ჰოროსკოპი

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?

რატომ ხდება, რომ ზოგიერთების ხელში ფული თითქოს პირდაპირ ზეციდან ცვივა, ხოლო ზოგიერთები კი მას მძიმე შრომით, ისიც მხოლოდ იმდენს გამოიმუშავებენ, რომ მშიერი არ იყვნენ?  – ამ კითხვაზე პასუხს ადამიანები უხსოვარი დროიდან ეძებენ, მათ შორის, ასტროლოგებიც, რომლებიც გულდასმით აკვირდებიან ცაში ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგებას.

ასტროლოგიის ზოგს შეიძლება სჯეროდეს, ზოგსაც არა, მაგრამ ფაქტია: კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, ფულიანი ადამიანები არიან. ჯერ კიდევ ძველ დროში ოქროს ხარი ითვლებოდა სიმდიდრისა და დოვლათის სიმბოლოდ.

აი, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ამ მხრივ ნაკლებად გაუმართლათ. ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, ისინი მზად არიან მუხლჩაუხრელად იშრომონ, თუმცა საერთოდ არ ეხერხებათ ამის სანაცვლოდ მეტ-ნაკლებად შესაფერისი გასამრჯელოს მოთხოვნა.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება ასეთი შეკითხვა: რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არ არის დაბადებული? ნუთუ მისი ხვედრი მთელი ცხოვრების გაჭირვებაში გატარებაა?

ირკვევა, რომ საქმე ასე ცუდად სულაც არ არის და ამაში ასტროლოგებს ფსიქოლოგები ერთხმად ეთანხმებიან. საქმე ისაა, რომ ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშანი – ეს არის არა ბედის წინასწარმეტყველება, არამედ ხასიათის იმ თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს დაბადებიდან ეძლევა; ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ჰოროსკოპის ამა თუ იმ უარყოფითი ზემოქმედების გადასალახად მოგიწევთ არა ფორტუნასთან ბრძოლა, არამედ საკუთარ თავში გარკვეული თვისებების შეცვლა. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ყველას შეუძლია. ამას გულისხმობენ ფსიქოლოგებიც, როცა ამბობენ: ერთი და იმავე პირობებში ერთ ადამიანს შეუძლია დიდძალი კაპიტალი დააგროვოს, მეორე კი – საერთოდ გაღატაკდეს. თუმცა, თუ ის ადამიანი, ვისაც ბიზნესის წარმოება არ გამოსდის, გააცნობიერებს თავის მიერ დაშვებულ შეცდომებს, ცოტათი შეიცვლის ხასიათს, შეისწავლის წარმატებული ადამიანების მოქმედების სტრატეგიას და მათ გამოცდილებას გამოიყენებს, დროთა განმავლობაში შეძლებს თვითონაც გახდეს წარმატებული და ფინანსები მოიზიდოს.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, არაფერი უშლის ხელს, მაგალითად, ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენელს, გამოავლინოს კუროს ნიშნის წარმომადგენლის შეუპოვრობა. ამ თვალსაზრისით, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება შეუცვლელ დამხმარედ მოგევლინოთ: ის საკუთარ თავს გვერდიდან დაგანახვებთ, რითაც შეძლებთ, შეაფასოთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და აქედან გამომდინარე იმოქმედოთ. თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების შესაძლებლობას გაზრდით.

ვერძი

ფულთან ვერძს მშვიდი დამოკიდებულება აქვს. ფული მისთვის არის არა თვითმიზანი, არამედ   – მხოლოდ საშუალება, რომელიც მას საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამ დამოკიდებულების კარგი მაგალითია ის ფაქტი, რომ დიდებასა და ფულს შორის არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ვერძი, დიდი ალბათობით, დიდებას აირჩევს. სხვათა შორის, ვერძის კარიერული მისწრაფებები მის ფინანსურ კეთილდღეობაზეც ახდენს გავლენას. მას შეუძლია არა მხოლოდ კარგად მუშაობა, არამედ კარგად გამომუშავებაც.

კურო

კურო ზოდიაქოს ძალიან ფულიანი და მიზანსწრაფული ნიშანია. მატერიალური კეთილდღეობა და საკუთრება კუროსთვის ერთ-ერთი უპირველესი ფასეულობაა. ცხოვრებაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დოვლათი და კომფორტი და ადრე თუ გვიან ის ამ მიზანს მიაღწევს მას შემდეგ, რაც არც თუ ისე მცირე კაპიტალს დააგროვებს. როცა სოლიდური ქონების მფლობელი ხდება, რომელსაც მძიმე შრომით გამოიმუშავებს, კუროს არ სჩვევია ფულის ქარისთვის გატანება. მას ძუნწს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ყაირათიანი მხარჯველია.

ტყუპი

ფულს, ისევე როგორც ცხოვრებაში ყველაფერს, ტყუპები თავიანთი ცვალებადი განწყობიდან გამომდინარე უდგებიან. მათთვის ფული, თავისთავად, არ წარმოადგენს თვითმიზანს, თუმცა ის მათ აძლევს თავისუფლებისა და მათთვის დამახასიათებელი სიახლისკენ მუდმივი სწრაფვის დაკმაყოფილების – მოგზაურობის, ახალი კერძების დაგემოვნების, საყიდლებზე სიარულის შესაძლებლობას. განწყობის მიხედვით, ტყუპებს შეუძლიათ ერთ დღეს ფული ქარს გაატანონ უსარგებლო ნივთების შეძენისას, ხოლო მეორე დღეს თითოეული თეთრიც კი ყაირათიანად გახარჯონ, თუმცა ეს უკანასკნელი მათთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი.

კირჩხიბი

კირჩხიბი – ზოდიაქოს ძალიან ხელმომჭირნე და ამდენად, ძალიან ფულიანი ნიშანია. ის ფულს იმ მიზნით არ აგროვებს, რომ შემდეგ ფუფუნებაში იცხოვროს. მისი გაგებით, ფული – ეს არის მარაგი, დაზღვევა, რომელიც მას შავი დღისთვის ყოველთვის უნდა ჰქონდეს გადანახული. მართალია, ამ დაზღვევის შექმნა კირჩხიბს ხშირად იმდენად იტაცებს, რომ ზომიერების ყოველგვარ გრძნობას კარგავს, ასე რომ, ყოფაში ყაირათიანობა სიძუნწეში გადაიზრდება ხოლმე. ასეა თუ ისე, საკუთარი წინდახედულობის წყალობით კირჩხიბი დროთა განმავლობაში საკმაოდ სოლიდური ფინანსების მფლობელი ხდება. ამასთან, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ მას თავისი დანაზოგებისთვის შენახვის ყველაზე საიმედო ფორმა აქვს მოძებნილი და ამიტომ არავითარი კრიზისები არ ემუქრება.

ლომი

ლომი – მაქსიმალისტია და ფულთან მიმართებაშიც, ისევე როგორც სხვა ყველაფერში, ზომიერებით არ გამოირჩევა. მას უყვარს ფუფუნებაში ცხოვრება – აცვია ძვირადღირებული ტანსაცმელი, დადის უახლესი მოდელის ავტომანქანით, ცხოვრობს მდიდრულ სახლში. მისმა მრავალრიცხოვანმა მეგობრებმა და ნაცნობებმა იციან, რომ მისგან ყოველთვის შეუძლიათ საკმაოდ დიდი თანხის სესხად აღება. და ეს მაშინ, როცა ლომის ფინანსები უსაზღვრო სულაც არ არის და ფულის უყაირათოდ ხარჯვის ჩვევას ის ხანდახან სიღარიბის ზღვართანაც კი მიჰყავს. თუმცა ენერგიული ლომი, როგორც წესი, სწრაფად პოულობს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან, რათა შემდგომში საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრას.

ქალწული

ფულთან მიმართებაში ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები ერთობ ყაირათიანები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი დიდი შრომის ფასად ეძლევათ, ამიტომ კარგად იციან თითოეული თეთრის ფასი. ამას გარდა, ისინი ცხოვრებას „ვარდისფერი სათვალეებით“ არ უყურებენ: რეალობას ჯანსაღად აფასებენ და აცნობიერებენ, რომ სიღარიბისგან არავინაა დაზღვეული, ხოლო იმედი მხოლოდ საკუთარი თავის შეიძლება გქონდეს. სწორედ ამიტომ, ყოფაში ქალწულმა საკუთარ თავს შეიძლება სულ მცირე რამეზეც კი უთხრას უარი იმისათვის, რათა მოახერხოს „შავი დღისთვის“ საკმაოდ სოლიდური თანხის გადანახვა. ქალწულს დიდძალი მემკვიდრეობაც რომ ერგოს, დარწმუნებული იყავით – ის ფულს შემდგომშიც ხელმომჭირნედ დახარჯავს. სხვათა შორის, ქალწული სულაც არ არის ხარბი და ძუნწი: იგი ხელმომჭირნეა, თუმცა სავსეა თანაგრძნობით და საჭიროების შემთხვევაში ახლობელ ადამიანს სიამოვნებით გაუწვდის დახმარების ხელს.

სასწორი

ფულთან სასწორს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ახასიათებს. თავისი ცვალებადი განწყობიდან გამომდინარე, ის ხან გადაჭარბებულ ყაირათიანობას ავლენს, ხან კი გაუმართლებლად დიდ ხარჯებზეა წამსვლელი. თუ ამ უკიდურეს გამოვლინებებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში, სასწორისთვის დამახასიათებელია ფინანსებისადმი საკმაოდ გონივრული დამოკიდებულება: ისინი უპირატესობას   ხარისხიანი საქონლის მისაღებ ფასად შეძენას ანიჭებენ.

მორიელი

თავისი ბუნებით, მორიელი გამარჯვებულია, რომელიც ყოველთვის ახერხებს, მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ის უსაზღვროდ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და მიზნების რეალიზაციისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველა წინააღმდეგობის გადალახვა, ამიტომ ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. ფულთან მიმართებაში მორიელი ყოველთვის საკმაოდ მშვიდია, თუმცა უყვარს კომფორტი (ფუფუნებაც კი) და სრულად შეუძლია დააფასოს ის თავისუფლება, რომელსაც დიდი ფული ანიჭებს ადამიანს. თუ გამდიდრებას დაისახავს მიზნად, მორიელი ამას აუცილებლად მიაღწევს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენელი ნიავივით ლაღია: სამუშაოზეც და ფინანსების სფეროშიც ეს ერთდროულად მისი უპირატესობაცაა და მთავარი ნაკლიც. მაშინაც კი, როცა საკმაოდ დიდ ფულს იშოვის, შეიძლება თვიდან თვემდე საკმაოდ მომჭირნედ იცხოვროს. ფინანსებთან დამოკიდებულებაში ის უყაირათოა, ხოლო მისმა გულუხვობამ და თანაგრძნობის უნარმა საზღვარი არ იცის. განწყობიდან გამომდინარე, მას შეუძლია ფული ქარს გაატანოს, შემთხვევით ნაცნობს ასესხოს და გაჭირვებულს დაეხმაროს. ამ ხასიათის გამო მას უჭირს დანაზოგების დაგროვება, თუმცა, არც თუ იშვიათად, ბედი სიცოცხლისმოყვარე  მშვილდოსანს ანებივრებს და ფული მას ხელში ადვილად უვარდება.

თხის რქა

თხის რქის დამოკიდებულება ფულის მიმართ ძალზე პრაქტიკული და გონივრულია. ახალგაზრდობაში, როდესაც დიდი სახსრები არ გააჩნია, თხის რქას შეუძლია ძალიან მოკრძალებულად იცხოვროს იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში სოლიდური კაპიტალი დააგროვოს. შემდეგში კი კარიერულ კიბეზე წინსვლა, როგორც წესი, თხის რქას ძალიან შეძლებულ ადამიანად აქცევს, თუმცა ის მაინც გააგრძელებს ფულის გონივრულად ხარჯვას. თხის რქა ფულს არასდროს გაატანს ქარს, არასდროს გასცემს სესხს მყარი გარანტიების გარეშე და არასდროს გაწევს გაუაზრებელ ხარჯს, რა მდიდარიც არ უნდა იყოს.

მერწყული

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფულის მიმართ საკმაოდ მშვიდი დამოკიდებულება აქვთ. თავისი შემოქმედებითი, მაგრამ არც თუ პრაქტიკული ნატურიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ იყვნენ როგორც ძალიან მდიდრები, ისე თითქმის ღატაკებიც. ორივე შემთხვევაში მერწყული არ დაჰკანკალებს თითოეულ თეთრს, თუმცა მას ფულის მფლანგველსაც ვერ ვუწოდებთ.

თევზები

თევზები ძალიან ნიჭიერი, მაგრამ არაპრაქტიკული ნიშანია: ცხოვრებაში მათ შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს ან არაფერს. თევზებისთვის ფული მხოლოდ საშუალებაა და არა – მიზანი. ამასთან, ფული მათთვის ის საშუალებაა, რომელიც არ გაამდიდრებს მათ ისედაც მდიდარ შინაგან სამყაროს. სწორედ ამიტომ, თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლები ფინანსების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენენ, ხოლო გამდიდრების შემთხვევაში მათი თანამგრძნობელი ხასიათი თავს იჩენს სხვების გულუხვ დახმარებასა და ქველმოქმედებაში.

თამთა გურული

მსგავს თემაზე:  ნახეთ, რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close