მსოფლიოსამზარეულოnews

მსოფლიოში საუკეთესო ზამთრის გასახურებელ 10 სასმელს შორის პირველ ადგილზე „ჭაჭაა“, მეექვსეზე – ბერძნული „რაკომელო“

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (ციფრულმა ვერსიამ) წინასაშობაოდ რეიტინგი გამოაქვეყნა და ზამთრისთვის რეკომენდებულ მსოფლიოში საუკეთესო 10 გასახურებელ (მაგარ ალკოჰოლურ) სასმელს შორის პირველ ადგილზე „ჭაჭა“ დაასახელა. ამასთან, გაზეთი მკითხველს საშობაოდ სასმელთან „მისაყოლებელ“ სადღეგრძელოებსაც სთავაზობს ქართულად: „გაუმარჯოს“ და „შობას გილოცავთ!“

„ჭაჭა“ – ეს ქართული სიტყვა აღნიშნავს ყურძნის ჩენჩოსგან მიღებულ დისტილირებულ პროდუქტს (ბრენდი კოპტონისგან). ეწვიეთ ქართულ სოფელს, სადაც ამ სასმელს, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში ამზადებენ და თქვენი ვალდებულება იქნება, დალიოთ ერთი ან 3 ჭიქა „ჭაჭა“ – ასეთია ქართული წესი.

„ჭაჭას“ დიდხანს ჰქონდა ცუდი რეპუტაცია სიმწკლარტის გამო, თუმცა ჩვენ მოწმე ვართ „ჭაჭის“ და ბრენდის უფრო მსუბუქი, გაფილტრული ვერსიების წარმოების აღორძინებისა, რომლებსაც ახლა თბილისის საუკეთესო რესტორნებშიც გვთავაზობენ. Chacha Time – პირველი და ერთადერთი ბარია თბილისში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ „ჭაჭა“ და სხვა ხილის ბრენდები იყიდება. ის პერსპექტიულ სოლოლაკის რაიონში მდებარეობს, ყოფილ პროდუქტების მაღაზიაში და როგორც ოჯახური წარმოების, ისე მსხვილი ბრენდების ბოთლებში ჩამოსხმული ნაწარმის რესპექტაბელურ არჩევანს სთავაზობს სტუმრებს. გასინჯავთ და გაიგებთ, რატომ უყვართ ქართველებს ამ სასმლის დალევა ზამთრის ცივი საღამოების დროს“, – წერს „გარდიანი“.

სახელგანთქმული ბერძნული ეროვნული ალკოჰოლური სასმელი „რაკომელო“ კი „გარდიანის“ რეიტინგში მეექვსეა.

საქმე ისაა, რომ ამ ტრადიციულ ბერძნულ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია კარგი სამსახური გაგვიწიოს ზამთრის ცივ ღამეებში როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

The Guardian-ი Rakomelo-სთან საშობაოდ „მისაყოლებელ“ სადღეგრძელოებსაც გვირჩევს, რომლებიც ბერძნულად ასე გამოითქმის: “Kala Christougenna“ და “Stin egia mas“ („ბედნიერ შობას“ და „თქვენი ჯანმრთელობის იყოს“), აგრეთვე, მოკლე ინფორმაციას აცნობს იმ მკითხველებს, რომლებსაც ამ სასმელთან ჯერაც არ ჰქონიათ შეხება.

აი, როგორ აღწერს „გარდიანი“ „რაკომელოს“: „როდესაც ზამთარი დგება, საბერძნეთის მკვიდრნი „რაკომელოს“ მიმართავენ. ამ სასმლის ფუძედ იღებენ „ციპუროს“ (ყურძნის წიპწებისგან დამზადებული ბრენდი) და მას სანელებლებს და ცოტა თაფლს უმატებენ.

თავდაპირველად „ციპუროს“ აცხელებენ და, გავრცელებული ვერსიით, მასში მიხაკ-დარიჩინს ყრიან, შემდეგ ცოტაოდენ თაფლს უმატებენ; ასევე ხშირად იყენებენ ფორთოხლის ცედრას მიხაკ-დარიჩინის ნაცვლად, შემდეგ კი – ცოტაოდენ თაფლს. მიღებულ „ღვთიურ სასმელს“ მომცრო ზომის კერამიკული ან მინის ჭიქებით მიირთმევენ.

Guardian-ი ახსენებს ათენის რაიონს – ფსირის, როგორც ადგილს, სადაც საუცხოო „რაკომელოს“ დალევა შეგიძლიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close