მსოფლიოnewsიტალია

ველოსიპედით გადაადგილებისთვის იტალიის ქალაქ ბარის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ყოველთვიურ პრემიას ჩაურიცხავს

ყოველთვიურად 25 ევრო საბანკო ანგარიშზე – ამ ოდენობის თანხის ჩარიცხვას ჰპირდება ყოველთვიურად იტალიის ქალაქ ბარის მუნიციპალიტეტი მათ, ვინც სამუშაოზე ველოსიპედით დადის.

ექსპერიმენტული პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო აფინანსებს, მიმართულია მოქალაქეთა წასახალისებლად, რომლებიც უარს იტყვიან ავტომობილებსა და მოპედებზე და ველოსიპედს აირჩევენ გადაადგილების საშუალებად. პროექტის ბიუჯეტი 545 ათასი ევროა. პრემია შეადგენს 20 ევროცენტს ყოველ კილომეტრზე, რომელსაც მოქალაქე ველოსიპედით გაივლის სამუშაომდე და უკან, სახლამდე და 4 ევროცენტს ყოველ კილომეტრზე სხვა მიზნით ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისას.

კილომეტრაჟის მიხედვით კომპენსაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, არ იქნება დღეში 1 ევროზე მეტი და 4 თვეში – 100 ევროზე მეტი.

ბარის მერმა ანტონიო დეკარომ განაცხადა, რომ ახალი რეზოლუცია ქალაქის საბჭომ უკვე დაამტკიცა. აპულიის რეგიონის დედაქალაქი, ფაქტობრივად, პირველია იტალიაში, რომელმაც ფრანგული მოდელი მიიღო და ფულადი წახალისება შესთავაზა მათ, ვინც ავტომობილზე უარს ამბობს და ველოსიპედს ირჩევს.

პროექტი სხვა სახის წახალისებასაც ითვალისწინებს: მოქალაქე 250 ევრომდე საგადასახადო კომპენსაციას მიიღებს ნებისმიერი ტიპის ველოსიპედის შეძენისთვის (ანუ იმის მიხედვით, რა ტიპის ველოსიპედს იძენთ, დღგ-ის თანხას დაგიბრუნებენ მაქსიმუმ 250 ევრომდე).

რაც შეეხება გავლილი კილომეტრების აღრიცხვას და თაღლითობისგან დაცვას, ამისთვის თითოეული ველოსიპედი GPS-ით იქნება აღჭურვილი; აგრეთვე, ყოველთვიურად გამოცხადდება კონკურსი, რომლის გამარჯვებული 10 ადამიანი დამატებითი ბონუსის სახით კიდევ 50-50 ევროს მიიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close