სიგარეტის მოწევისთვის ავტომობილში, რომელშიც ბავშვები იმყოფებიან, ჯარიმა 1500 ევროა
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ცირკულარში, რომელიც მძღოლებისთვისაა განკუთვნილი, სიახლეა: 1500 ევროს ოდენობის ერთდროული ჯარიმა დაეკისრება მათ, ვინც მანქანაში ეწევა 12 წლამდე ასაკის ბავშვების თანდასწრებით.
ცირკულარში ჯანდაცვის მინისტრი ანდრეას ქსანთოსი მოუწოდებს პოლიციას, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და ჯანდაცვის ინსპექტორებს, დაიწყონ ინტენსიური შემოწმებები კანონდარღვევის აღსაკვეთად, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, „კანონის გამოყენება აუცილებელია სიფრთხილით და სიმკაცრით“.
კერძოდ, ცირკულარში ნათქვამია, რომ „მოწევის აკრძალვის დარღვევისთვის ავტომობილში, რომელშიც 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირები იმყოფებიან, მწეველს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 1500 ევროს ოდენობით, იმის მიუხედავად, მძღოლია თუ, უბრალოდ, მგზავრი“.
3000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს, რომელიც საჭესთან სიგარეტს მოწევს. ამას გარდა, მძღოლს მართვის მოწმობას ერთი თვით ჩამოართმევენ ყოველ კანონდარღვევაზე, მაშინაც კი, თუ ეს კანონდარღვევა მას პირადად არ ჩაუდენია, მაგრამ იმ ავტომობილში დაფიქსირდა, რომელსაც იგი მართავს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები