მსოფლიოპოლიტიკაინტერვიუ

იანის ვარუფაკისი ევროკავშირის დაშლასა და ევროპაში ფაშიზმის აღორძინებას წინასწარმეტყველებს

იანის ვარუფაკისმა, ალექსის ციპრასის პირველი მთავრობის ფინანსთა მინისტრმა (2015 წ.) და ცნობილმა ბერძენმა ანალიტიკოსმა, ათენისა და ტეხასის (TEXAS) უნივერსიტეტების პროფესორმა, ვრცელი ინტერვიუ მისცა სააგენტო SPUTNIK GREEK-ს, რომელშიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესების თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოხატა და ამ ისტორიული გაერთიანების მომავლის შესახებ ისაუბრა. შემოკლებული სახით გთავაზობთ ვარუფაკისის მოსაზრებების თარგმანს.

ვარუფაკისის აზრით, პრეზიდენტ მაკრონის უკანდახევა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების შედეგად ევროკავშირის დასასრულის დასაწყისია, რადგან საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურს ამის შემდეგ უკვე აღარ შეუძლია გააგრძელოს რეფორმები, რომელთა მიზანიც საფრანგეთის ეკონომიკის გერმანიის ეკონომიკასთან ჰარმონიზაცია იყო. ორი ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური მოდელის შექმნას ევროკავშირის რეფორმა და ახალი, ფედერალური გაერთიანების საფუძვლების ჩაყრა უნდა უზრუნველეყო. ამიერიდან საფრანგეთში, იტალიასთან ერთად, უპირატესობას ე. წ. ევროსკეპტიკოსები ფლობენ და ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. უფრო მეტიც, ევროკავშირი დეზინტეგრაციის ლიანდაგზე გადადის, რადგან ბრიუსელში არსებული ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოვლენებს ვეღარ აკონტროლებს.

ვარუფაკისი ხაზს უსვამს ევროკავშირში კაპიტალიზმისთვის შეუსაბამო მდგომარეობის არსებობას, როდესაც ევროზონაში საბანკო დეპოზიტების სახით გიგანტური თანხა, 3 ტრილიონი ევრო არსებობს, მაგრამ ინვესტიციების დონე უაღრესად დაბალია. ასეთ ვითარებაში უმუშევრობა სისტემურ ხასიათს იძენს და სოციალური დაძაბულობის საშიშ ზღვრამდე გაზრდის ალბათობას აძლიერებს. ვარუფაკისი შენიშნავს, რომ მსგავსი მდგომარეობა ევროპაში გასული საუკუნის 30-იან წლებში არსებობდა და მაშინ ამან ჰიტლერისა და მუსოლინის აღზევება გამოწვია. დღესაც, რადიკალური მემარჯვენე ძალები ძლიერდებიან იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის აზრით, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი ძალიან საშიში პიროვნებაა – იგი მთავრობაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, რის შემდეგაც ევროზონიდან გასვლასაც არ მოერიდება.

საინტერესოა, რომ ინტერვიუში იანის ვარუფაკისი ევროზონის დამცველად გვევლინება, არადა 2015 წელს, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრობის დროს ერთიანი ევროპული ვალუტის მოწინააღმდეგე იყო. საკითხისადმი დამოკიდებულების ასეთი რადიკალური ცვლილება, სავარაუდოდ, უკავშირდება თავად ვარუფაკისის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დღეს ევროპის დეზინტეგრაცია ფაშიზმის აღორძინების საფრთხეს შეიცავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close