ფსიქოლოგიარჩევები

მამაკაცებო, მიბაძეთ ქალებს!

თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებმა ქალებისგან, უპირველესად, ალერსიანი მოპყრობა უნდა ისწავლონ. კვლევებმა ცხადყო, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრად უფრო გულისხმიერები არიან – გოგონები უკვე ბავშვობიდანვე ავლენენ ამ თვისებას. პატარა გოგონას გაცილებით მეტი თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე ბიჭუნას.

ქალები ცხოვრებისეული კრიზისების დროსაც უფრო სწრაფად მოდიან გონს. მათ შედარებით ადვილად შეუძლიათ ისეთი ტრაგედიების დაძლევა, როგორიცაა, ვთქვათ, დაცილება – ამის მიზეზი უბრალო რამაა: ისინი არასოდეს ფარავენ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, არ რცხვენიათ ცრემლებისა, ეს კი, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ამსუბუქებს ტკივილს.

მამაკაცებმა ქალებისგან ნაცნობობის ხელოვნება და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაც უნდა ისწავლონ. დიახ, ქალები ყოველთვის უფრთხილდებიან სოციალურ კავშირებს. საოცარია, რომ ეს თვისება ჯერ კიდევ ჩვილ ბავშვებში შეინიშნება: გოგონები გაცილებით უფრო ხშირად ცდილობენ მშობლებთან მხედველობითი კონტაქტების დამყარებას, ვიდრე ბიჭუნები. და რა გასაკვირია, რომ ზრდასრულ ასაკშიც უმეტეს შემთხვევაში იგივე მეორდება – სწორედ ქალები ცდილობენ, შეინარჩუნონ მეგობართა და ნაცნობთა წრე, სწორედ ისინი გვევლინებიან ამისთვის საჭირო ღონისძიებათა სულისჩამდგმელებად.

ამიტომ წერდა ალბათ XVIII-XIX საუკუნეების უდიდესი გერმანელი მეცნიერი და ჰუმანისტი ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი: „ქალი უფრო ახლოსაა ადამიანის იდეალთან, ვიდრე მამაკაცი“.

ასე რომ, მამაკაცებო, მიბაძეთ ქალებს!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close