ადამიანთა ერთი ნაწილი არ მიიჩნევს დიდად მნიშვნელოვნად მშობლიური ენის გრამატიკის წესების ცოდნას, ამბობენ, რომ ისედაც მშვენივრად ლაპარაკობენ და წერენ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი დამოკიდებულებაა. გრამატიკა ენის ხერხემალია და მისი ცოდნა გვაძლევს უნარს, ჩვენი ენა ქართული უცხო ენების აგრესიული შემოტევებისგან დავიცვათ. ქართული ენის გრამატიკა სხვებისგან ძალიან განსხვავდება. თუნდაც ზმნა ავიღოთ – მოგეხსენებათ, ქართულ ზმნას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და ჩვენი ენა ამითაც გამორჩეულია. ერთი ზმნით შეგვიძლია ვთქვათ ის, რისთვისაც სხვებს რამდენიმე სიტყვის გამოყენება დასჭირდებოდათ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, ეს ერთიც საკმარისია: მიჭმიე (4-პირიანი ზმნაა – მე, შენ, მას, ის. დავუშვათ, ადამიანს აგვიანდება და ვინმე სხვას – ოჯახის წევრს, ნათესავს – სთხოვს, ბავშვს საჭმელი მის მაგივრად აჭამოს).
წინამდებარე ტესტი რთული არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში გვავიწყდება ნასწავლი, ჰოდა, მოდით, გავიმეოროთ. სწორი პასუხები ჩაინიშნეთ და ტესტის ბოლოს გადაამოწმეთ.
1. რომელი მეტყველების ნაწილია „ხშირად“?
ა. ნაცვალსახელი
ბ. შორისდებული
გ. ზმნიზედა
დ. ნაწილაკი
2. რომელ ბრუნვაშია სიტყვა „სახლში“?
ა. სახელობითში
ბ. მიცემითში
გ. ვითარებითში
დ. მოქმედებითში
3. რამდენპირიანია ზმნა „ვუკეთებ“?
ა. 2-პირიანი
ბ. 3-პირიანი
გ. ერთპირიანი
დ. 4-პირიანი
4. წინადადების რომელი წევრია სიტყვა „ფაფას“ წინადადებაში: „დედა ბავშვს ფაფას უმზადებს“?
ა. პირდაპირი დამატება
ბ. განსაზღვრება
გ. ირიბი დამატება
დ. ქვემდებარე
5. რა არის „უ“ ზმნურ ფორმაში „ვუსმენ“?
ა. პირის ნიშანი
ბ. ქცევის ნიშანი
გ. ფუძისეულია
დ. წინდებული
6. რომელ მწკრივშია ზმნა „გამიკეთებია“?
ა. მყოფადში
ბ. აწმყოს კავშირებითში
გ. პირველ თურმეობითში
დ. უწყვეტელში
7. რა არის „დ“ ზმნურ ფორმაში „ვაკეთებდი“?
ა. სუფიქსი
ბ. ფუძისეულია
გ. პირის ნიშანი
დ. სავრცობი
8. წინადადების რომელი წევრია „ხის“ წინადადებაში: „ხის სათამაშოები ბავშვებისთვის უსაფრთხოა“?
ა. განსაზღვრება
ბ. უბრალო დამატება
გ. გარემოება
დ. პირდაპირი დამატება
9. წინადადების რომელი წევრია „ხის“ წინადადებაში: „ჯანმრთელი ხის მოჭრა არ შეიძლება“?
ა. უბრალო დამატება
ბ. განსაზღვრება
გ. გარემოება
დ. ირიბი დამატება
10. რა არის „ავ“ ზმნურ ფორმაში: „კერავ“?
ა. სუფიქსი
ბ. თემის ნიშანი
გ. ფუძისეულია
დ. ქცევის ნიშანი
ახლა ნახეთ სწორი პასუხები:
1. გ – ზმნიზედა (ხშირად)
2. ბ – მიცემითში (სახლ(ს)ში – მიცემითი ბრუნვის ნიშანი – ს დაკარგულია)
3. ბ – სამპირიანი (ვუკეთებ – მე, მას, მას)
4. ა – პირდაპირი დამატება (ფაფას)
5. ბ – ქცევის ნიშანი (სასხვისო ქცევა – უ)
6. გ – პირველ თურმეობითში (მე-3 სერია)
7. დ – სავრცობი (დ)
8. ა – განსაზღვრება (ხის – სათამაშოები )
9. ა – უბრალო დამატება (ხის – მოჭრა)
10. ბ – თემის ნიშანი (კერ-ავ)
შეაჯამეთ თქვენი შედეგები:
5 სწორ პასუხამდე: გრამატიკას დიდად არ სწყალობთ, ფიქრობთ, რომ არაფერში გჭირდებათ, არადა ცდებით: გრამატიკა ენის წესების კრებულია, წესების ცოდნა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ენობრივი უნარების განვითარებაში. ახლაც არ არის გვიან, მით უმეტეს, რომ ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ მასალა და ისწავლოთ.
6-8 სწორი პასუხი: ალბათ კარგად სწავლობდით სკოლაში გრამატიკას, მაგრამ რაღაცები დაგვიწყებიათ და გამეორება არ გაწყენდათ.
9-10 სწორი პასუხი: თქვენ შესანიშნავად იცით მშობლიური ენის გრამატიკა. თუ 9 სწორი პასუხი დააფიქსირეთ, ვფიქრობთ, ის ერთი შეცდომაც მექანიკური იყო.
კომენტარები