მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთში

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქე გამოაძევეს

2018 წლის აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა – ასეთია საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები. ყველაზე მეტი, 152 მოქალაქე გერმანიიდან იძულებით დააბრუნეს, ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ავსტრია (74 მოქალაქე), ხოლო მესამე ადგილს – საფრანგეთი (70 მოქალაქე).

რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არშეშვების მონაცემებს, აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით,  საქართველოს 603 მოქალაქეს უთხრეს უარი. საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში (158), გერმანიასა (69) და კვიპროსში (69) არ შეუშვეს.

ეს მონაცემები ბოლო დროს მკვეთრად არის შემცირებული: მაგალითად, წლის დასაწყისში მარტო თებერვალში გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. მიზეზად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა სახელდება, მიუხედავად იმისა, რომ დეპორტირებულებს შორის იყვნენ ისეთი მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე წავიდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შემოღებიდან დღემდე ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, ხოლო ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 550 000-ს შეადგინა.

საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ინფორმაციაც: ახლახან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე, უკანონო მიგრაციის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. ფრანგმა სტუმრებმა შეხვედრაზე ინფორმაცია მიიღეს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობებისა და იქ დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. რატომ დაინტერესდა ფრანგული მხარე ამ საკითხით, უცნობია, რადგან უფრო დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძლევა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close