ქათამი იაპონურად (ოიაკოდონი)

ოიაკოდონი იაპონელების უსაყვარლესი კერძია, რომლის ძირითადი ინგრედიენტებიც ქათამი, კვერცხი და სოიის სოუსია. იაპონურიდან თარგმანში „ოიაკოდონი“ ნიშნავს „მშობლებსა და შვილებს“. მისი მრავალნაირი ვარიანტი არსებობს. აქ მოყვანილი რეცეპტი ჩვენს რეალობასთან ადაპტირებული ვარიანტია, თუმცა ამით კერძს არაფერი აკლდება. ქათამი გამოდის ცოტათი მოტკბო, ჰარმონიული გემოთი და არომატით. და, რა თქმა უნდა, მოხარშულ ან შემწვარ ბრინჯთან ერთად უნდა მიირთვათ.

საჭირო პროდუქტი: 2 კგ ქათმის ფრთები და ბარკლები, 2 კვერცხი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 250 გ კარაქი, 1/2 ჩ/ჭ თეთრი ძმარი, 1 კბილი ნიორი, 2 ს/კ სოიის სოუსი, 2 თავი ხახვი, მარილი.

მომზადების წესი: კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თეფშზე. მეორე თეფშზე დაყარეთ ფქვილი. ამოავლეთ ქათმის ფრთები და ბარკლები ჯერ კვერცხში და შემდეგ ფქვილში, დაალაგეთ ღრმა ტაფაზე და შეწვით ჰაერღუმელში მსუბუქად ორივე მხრიდან.

როცა შეყავისფრდება, მოასხით სოუსი, რომელიც ასე მზადდება: გათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შეურიეთ ძმარი, დაჭყლეტილი ნიორი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, სოიის სოუსი, შეაზავეთ მარილით და შეაბრუნეთ ჰაერღუმელში 30 წუთით.

კომენტარები
Загрузка...