ქეთი იმერლიშვილი: „ემიგრაციაში წასვლა მეორედ დაბადებას ჰგავს“…
„ძალიან რთულია, შექმნილი დაბრკოლებები დაძლიო და უცხო მიწაზე ადაპტირდე, მაგრამ ამას ერთი უპირატესობა აქვს: იმხელა გამოცდილებას იღებ, ორმაგად დამოუკიდებელი და ძლიერი ხდები“, – ამბობს ქეთი იმერლიშვილი, ნიჭიერი ემიგრანტი მწერალი და ჟურნალისტი, რომლიც ხუთი წელია მეუღლესთან ერთად აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი უკვე ორი წიგნის ავტორია („დემოკრატიული საგიჟეთი“ და „სისხლში მოცეკვავე“) და ვფიქრობთ, მალე მისი მესამე ნაწარმოების წაკითხვის საშუალებაც ექნება მკითხველს. ქეთის გამოცდილება, დამოუკიდებლობა და სიძლიერე მის შემოქმედებაში, პროფესიულ განვითარებაში, მიზნებსა და მისწრაფებებში აისახება.
ქეთი, რით არის გამორჩეული თქვენი ემიგრანტული ცხოვრება? ვისი დატოვება მოგიხდათ საქართველოში და თქვენი ტკივილი თუ პრობლემები რამდენად აისახა თქვენს ნაწარმოებში – „დემოკრატიული საგიჟეთი“, რომელიც დოკუმენტური პროზაა და ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების რეალურ ისტორიებს გვაცნობს?
საქართველოში ბევრი საყვარელი ადამიანი დავტოვე: ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, რომლებიც ძალიან მენატრებიან. რაც შეეხება „დემოკრატიულ საგიჟეთს“, ნებისმიერ ნამუშევარში ტოვებს მწერალი საკუთარ განცდებს, სამყაროს… ამ მხრივ, არც ეს ნაწარმოებია გამონაკლისი. რა თქმა უნდა, წარსულ ცხოვრებასთან დაპირისპირება, ბრძოლა ახალი ცხოვრების დასაწყებად, უცხო კულტურასთან შერწყმა, წინაღობების გადალახვა და ბევრი სხვა რამ – უცხო ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის, თუმცა რასაც ზოგიერთი პერსონაჟისგან ინტერვიუს დროს ვისმენდი, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა.
მაინც რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად, რას არ ელოდით რესპონდენტებისგან?
გამაკვირვა მათმა ცხოვრებამ და თავს გადახდენილმა ისტორიებმა, რის გადატანაც უხდებოდათ, ვიდრე ფეხზე დადგებოდნენ, ან წარმატებას მიაღწევდნენ. ყველაზე სევდიანი ლალი სავანელთან ჩაწერილი ინტერვიუა, რომელსაც ოჯახისგან ხანგრძლივმა ფიზიკურმა სიშორემ, ფაქტობრივად, ყველა საყვარელი ადამიანი დააკარგვინა და საბოლოოდ გარიყა სამშობლოსგან. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუწოდე წიგნს „დემოკრატიული საგიჟეთი“. იქ აღწერილი ამბების და თავგადასავლების კითხვისას მკითხველს უჩნდება შეგრძნება, რომ ერთ დიდ აურზაურში მოგზაურობს.
ეს „აურზაური“ იქმნება, ძირითადად, იმის გამო, რომ ქართველები ყველაზე ხშირად ემიგრაციაში ეკონომიკური სიდუხჭირისა და სოციალური პრობლემების გამო მიდიან… თავად როგორ და რატომ აღმოჩნდით უცხო ქვეყანაში?
საზღვარგარეთ წასვლა და დამკვიდრება არასოდეს შედიოდა ჩემს გეგმებში. აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე რამდენიმე თვით წამოვედი. აქ გატარებულმა მოკლე პერიოდმა მიჩვენა, რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც შესაძლებლობების ფართო სპექტრს გიშლის. გრძნობ, რომ იმდენად გლობალური, თავისუფალი და ღიაა, თავისთავად გითრევს და ბოლოს აცნობიერებ, რომ შეუძლებელს შეგაძლებინებს. ასე მოვიხიბლე ამ ქვეყნით და ბევრი აღარ მიყოყმანია, გადავწყვიტე, საქართველოში აწყობილ კარიერაზე უარი მეთქვა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო.
ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ თქვენი ემიგრანტული ცხოვრების პირველი დღეები, თვეები… მოლოდინმა გაგიმართლათ თუ წარმოდგენილზე რთული აღმოჩნდა უცხო მიწაზე ადაპტირების პროცესი?
ემიგრაციაში წასვლა მეორედ დაბადებას ჰგავს, სადაც უამრავი რამის თავიდან შესწავლა გიხდება. ძალიან რთულია, შექმნილი დაბრკოლებები დაძლიო და უცხო მიწაზე ადაპტირდე, მაგრამ ერთი უპირატესობა აქვს: იმხელა გამოცდილებას იღებ, ორმაგად დამოუკიდებელი და ძლიერი ხდები. ჩემი ხასიათის წყალობით, ყველა სიძნელე უკან მოვიტოვე და ფეხი ავუწყვე ამერიკული ცხოვრების რიტმს.
და რა ეტაპია ამჟამად თქვენს ცხოვრებაში, კონკრეტულად რას საქმიანობთ?
ვთანამშრომლობ Goga.tv-ს ინტერნეტპორტალთან, სადაც ჩემი სფეროა საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ემიგრანტების მოძებნა და მათი საქმიანობის გაშუქება; ასევე არ ვღალატობ ჩემს პროფესიას და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს სკაიპით ვამეცადინებ; ვითავსებ ამერიკულ ოჯახში მუშაობასაც, ხოლო ღამის საათებში ბავშვთა ფსიქოლოგიაში ონლაინ კურსებს გავდივარ, ან ახალ ნაწარმოებზე ვმუშაობ.
თუ არ ვცდები, საქართველოში პედაგოგად მუშაობდით, რომელი ინსტიტუტი დაამთავრეთ?
დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინგლისური ენის მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით, ხოლო შემდეგ სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების განხრით.
დიახ, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისური ენის პედაგოგად ვმუშაობდი. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი „აგრარული უნივერსიტეტის“ მიწვეული ლექტორი. 2014 წელს, ვიდრე აშშ-ში ჩამოვიდოდი, მომენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „განათლების ადმინისტრირების“ მაგისტრის ხარისხი. განათლების თეორიებზე მუშაობა და საგანმანათლებლო კვლევების ჩატარება დღემდე ჩემი სუსტი წერტილია და ამის გამო აქ ცხოვრების პერიოდში არაერთ სემინარს, კონფერენციას და სიმპოზიუმს დავესწარი. საქართველოში ცხოვრების პერიოდში, მაშინ, როდესაც განათლების ფსიქოლოგების თეორიებს ვეუფლებოდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკელი ფსიქოლოგებიდან ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ, პროფესორ დევიდ პერკინსს პირადად შევხვდებოდი და გავიცნობდი. როდესაც მკითხა, საიდან ვიყავი, საქართველოს და თბილისის ხსენებაზე სახეზე ღიმილი გადაეფინა და მითხრა, თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარო. დღემდე ჩემს სამაგიდო წიგნად ვინახავ მის საავტორო წიგნს, რომელზეც ავტოგრაფი და თბილი წარწერა დამიტოვა.
თქვენი სამომავლო გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?
საქართველოში დაბრუნება ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან არ დავაყოვნებ და აუცილებლად გავაგრძელებ მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრებას და საქმიანობას.
მანამდე, როგორც განათლების სპეციალისტს, რის თქმა შეგიძლიათ საქართველოს განათლების სისტემის შესახებ?
21-ე საუკუნემ მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. დღეს პედაგოგებს საგნის ცოდნის და კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად, საჭირო რესურსების ქონის გარდა, ბავშვთა ფსიქოლოგიური განათლების ღრმა ცოდნაც მოეთხოვებათ. სხვანაირად წარმოუდგენელია თავი გაართვა სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს. თანამედროვე სწავლის მეთოდებში აქცენტი კეთდება მოსწავლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე, თითოეული მათგანის ინტელექტუალურ ღირებულებებზე და მათ წინ წამოწევაზე, სადაც პედაგოგი ერთგვარი დამხმარის როლს ითავსებს, ააგოს მოსწავლის ცოდნა.
დასახვეწია სახელმძღვანელოები, რომლებიც ზოგჯერ არანაირად მოდიან თანხვედრაში ბავშვის ასაკობრივ და კოგნიტურ განვითარებასთან. არ შეიძლება დაწყებითი საფეხურის მოსწავლე იმდენად დაიტვირთოს სასწავლო მასალით, რომ სოციალიზაციისთვის, რომლის მიზანიც ადამიანების მიმართ სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, დრო აღარ დარჩეს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, სკოლებს მეტი თავისუფლება მიეცეთ მმართველობაში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ და დაარეგულირონ სასწავლო პროცესი საჭიროებების მიხედვით. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს, სკოლებში არსებული პრობლემები მოაგვაროს, ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.
ამერიკაში თქვენს ცხოვრებას დავუბრუნდეთ: ადგილობრივებს რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?
მახსოვს, ამერიკელი მეგობრები ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტზე დავპატიჟე და მოცეკვავეების მიერ მუხლებზე შესრულებული ცეკვით „ცდო“ იმდენად მოიხიბლნენ, რომ საკმაოდ დიდხანს იხსენებდნენ იმ დროს მიღებულ სიამოვნებას. ასეთივე შთაბეჭდილება დაუტოვათ „ჯუთამ“ და „შეჯიბრმა“. ნაციონალური კოსტუმების მრავალფეროვნებისა და ორიგინალურობისგან მიღებულ აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ.
თქვენი დაკვირვებით, ქართველი ემიგრანტების ძირითადი პრობლემა რა არის?
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ენის ბარიერია, რომელიც, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს ემიგრანტებს. ბოლო დროს ეს პრობლემა სოციალურ ქსელებში გახსნილი ჯგუფების წყალობით მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ისინი ქართულ ენაზე იღებენ ინფორმაციას ლეგალური ცხოვრების საკითხების, ბინის ქირაობის, დაზღვევის, ექიმთან ვიზიტების, უფასო გამოკვლევების, ღონისძიებების და ა. შ. შესახებ. ადრე აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
საერთოდ, რა აუცილებელ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ „ამერიკული ოცნება“ აისრულო, თუ შეიძლება ასე ითქვას?
აუცილებელია, სწორად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, დაისახო მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ, თავდაუზოგავი შრომით მიჰყვე მათ. უნდა იყო ძალიან აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული და როცა არ ელოდები, ზუსტად მაშინ, შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე და რადიკალურად შეიცვალოს შენი ცხოვრება. ამერიკა ჯადოსნური ქვეყანაა, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
რას გვეტყვით თქვენი ახალი ნაწარმოების, ,„სისხლში მოცეკვავის“ შესახებ, რომლის შეძენის საშუალებაც უკვე აქვს ქართველ მკითხველს?
მისი შექმნის იდეა ჩემს მეუღლეს, ვახტანგ ხარაშვილს ეკუთვნის. იგი მისი თანაავტორიც გახლავთ. წიგნის დაწერას საკმაოდ ორიგინალური და კურიოზული ისტორია უდევს საფუძვლად. იმ პერიოდში ვმონაწილეობდი ემიგრანტი მწერლების ლიტერატურულ კონკურსში „ემიგრანტის წერილი“, ნაწარმოებით „გოგონა ვარდისფერი პუანტებით“. გადავედი მეორე ტურში და რამდენიმე თვეში გამარჯვებულები უნდა გამოევლინათ. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, კონკურსი გაუქმდა. როდესაც ეს ამბავი შემატყობინეს, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და ნიუ-იორკის მეტროთი ვმგზავრობდით. სწორედ იმ დროს ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა, რომ ნაწარმოები მთავარი პერსონაჟის სიკვდილით გაგვეგრძელებინა და მისთვის დეტექტიური ჟანრის დატვირთვა მიგვეცა. თემამ იმდენად დამაინტერესა, რომ მაშინვე დეტალების გარკვევა მოვინდომე: მაგალითად, რომელი იარაღით მოგვეკლა, რა მოტივით, სად დაგვეტოვებინა გარდაცვლილის გვამი და ა. შ. სამივე იმდენად ვიყავით ჩართულები საუბარში, ვერ გავაცნობიერეთ, რომ ნიუ-იორკში ქართველებიც ბევრნი ცხოვრობენ და ჩვენს საუბარს ვიღაც მაინც გაიგებდა. ამ ცხარე კამათში ვიყავით ჩართულები, როდესაც შემთხვევით ჩემ წინ მჯდომ ქალბატონს შევხედე, რომელიც ქართველს ჰგავდა და ფერი ისე ჰქონდა დაკარგული, აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენი ესმოდა… მერე ყველაფერი ავუხსენით, თორემ ცოტაც და – ბოროტმოქმედებად შეგვრაცხავდა.
„დემოკრატიული საგიჟეთის“ პრეზენტაცია საქართველოში გაიმართა, „სისხლში მოცეკვავის“ პრეზენტაციის გამართვასაც აპირებთ? როდის ჩამოხვალთ საქართველოში?
„სისხლში მოცეკვავის“ პრეზენტაციის გამართვას ნიუ-იორკში ვაპირებ გვიან გაზაფხულზე. საქართველოშიც მინდა პრეზენტაციის ჩატარება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როდის.
ბავშვობიდან წერთ?
წერით სულ ვწერდი. უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრების გარდა ამის შესახებ არავინ იცოდა. დღესაც შენახული აქვს დედაჩემს ჩემი ბავშვობის დროინდელი მოთხრობები და ჩანახატები. სერიოზულად კი ამ საკითხს ამერიკაში ცხოვრების პერიოდში მოვეკიდე. ასე რომ, ჩემი მწერლად და ჟურნალისტად გარდასახვა ბევრისთვის შოკის მსგავსი ეფექტი აღმოჩნდა.
კიდევ რაიმე სიახლეს ხომ არ ჰპირდებით მკითხველს შემოქმედებითი თვალსაზრისით?
ახალ რომანზე ვმუშაობ, თუმცა იმდენად გამიგრძელდა, არ ვიცი, როდის დავასრულებ და შევთავაზებ ჩემს მკითხველს.
საუბრისას მითხარით, რომ თქვენი მეუღლეც ამერიკაშია. მოგვიყევით პირადი ცხოვრების შესახებ…
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი მეუღლე ვახტანგ ხარაშვილი გახლავთ. იგი საქართველოში გავიცანი და ერთმანეთთან თორმეტწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებსაც, დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე შევხვდებით. ლაშა 11 წლისაა, სოფია-ელენე კი – 6 წლის, ჩემი მეუღლის მშობლებთან გვყავს დატოვებული ორივე.
საზღვარგარეთ გაზრდილი თაობა მენტალურად ქართველი ვერ იქნებაო, ამბობენ, თქვენ რას ფიქრობთ?
თავისთავად ასეა. კულტურული აღრევა მენტალობაზეც თავისებურ გავლენას ახდენს, თუმცა ნიუ-იორკში გახსნილი ქართული კულტურის ცენტრის დახმარებით ზოგი ოჯახი მაინც ახერხებს, რომ შვილებს ქართული ფესვები შეუნარჩუნოს, რაც, ჩემი აზრით, მისასალმებელია.
ღირს ემიგრანტობა მატერიალური კომფორტისა და სულიერი დისკომფორტის ფასად?
ეს ისეთი კითხვაა, ყველას ინდივიდუალური პასუხი რომ აქვს. რადგან საკუთარ თავს ასეთი ცხოვრების არჩევანს თავად უწესებ, იცი, რას და რისთვის აკეთებ და მზად ხარ ყოველგვარი გამოწვევისთვის, ესე იგი, გიღირს კიდეც…
თქვენ რას და რისთვის აკეთებთ, რა არის თქვენი მიზანი?
მიზანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემი შვილების განათლებაზე ზრუნვა და მათი უკეთესი მომავალია. რაც შემეხება პირადად მე, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და ამერიკაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას. კიდევ მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ წინასწარ არაფერზე მიყვარს საუბარი და თავს შევიკავებ.
კარგი, ამ გეგმებზე არ გკითხავთ, მაგრამ უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი თქვენს სათქმელს გვერდს ვერ ავუვლით – რას ეტყოდით?
ყველას სულიერ სიმტკიცეს და საკუთარი სურვილების მალე ასრულებას ვუსურვებ!
იმავეს გისურვებთ თქვენც, ქეთი. წარმატებები!..
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები