პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება  – რა დაუჯდება ბიუჯეტს პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა ხმების დათვლის პროცედურა. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, შედეგი ასეთია: მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 40,48 %. ამ დროისთვის  3705 საარჩევნო უბნიდან ხმები დათვლილია ყველა უბანზე (3694 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი). კონკრეტული ხმებს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 780 633.

არჩევნებში მონაწილე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. 57 უბნიდან ცესკოს მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული 57-ვე უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 64,24% (6135 ხმა) მიიღო, 35,76% (3415 ხმა) კი – სალომე ზურაბიშვილმა.

სქრინშოთი ცესკოს ოფიციალური ვებგვერდიდან

ეს მონაცემები მაინც წინასწარი შედეგებია, ცესკო საბოლოო შედეგებს საჩივრების განხილვის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა არსებითად არაფერი შეიცვლება და საქართველოს მეხუთე და ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. მის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილების ძალაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე – ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი. საარჩევნო პროგრამაში ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელთან დაკავშირებითაც წარადგენს და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის, ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

ახალი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხზე მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუხმოვანებია, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობები სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან თანხვედრაში მოდის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ბევრი არ უნდა უჯდებოდეს“.

„მე მაქვს პრინციპული პოზიცია, თუ რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულში ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, გადაინაცვლებდა თუ არა ახალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელის სასახლეში.

შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სასახლეში გაპრეზიდენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი შესულიყო, თუმცა ის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს, თუმცა წლების განმავლობაში ფუნქცია ვერ შეიძინა და ამ დრომდე დაკონსერვებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი დატოვების შემდეგ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2019 წელს 9 800 000 ლარი იქნება. აღნიშნული თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული, პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხარჯებისთვის 9 409 000 ლარია გათვალისწინებული, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 391 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად 5 მილიონი ლარი იქნება. ინფორმაციისთვის, 2018 წელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს კი – 13 194 600 ლარი.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close