მსოფლიოქართველები უცხოეთშიინტერვიუ

კახა მელიქიძე: „ძალიან ბევრი ემიგრანტი გამოადგება ჩვენი ქვეყნის სამომავლო კეთილდღეობას თავისი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით“

კახა მელიქიძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია, თუმცა ამჟამად მარმარილოს, გრანიტისა და სხვა სახის ქვის დამუშავებით არის დაკავებული. 6-წლიანმა ცხოვრებამ აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში კახას პიროვნებაში მისი პროფესიებისა და ამჟამინდელი სამუშაოსგან სრულიად განსხვავებული, შემოქმედებითი მუხტიც გააღვივა: „ამერიკამ ჩემი შინაგანი რესურსების გაზრდასა და უნარ-ჩვევების შეძენაში დიდი როლი ითამაშა; მოხდა ისე, რომ ლექსების წერაც დავიწყე“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ამერიკაში ლეგალურად ცხოვრობთ?
დიახ, „მწვანე ბარათის“ მფლობელი ვარ და ძალიან მალე მოქალაქეობასაც მივიღებ.

რატომ წახვედით საქართველოდან, რა მიზეზი გქონდათ?
ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის მიზეზი იგივეა, რაც ყველა ემიგრანტის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თბილისში ცუდად ვცხოვრობდი ან ფინანსურად მიჭირდა. ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსი და, ამავდროულად, კიდევ ერთი კომპანიის – კავკასუს ტრანზიტ სისტემის დირექტორი. იმ კომპანიაში უფრო მეტად განვითარების შანსი უკვე აღარ იყო, თან პოლიტიკურმა ცვლილებებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა კომპანიის ადმინისტრაციაზეც. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე წავსულიყავი საზღვარგარეთ.

და პირველივე ცდაზე მოახერხეთ?
პირველად ვფიქრობდი შვედეთში წასვლას. ყველა დოკუმენტი უკვე ხელთ მქონდა, მაგრამ რატომღაც ბოლოს მაინც ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე. დღეს კი უკვე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თავიდან, როგორც ყველა ემიგრანტს, დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია წარმატების მისაღწევად. დღეს კი უკვე მეტ-ნაკლებად კარგად ვარ.

შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა მოლოდინმა გაამართლა?
ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მივაღწიე ჩემს მიზანს, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ.

რთულია ლეგალური ცხოვრებისთვის საჭირო საბუთების გაკეთება?
დღეისათვის ლეგალური საბუთების გაკეთება და სამუშაო უფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია სხვადასხვა სახის თავშესაფრის მოთხოვნით, ფიქტიური თუ ფაქტობრივი ქორწინებით. დღევანდელი გადმოსახედიდან, ლეგალური საბუთების მისაღებად ყველაზე იოლი გზა ქორწინებაა, რადგან ერთიორად გართულდა ლეგალიზაცია აშშ-ში. ამერიკაში ცხოვრება დასაწყისისთვის ძალიან რთულია, როდესაც ე. წ. სტუმრის სტატუსით ჩამოდიხარ.

ემიგრაციათან დაკავშირებით რამე თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებდით?
ჩემი თავგადასავლებიდან იმას გავიხსენებ, რომ აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე „მეგობარი“ მპირდებოდა დახვედრას, თავისთან სახლში წაყვანას და დაბინავებას, მაგრამ გამოფრენის წინა დღეს გამომიცხადეს, რომ ვეღარ დამხვდებოდნენ და ბოდიში მომიხადეს. იძულებული ვიყავი, მაინც წამოვსულიყავი, ბილეთი უკვე აღებული მქონდა და წამოსვლაც დაგეგმილი. უკან ნაბიჯის გადადგმა კიდევ არ მიყვარს და არც გადავდგამ არასოდეს. ამიტომ გარკვეულ რისკზე წავედი და ჩამოვფრინდი. იყო დრო, როცა კვირაში მხოლოდ 3-4-ჯერ ვჭამდი საჭმელს. სამსახურის პოვნა რატომღაც ძალიან გამიჭირდა, თუმცა მადლობელი ვარ უფლის, რომ ყოველთვის გვერდით მედგა ნებისმიერი გაჭირვების ჟამს და არასოდეს მივუტოვებივარ. დღემდეც, ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ფეხზე ვდგები და ვეწყობი ამერიკულ ცხოვრებას.

რა პროფესიის ხართ?
პროფესიით იურისტ-ეკონომისტი გახლავართ. ჩემივე პროფესიით ვმუშაობდი საქართველოშიც 8 წელიწადი, შემდეგ ნელ-ნელა დავწინაურდი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე.

ამერიკაში ალბათ საკუთარი პროფესიით არ მუშაობთ…
დიახ, სამწუხაროდ, აქ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. ბოლო 4 წელია უკვე დაკავებული ვარ მარმარილოს, გრანიტის და სხვა სახის ქვის სამუშაოებით. მძიმე სამუშაოა, მაგრამ თავადაც მომწონს შედეგი. აქედან გამომდინარე, ეს სილამაზე მანიჭებს გარკვეულ სტიმულს, რომ სამუშაოს სიმძიმეზე აღარ ვიფიქრო.

როგორ იწყება თქვენი სამუშაო დღე?
ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის 5 საათიდან. ვმუშაობ ნიუ ჯერსის შტატში და, შესაბამისად, ბრუკლინიდან ყოველდღე მიწევს წასვლა-წამოსვლა. გზაში 1-2 საათი მჭირდება, ამიტომ დილით, სანამ სამსახურამდე მივალ, საქართველოში მოვიკითხავ ხოლმე ჩემიანებს, რადგან იქ უკვე ნაშუადღევია.

მშობლებმა როგორ გადაიტანეს თქვენი წასვლა? ჩემი მშობლები ყოველდღე, აქ ჩამოსვლის დღიდან, სამუშაოს დასრულებისას მირეკავენ, კითხულობენ, როგორ ვარ, როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ და ა. შ., რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. მადლობა ჩემს მშობლებს ჩემი გამხნევებისთვის და მადლობა, რომ არსებობენ.

ალბათ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გაქვთ…
თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, ვცდილობ საყვარელ ხალხთან, მეგობრებთან ერთად გავატარო.

თქვენს ინტერესებზე და ჰობიზე რას გვეტყვით?
ჩემი ჰობი, უპირველეს ყოვლისა, ავტომობილები და ავტოსპორტია. აქ ჩამოსვლის შემდეგ დაემატა ლექსების წერა, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი ჰობის ნაწილში ჩემი სამუშაოც შედის. ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევარი და ახალ-ახალი იდეებიც მოდის ნელ-ნელა.

დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ხალხს ვეხმარები, განსაკუთრებით – ახალ ჩამოსულებს, თუკი რაიმე ინფორმაცია სჭირდებათ, მაგალითად, როგორ მოიძიონ სამსახური, სად როგორ მოიქცნენ და რა უნდა აკეთონ და ა. შ.

მეგობრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ბავშვობიდან ერთად რომ მოვდივართ, ისინი, ფაქტობრივად, კარგად მიცნობენ, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი ტიპის სამსახურში ვიმუშავებდი.

რას აპირებთ მომავალში, თუ გაქვთ გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, განპირობებულია ამერიკული ცხოვრების შესაბამისად. საქართველოში ცხოვრებისას სხვა გეგმები მქონდა, აქ სხვა გეგმები დაისახა, გამომდინარე იქიდან, რომ აქაური სამუშაო, ე. წ. პროფესია მოვირგე. ვცდილობ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დავისახო გეგმები, რაც გაცილებით რეალურია და პერსპექტიულიც.

რას ურჩევდით და უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე??
უფალი გადმოხედავს ყველა ემიგრანტს და ყველა მალე დადგება ფეხზე, ყველას ექნება საუკეთესო მომავალი. თუმცა არ ვიცით, ვინ როდის დავბრუნდებით საქართველოში, ან გვექნება კი შემდეგში ამის სურვილი?! ესეც საკითხავია. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით სამუდამოდ დაბრუნების სურვილი არა მგონია ბევრს ჰქონდეს. მე, რა თქმა უნდა, მინდა დაბრუნება, რადგან ყველა საყვარელი ადამიანი საქართველოში მყავს. მშობლები, დედმამიშვილი, შვილები, მეგობრები. რთულია ძალიან ამხელა სითბოს და სიყვარულს მიჩვეული ადამიანის ცალკე ცხოვრება. მაგრამ, უფლის ნებით, თითოეულისთვის დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც ერთად ვიქნებით ყველა.

ყველა ემიგრანტს მინდა ვუსურვო გამძლეობა და მალე დაბრუნება სამშობლოში, წინსვლა და წარმატებების მიღწევა. ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ ოდესმე დალაგდება სიტუაცია, ძალიან ბევრი ემიგრანტი გამოადგება ჩვენი ქვეყნის სამომავლო კეთილდღეობას. ბევრი განათლებული და პროფესიულად განვითარებული ემიგრანტი გვყავს და თითოეული მათგანი მეტად დასაფასებელია.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close