რატომ ჯდება სწრაფად თქვენი ტელეფონი, რას აკეთებთ არასწორად?
მობილური ტელეფონის გარეშე ადამიანთა უმეტესობას დღეს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, თუმცა ბევრმა არ იცის თავისი სმარტფონის სწორად მოხმარება, რაც ხელსაც უშლის და ნერვებსაც – მაგ., როდესაც ტელეფონის ელემენტი სწრაფად ჯდება, ფიქრობთ, რომ ტელეფონის ბრალია? სულაც არა, ხშირად ეს პრობლემა იმის გამო ჩნდება, რომ მობილურ ტელეფონს არასწორად მოვიხმართ. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ძალიან აქტუალურ და სასარგებლო რჩევას.
1. უმეტესობას მიაჩნია, რომ სმარტფონის ბატარეა 100%-მდე უნდა დამუხტოს, მაგრამ ეს არასწორია. საქმე ის არის, რომ სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორი გამუდმებულ „სტრესზე“ „სიცოცხლისუნარიანობის“ დაქვეითებით რეაგირებს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სმარტფონის ელემენტი 30%-იდან 80%-მდე იყოს დამუხტული, თუ გვინდა, რომ ტელეფონი მალე არ დაჯდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არც სმარტფონის ხშირ-ხშირი და უმიზნო დამუხტვა ვარგა.
2. ძილის წინ ნუ შეაერთებთ ტელეფონს დასატენად, რადგან დაგეძინებათ და სმარტფონი მთელი ღამე დარჩება დენის წყაროში შეერთებული. ბოლომდე დამუხტული ტელეფონის დენის წყაროში დატოვება აკუმულატორს აზიანებს. საქმე ისაა, რომ ის მაინც იღებს ელექტრობას მცირე იმპულსებით, რათა მუხტის 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს, ეს კი მისთვის „სტრესული“ სიტუაციაა – აკუმულატორი ზიანდება, ამიტომ როცა ტელეფონი დაიტენება, დენის წყაროდან გამორთეთ.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ თანამედროვე სმარტფონების დატოვება დასატენად მთელი ღამით პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არც აკუმულატორს დააზიანებს და არც თავად მოწყობილობას. მათი თქმით, თანამედროვე სმარტფონებში ჩამონტაჟებულია ჩიპი, რომელიც ბატარეის დატენას წყვეტს 100%-იანი შევსების შემდეგ, თუნდაც კაბელი ისევ იყოს დენის წყაროში შეერთებული.
3. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ტელეფონის აკუმულატორის ბოლომდე დაცლაა. ასეთი აუცილებლობა ადრე ნამდვილად იყო, როდესაც ტელეფონებს ნიკელ-კადმიუმის ბატარეები ჰქონდა, რომლებიც უფრო მეტ მუხტს იტევდნენ, თუ ბოლომდე დაცლის შემდეგ დატენიდით. თანამედროვე ლითიუმ-იონური აკუმულატორების შემთხვევაში ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, უფრო მეტიც, ექსპერტები არ გვირჩევენ თანამედროვე მოწყობილობების ბატარეის ბოლომდე დაცლას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც ბატარეა 30%-მდე ჩამოვა, უმჯობესია ტელეფონი დენის წყაროში ჩართოთ დასატენად. იდეალური სიტუაციაა, თუ ელემენტის მუხტი მუდმივად 30%-იდან 80%-მდე იქნება, ხოლო თუ 30%-ზე დაბლა ჩამოვა, ნუ დაელოდებით ბოლომდე დაცლას და დამუხტეთ.
4. სმარტფონის აკუმულატორზე მაღალი ტემპერატურაც ცუდად მოქმედებს, მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 1-იდან 35 გრადუსამდეა, ამიტომ ეცადეთ ტელეფონი მეტისმეტად არ გახურდეს.
5. უმეტესობას თავისი სმარტფონი სპეციალურ დამცავ ბუდეში აქვს მოთავსებული, თუმცა დამუხტვის დროს უმჯობესია ბუდიდან ამოიღოთ, რადგან ბუდეში მოთავსებული ტელეფონი დატენისას უფრო მეტად ხურდება.
6. როგორც წესი, ყველა სმარტფონს მისთვის განკუთვნილი სადენი აქვს, თუმცა არსებობს სადენები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტელეფონს მუხტავს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სადენებიც შეიძლება გახდეს სმარტფონის ელემენტის გაფუჭების ან გახურების მიზეზი. კარგი იქნება, თუ დამუხტვისას კონკრეტულად თქვენი სმარტფონისთვის განკუთვნილ სადენს გამოიყენებთ.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
კომენტარები