რას არ გაიგებ/ფაქტები

შავი კატა – ადამიანის მტერი თუ მეგობარი?

ბევრი ჩვენგანი, როდესაც გზაზე შავი კატა გადაურბენს, უკან გაბრუნებას ამჯობინებს, ფრანგები და ინგლისელები კი – პირიქით, დარწმუნებულები არიან, რომ შავ კატასთან შეხვედრა ბედნიერების ნიშანია.

საფრანგეთში ყველა ოჯახი ცდილობს შავი ფისუნია იყოლიოს, ხოლო თუ ეზოში შემთხვევით უცხო შავმა კატამ შეირბინა, ეს იქ სიხარულის მომასწავებლად ითვლება.

ბევრი ინგლისელი მეზღვაური დარწმუნებულია, რომ სანამ სახლში შავი კატა ჰყავს, ზღვაში ხიფათს არ გადაეყრება და ოჯახიც დაცული იქნება.

ირლანდიელები გემით მოგზაურობის დროს შავ კატას ბორტზე საპატიო ადგილს მიუჩენდნენ ხოლმე, რადგან ითვლებოდა, რომ შავი კატა მათ უბედურებისაგან დაიფარავდა. მათ სწამდათ, რომ თუ ვინმე შავ კატას ზღვაში გადააგდებდა, ქარიშხალი ამოვარდებოდა, ხოლო მის მკვლელს შვიდი წელი უიღბლობა ელოდა.

ცრუმორწმუნე ფინელებს რუხ კატასთან შეხვედრის ეშინიათ.

ოდესღაც კატის ქცევის მიხედვით ცდილობდნენ მოსალოდნელი ამინდის გამოცნობას, ანდა სტუმრების მობრძანებას (თუ კატა პირს თათით იბანდა, ე. ი. ოჯახს სტუმრები ეწვეოდნენ) და სხვა. ითვლებოდა, რომ შავი კატის კუდის მოსმა, თითქოსდა, ჯიბლიბოს შველოდა, ხოლო სხვაფერი კატისა – მეჭეჭებს. თუ კატა დააცემინებდა, ადამიანს უნდა ეთქვა: „გამარჯობა“ – და კბილები აღარ ასტკივდებოდა.

იაპონიაში ახლაც სწამთ, რომ კატას კბილის ტკივილის მორჩენის ჯადოსნური უნარი აქვს. ვაჭრები დარწმუნებულები არიან, რომ თუ კატა მარცხენა ყურზე თათს მოისვამს, უეჭველად სარფიანად ივაჭრებენ. სავაჭრო ფარდულებში აუცილებლად ნახავთ  მოხატულ კატის თიხის ფიგურას ან ნახატს – აწეულთათიან ო-ნეკო-სანს („ქალბატონ კატას“ ან „მოპატიჟე კატას“).

სხვათა შორის, იაპონიაში კატების დღეც აღინიშნება 22 თებერვალს. ეს არაოფიციალური დღესასწაულია, თუმცა 1987 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს აღნიშნავენ. რატომ 22 თებერვალს? იაპონურად კატის კნავილი – „ნიან-ნიან-ნიან“ – ისევე ჟღერს, როგორც 2-2-2 და 22.02 (22 თებერვალიც) ამიტომ აირჩიეს.

ისე კი კატების მსოფლიო დღე 8 აგვისტოს აღინიშნება და ეს თარიღი 2002 წელს დააწესა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდმა.

შინაური კატის წინაპრის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, საყელოიანი გამოსახულება დაცულია ეგვიპტურ ძეგლზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულით არის დათარიღებული. ძველ ეგვიპტეში კატებს „საცხოვრებლის კეთილ სულებს“ უწოდებდნენ. იმის გამო, რომ ისინი მღრღნელებისგან იცავდნენ მარცვლეულს, მათ წმინდა ცხოველებად მიიჩნევდნენ.

კატების საპატივცემულოდ იგებოდა ტაძრები, იმართებოდა დღესასწაულები, რომლებსაც თან ახლდა ცეკვა-თამაში და პაექრობა მუსიკალურ საკრავებზე. წმინდა კატებს სწირავდნენ ვერცხლისა და ოქროსგან დამზადებულ მათსავე გამოსახულებებს.

ქურუმები აკვირდებოდნენ კატების ქცევებს და ყოველ მათ მოძრაობას მოსალოდნელ მოვლენათა ნიშნად აღიქვამდნენ.

უბედური იქნებოდა ის უცხო სტუმარი, რომელიც კატას აწყენინებდა! გააფთრებული ბრბოს რისხვისგან სასწაული თუ იხსნიდა კაცს, რომელიც წმინდა ცხოველისადმი უდიერად მოპყრობაში იქნებოდა ეჭვმიტანილი.

ერთხელ მემფისის მცხოვრებლებმა მთელი დასახლებული უბანი დაარბიეს იმის გამო, რომ ვიღაცამ მდინარეში კატის კნუტები დაახრჩო.

ხანძრის შემთხვევაში ეგვიპტელებს სახლიდან, პირველ რიგში, კატები გამოჰყავდათ. კატის სიკვდილი ოჯახში უფრო დიდ მწუხარებას იწვევდა, ვიდრე ვაჟიშვილის დაკარგვა. როცა რომელიმე სახლში კატა კვდებოდა, გლოვის ნიშნად ოჯახის ყველა წევრი წარბებს იპარსავდა. კატების გვამებს ბალზამირებას უკეთებდნენ და ხის ან თითბრის ყუთებით სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ.

ძველ რომში თუ შავი კატა ვინმეს გზაში შეხვდებოდა, ის დღე მისთვის დათარსულად ითვლებოდა. ეს ცრურწმენა დღემდე გავრცელებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ძველად კატა ეშმაკის, უწმინდური ძალის განსახიერებად ან მის დამხმარედ მიაჩნდათ. სხვადასხვა ლეგენდის თანახმად, ალქაჯები ხშირად იღებდნენ კატის სახეს ან შაბაშზე შავ კატებზე ამხედრებულნი მიდიოდნენ.

ადამიანის დამოკიდებულებას  კატებისადმი ამ ცხოველების „იდუმალი თვისებები“ იწვევს – ისინი ძალზე ფრთხილები არიან, კარგად ხედავენ ღამით, თანაც ამ დროს მათი თვალები ანათებს, ხოლო თუ ბეწვის საწინააღმდეგო მიმართულებით ხელს გადაუსვამთ, მსუბუქი ტკაცუნი ისმის.

კატა მითოლოგიაში

კატას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მითოლოგიაშიც. მაგალითად, ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მზის ღმერთი რა კატად გადაიქცა გველ აპოპთან – ბნელი ძალების მბრძანებელთან საბრძოლველად. მასთან დაპირისპირებამ კატა წმინდა ცხოველად აქცია.

და მაინც, კატა, უპირველეს ყოვლისა, ქალღმერთ ბასტეტს განასახიერებდა, რომელიც დედობის და ნაყოფიერების მფარველად, ასევე სიხარულის და გართობის ქალღმერთად ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით, ფეხებთან მოკალათებული ოთხი კნუტით, რომელსაც ხელში სისტრი (მუს. ინსტრუმენტი) ეჭირა; ადრეული დინასტიების ეპოქაში კი, კატების მოშინაურებამდე, ლომის სახით გამოსახავდნენ.

ალბათ ამ გაღმერთებაში გამოხატავდა ადამიანი აღფრთოვანებას სისუფთავის მოყვარული და თავის კნუტებზე მზრუნველი კატის მიმართ. როგორც ამბობენ,  კატამ ეს პატივისცემა შესაძლოა თავისი თავისუფლებისმოყვარეობით და დამოუკიდებელი ხასიათით მოიპოვა: მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს, მაინც თავისთვის დასეირნობს და არავის ემორჩილება.

ბერძნული მითოლოგია

ბერძნულ მითოლოგიაში ბასტეტს აიგივებენ არტემიდასთან – ზევსისა და ლეტოს ასულთან, ნადირობის ქალღმერთთან, რომელიც გაბედული და აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა.

რომაული მითოლოგია

არტემიდა რომაულ მითოლოგიაში ცნობილია, როგორც დიანა. პირველად ის ძველი იტალიური ღვთაება იყო და განთქმული ორსახოვანი იანუსის სახელიც „დიანუსიდან“ წარმოდგება, რაც ნიშნავს, რომ იგი ბუნების, სინათლის, მთათა და ტყეთა, წყაროთა, ნადირობის, საერთოდ, მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის ქალღმერთია. კატა დიანას თანამგზავრია და მას სულ ფეხდაფეხ დასდევს. დიანა იღებს კატის სახეს, რათა ტიფონს დაუსხლტეს.

ჩინური მითოლოგია

ჩინელებისთვის კატა, როგორც ღამის ცხოველი, განეკუთვნება ინ-ს (ქალური საწყისი, სიბნელე, მთვარე და ა. შ.). მას აქვს ტრანსფორმაციის უნარი. გარდა ამისა, ჩინეთში სჯეროდათ, რომ კატას შეეძლო ბოროტი სულების განდევნა.

გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგია

სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი ფრეია კატებშებმული ორთვალა ეტლით მოგზაურობდა.

საერთოდ, კატას სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში ხშირად აკავშირებენ მთვარესთან (თვალის გუგის ფორმის შეცვლა მთვარის ფაზების სიმბოლიზებაა), ნაყოფიერებასა და მოსავლიანობასთან. გარდა ამისა, ზოგიერთ კულტურაში მას უკავშირდება მეფობის იდეაც.

თამთა გურული  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close