათენში და ბერძნული ერთი სიტყვაც არ იცოდა. იმდენად მომეწონა მისი აურა, მისი ღიმილი, თვალები, რომ ყურადღება არ მიმიქცევია, იცოდა თუ არა ბერძნული. გაგიკვირდებათ და – „გუგლ თრანსლეითის“ საშუალებით ვკონტაქტობდით. ალბათ მეტყვით, რომ დამღლელი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როცა გულით გინდა რაღაც, მაშინ ყველაფერი გიადვილდება.

დამაინტერესა, რა ქვეყნიდან იყო ჩემი ცხოვრების ადამიანი, ბევრი რამ წავიკითხე და ასე ნელ-ნელა გავიცანი საქართველო. ვიცი, რომ აქვს საკუთარი ისტორია და შესანიშნავი კულტურა, თავისი ცივილიზაცია და ტრადიციები. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, მომწონს ქართული სამზარეულო, ცეკვა… ერთ დღეს ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტზე ვიყავით, არაჩვეულებრივი საღამო იყო. სხვათა შორის, მათი სამოსი რაღაცით ჩვენი, კრეტელი და პონტოელი ბერძნების ტრადიციულ სამოსს ჰგავს. საქართველო ძალიან ახლოსაა თავისი კულტურით ჩვენთან. რაც მთავარია, ღვთის მოშიში ერია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

საქართველოში უკვე იყავით?

არა, ნამყოფი არ ვარ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე და ახლო მომავალში გეწვევით. გავიგე, რომ საქართველოს რუსეთთან კავშირი არ აქვს. ახლა ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და მინდა ახლოდან გავიცნო.

რის ნახვას აპირებთ, პირველ რიგში, როცა ესტუმრებით?

მინდა მოვინახულო იმერეთი – ლალოს მშობლიური მხარე; თბილისი, თავისთავად; ძალიან მაინტერესებს სოფლები, სადაც ბერძნები ცხოვრობენ.

იფიქრებდით ოდესმე, რომ ცოლად უცხოელს მოიყვანდით?

არა, არ მინდოდა უცხოელი ცოლი, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“!!! როცა ლალო გავიცანი, ჩემთვის სამყარო შემოტრიალდა; მან დამანახვა ის, რაც მენატრებოდა, შემივსო ყველაფერი, რაც მაკლდა და უბედნიერეს ადამიანად მაქცია.

ქართული ენის სწავლას ხომ არ აპირებთ?

ვსწავლობ ნელ-ნელა, ცოტა რამ მესმის კიდეც, როცა საუბრობენ. რატომ არ ვისწავლი?! სხვა ენები თუ ვიცი, ქართულმა რა დააშავა?! თანაც უკვე ვთქვი, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა.

რომელი ენები იცით?

ინგლისური, ფრანგული…

როგორც ვიცი, თქვენი რჩეულის დედას და დასაც იცნობთ, რომლებიც უკვე წლებია საბერძნეთში იმყოფებიანვფიქრობ, მოინდომებდნენ ქართული საჭმელები გაგესინჯათ, რა მოგეწონათ განსაკუთრებით?

კი, გავიცანი მისი დედა და დაიკო, რათა უფრო კარგად გამეცნო ის, ვის გვერდითაც ვაპირებ მთელი ცხოვრების გატარებას. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: ძალიან მომეწონა დედამისი – თბილი და სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა; ძალიან კარგი გოგოა ლალოს დაიკოც. ქართული კერძებიდან მომწონს ხაჭაპური, ხინკალი, მჭადი. ქართულ რესტორანშიც ვიყავით და ძალიან ვისიამოვნეთ. აქ არის ქართული საცხობი და  ხშირად ვსტუმრობ, თითქმის ყველაფერი კარგი და გემრიელი აქვთ: კუბდარი, ხაჭაპური, ლობიანი.

ემიგრანტებზე რას ფიქრობთ?

ბოლო წლებია საბერძნეთში ბევრი ემიგრანტი გვყავს, პრობლემა არ არის, ყველანი ღვთის შვილები ვართ… ადამიანები მთავარია პატიოსნად მუშაობდნენ, არ მესმოდეს ის, რაც ადრე ტელევიზორიდან მესმოდა. როცა რაღაც ცუდი ხდება და ეს უკვე ქართველს ეხება, ორმაგად არასასიამოვნოა ჩემთვის. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ისეთი ადამიანი გამომიგზავნა უფალმა, როგორიც ლალოა. მადლობა მას ამ ყველაფრისთვის!

თქვენმა ახლობლებმა, მეგობრებმა რა თქვეს, როცა შეიტყვეს, რომ ცოლად ქართველი გოგონას მოყვანას აპირებთ?

თავიდან ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა მითხრეს: ფრთხილად, არაფერს იტყუებოდესო, რადგან, როგორც აღვნიშნე, საბერძნეთში ბევრ ქართველს არ აქვს კარგი სახელი, უფრო მამაკაცებს ვგულისხმობ (ქურდობა, მაფია და ასე შემდეგ). როცა ლალო გაიცნეს, შეხედულება შეეცვალათ. ყველგან არსებობს კარგი და ცუდი ადამიანი.

თქვენს თანამემამულეებს, ბერძნებს რას ეტყოდით?

ჩემს თანამემამულეებს ვეტყოდი, რომ ქართველი ხალხი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. საინტერესო ისტორიისა და კულტურის მქონე ერია. პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ დიდ განძს ატარებს.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close