დიაგნოსტირების ახალი მეთოდით სიმსივნეს მის ჩამოყალიბებამდე აღმოაჩენენ

ისრაელის ვაიცმანის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა, ისრაელის ჰემატოონკოლოგებთან ერთად, შეიმუშავეს კვლევის ახალი მეთოდი – სისხლის სიმსივნური დაავადების, მრავლობითი მიელომის (MULTIPLE MYELOMA) დიაგნოსტირება სიმსივნის წინარე პერიოდში, დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი NATURAL MEDICINE აქვეყნებს.

მრავლობითი მიელომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლის სიმსივნური დაავადებაა. ის ვითარდება, როცა ძვლის ტვინის უჯრედები ანტისხეულების უკონტროლო გამომუშავებას იწყებენ, რის შედეგადაც ორგანიზმის პოლიორგანული უკმარისობა ვითარდება.

ბოლო წლებში მედიცინის მიღწევებმა შესაძებელი გახადა მრავლობითი მიელომის დროს სიცოცხლის გახანგრძლივება და დაავადების რემისიაში გადაყვანა, მაგრამ დაავადება უმეტეს შემთხვევაში ისევ იჩენს თავს.

მრავლობითი მიელომის დიაგნოსტირება დღეს სპეციალიზებულ კლინიკებში ხდება და ინვაზიურია.

ახალი მეთოდი, რომელიც ჩვეულებრივი სისხლის ანალიზია, უნიკალურია (მისი ხელმისაწვდომობის გამო, კეთდება ჩვეულებრივ ლაბორატორიაში), დანახარჯი მინიმალურია, რაც მთავარია, საშუალებას იძლევა დიაგნოზი დაისვას დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე და დროულად დაიწყოს მკურნალობა, რაც მის ეფექტიანობას განაპირობებს.

მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ბაზის გამოყენებით, გაცილებით იოლი იქნება სიმსივნური უჯრედების თვისებების გამოვლენა და მისი იდენტიფიკაცია!

მკვლევარების აზრით, მომავალში ექიმები შეძლებენ პაციენტების მონიტორინგს რეალურ დროში და თითოეული მათგანისათვის ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევას, სანამ დაავადების პირველი სიმპტომები გამოვლინდება! ისინი ფიქრობენ, რომ მალე ამ მეთოდს სხვა სიმსივნური დაავადებების შემთხვევაშიც გამოიყენებენ.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: https://m.ynet.co.il/Articles/5420997

კომენტარები