ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალია: „მოქალაქის შემოსავლის“ განაცხადების მიღება დაიწყო, ბარათი აპრილში გამოვა – ვის შეუძლია მოთხოვნა

გუშინ, 6 მარტს იტალიაში ძალაში შევიდა კანონი „მოქალაქის შემოსავლის“ (REDDITO DI CITTADINANZA) შესახებ და განაცხადების მიღებაც დაიწყო.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

განაცხადის შეტანა შეუძლია მარტოხელა ადამიანს, რომლის ISEE (ეკვივალენტური ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორი) წელიწადში 9360 ევროზე ნაკლებია, ოჯახის შემთხვევაში კი შემოსავალი 6000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, აგრეთვე, ოჯახი არ უნდა ფლობდეს 30 000 ევროზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას (საცხოვრებლის გარდა), მისი ფინანსური აქტივები (დანაზოგი) არ უნდა აღემატებოდეს 6000 ევროს; შეზღუდვაა საშუალო სიმძლავრის ავტომობილისა და მოტოციკლის ფლობაზეც – ეს ის ეკონომიკური პირობებია, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, ვის შეუძლია გააკეთოს განაცხადი „მოქალაქის შემოსავლის“ მისაღებად.

სიღარიბესთან ბრძოლის ეს ღონისძიება ეკონომიკურ სუბსიდიებთან ერთად, გულისხმობს ბენეფიციართა ოჯახის ყველა წევრის შრომის ბაზარში ჩართვას (არასრულწლოვანების, პენსიონერების, შშმ პირების და მოსწავლეების/სტუდენტების გარდა); აგრეთვე, საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

„მოქალაქის შემოსავლის“ მოთხოვნა შეუძლიათ იტალიის ან ევროკავშირის მოქალაქეებს, აგრეთვე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ხანგრძლივვადიანი ბინადრობის უფლება აქვს და იტალიაში, სულ ცოტა, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ამასთან, ბოლო 2 წელი – უწყვეტად. ეკონომიკური მოთხოვნები უკავშირდება ეკვივალენტურობის სკალას, რომელიც ოჯახის პირველი წევრისთვის განისაზღვრება; 0,4 კოეფიციენტი ენიჭება ოჯახის ყოველ მომდევნო ზრდასრულ წევრს და 0,2 – ყოველ არასრულწლოვან წევრს, თუმცა მაქსიმალური ზღვარი არის 2,1.

მაგალითად, როდესაც ოჯახში არის ცოლ-ქმარი და 3 შვილი, რომელთაგან 2 – არასრულწლოვანია, ეკვივალენტურობის სკალის მაჩვენებელი მაინც იქნება 2,1, ხოლო იმისათვის, რომ დამატებითი სუბსიდია მიიღოს სახელმწიფოსგან, ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1050 ევროს თვეში (12 600 ევრო წელიწადში).

მოქალაქის აუცილებელი შემოსავალი არის ოჯახის შემოსავლის დანამატი და შესაძლებელია თვეში 500 ევროს (6000 ევრო წელიწადში) მიაღწიოს ერთ ადამიანზე, თუ ოჯახს სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საცხოვრებელს ქირაობს, მის სუბსიდიას შეიძლება კიდევ დაემატოს იჯარის თანხაც, თვეში 280 ევრომდე. ოჯახისთვის, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, მათგან 2 – არასრულწლოვანი, „მოქალაქის დახმარებამ“ შეიძლება მიაღწიოს 1050 ევროს თვეში, თუ ოჯახს სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვს. ამას დაემატება 280 ევრო ბინის დასაქირავებლად (თუ მათ საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ). თუ ოჯახის წევრების ასაკი 67 წელს აღემატება, მოქალაქის აუცილებელი შემოსავალი მოქალაქის პენსია ხდება.

აღნიშნული დახმარება 18 თვის განმავლობაში გაიცემა და ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეიძლება ისევ გაგრძელდეს. აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყველა ფაქტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, რათა დახმარებასთან ერთად მოხდეს სამუშაოს შეთავაზება და სოციალური ინტეგრაცია, რომელიც შეიძლება გამოიხატოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, პროფესიულ გადამზადებასა და სწავლის დასრულებაში, აგრეთვე, სხვა ვალდებულებებში, რომლებიც მიმართულია შრომის ბაზარში ჩართვასა (დასაქმებასა) და სოციალურ ინტეგრაციაზე.

„მოქალაქის შემოსავლის“ ბენეფიციარები ვალდებულნი არიან, 15 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის სამსახურს თავიანთი აქტივების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, რამაც შესაძლოა სუბსიდიის შეწყვეტა განაპირობოს.

6 მარტიდან იმ პირებმა, რომლებიც სახელმწიფოსგან „მოქალაქის შემოსავლის“ სუბსიდიის მიღების კრიტერიუმებს შეესაბამებიან, უნდა გაგზავნონ განაცხადი ან Caf-ის (Centro Assistenza Fiscale) დაწესებულებებში, ან ინტერნეტით ვებგვერდზე Citizens Income ციფრული მოწმობის –  Spid-ის ფლობის შემთხვევაში; ან იმ საფოსტო განყოფილებებიდან, რომლებიც Inps ფორმას ავსებენ. მოდული, ცხადია, დაფუძნებულია მოქმედი ბრძანებულების პირობებზე, თუმცა შესაძლებელია მასში ცვლილებები შევიდეს (მომავალ კვირაში ტექსტს დეპუტატთა პალატა განიხილავს).

ინფორმაცია, რომელიც შეიცავს „მოქალაქის შემოსავლის“ მოთხოვნას, INPS-ს (Istituto Nazionale della Previdenza Sociale) სავარაუდო ბენეფიციარის მიერ განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში გადაეცემა. INPS მოთხოვნას მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბსიდია Poste Italiane-ს მიერ გამოშვებულ სპეციალურ ბარათზე დაირიცხება. აუცილებელი პროდუქტისა და მომსახურების ყიდვის გარდა, ამ ბარათით შესაძლებელი იქნება ნაღდი ფულის გამოტანა (ლიმიტი – თვეში 100 ევრო კაცზე). აკრძალულია ბარათის გამოყენება აზარტული თამაშებისთვის. თუ გამოვლინდება, რომ ბენეფიციარმა სახელმწიფოსგან სუბსიდიის მისაღებად ყალბი დოკუმენტები ან დეკლარაციები წარადგინა, იგი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-იდან 6 წლამდე, აგრეთვე, სახელმწიფო მოითხოვს არაკეთილსინდისიერი გზით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას.

წყარო: ansa.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close