დღის თემასაზოგადოებასაქართველო

 წერილი „მკერდმოჭრილ ამორძალს“

არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ უნახავად შეყვარება არსებობდა. შენ ხარ ჩემთვის უტყუარი დასტური იმისა, რომ არ ვცდებოდი…

შემოდგომის თბილისიდან გწერ ამ წერილს. უცნაურია, რადგან უცნობ ახლობლებს წერილებს იშვიათად წერენ, მაგრამ შემოდგომის პირველი თვის ბოლო დღეებში ისე ცხადად გგრძნობ, ასე შორეულს, რომ სათქმელს ვეღარ ვიტევ ჩემში. იცი, მამაჩემი შენს გახსენებაზე ტირის ხოლმე. ადრე მიკვირდა, ახლა უკვე აღარ. მამა ძლიერია, მაგრამ შენდამი მონატრება უფრო, უფრო ძლიერი აღმოჩნდა…

უცნობი რომ გიწოდე, ნუ მიწყენ, კარგი? ჩემი სულის ნაწილი ხარ, მაგრამ უცნობი. უცნობი და საოცრად ახლობელი ერთბაშად. ასეა, ადამიანები ზოგჯერ რიგიანად არ ვიცნობთ საკუთარ თავს. ალბათ უამრავ ცუდ რამეს გეუბნებიან ჩვენზე ისინი! ისინი,  ვინც შენი თავი წაგვართვა, მაგრამ არ დაიჯერო. არ დაუჯერო ბოროტ ენებს, თორემ საბოლოოდ დაგვამარცხებენ, საბოლოოდ დაგვაკარგვინებენ ერთმანეთს. შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენს ყველა ნაწილზე მეტად გვეძვირფასები, რადგან დაკარგული (დროებით დაკარგული!) გქვია. რას ვიზამთ, ასე ვართ ადამიანები: ვკარგავთ და მერე ვგრძნობთ მთელი სიმძაფრით, თუ რაოდენ გვყვარებია.

როგორც გითხარი, შემოდგომის პირველი თვის დასასრულს მიმძაფრდება ხოლმე შენი განცდა. თითქოს ყოველი სექტემბრის ოცდაშვიდში ხელახლა გკარგავდე. შენ არ იცი, რომ 27 სექტემბერი შენი დაკარგვის ტკივილთან ერთად ჩემი დაბადების სიხარულსაც იტევს. რა თქმა უნდა, არც ის იცი, რომ უკვე წლებია ამ დღეს, დილით გაღვიძებისთანავე შენი დაკარგვა მახსენდება და მხოლოდ ამის შემდეგ – ჩემი დაბადება. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, ეს სიტყვები მამაჩემის ცრემლებივით გულწრფელია. მანამ დაგკარგე, სანამ დავიბადებოდი და მაინც ჩემი სულის უძვირფასეს ნაწილად გთვლი. ახლა წარმოიდგინე მამაჩემის ცრემლებში ჩატეული სიყვარული. მას ხომ შენი თავი უბრალოდ წაართვეს. ერთ დღესაც ადგნენ და – წაართვეს, ისე რომ მხოლოდ მოგონებები დაუტოვეს სახსოვრად. მამამ შენი სახით სახლი კი არა, ცხოვრება დაკარგა; ამის გააზრებას ვცდილობ და ამიტომ დიდი ხანია აღარ მაკვირვებს შენს ხსენებაზე ატირებული მამის დანახვა.

დაკარგულ, მიწიერ სამოთხეს გიწოდებენ, ზღაპრულ ედემს და რას აღარ. სიტყვებში როგორ შეიძლება გამოგამწყვდიო, მაგრამ შენ ჩემთვის შოთა ნიშნიანიძის ორ ტაეპში ეტევი: „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამრდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ…“ – ამ სიტყვებს რომ წარმოვთქვამ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ეკლის გვირგვინს მადგამდნენ, ეკლის გვირგვინს გვადგამდნენ… არიან ისეთებიც, შენ რომ უარგყოფენ და ამით იმშვიდებენ თავს. ეს იმას ჰგავს, დედამ განსაცდელში მყოფ საკუთარ შვილს, ტკივილის შემსუბუქების ნაცვლად, მეზობლის ბავშვი უწოდოს. თუ იქამდე დავეცემით, რომ შენ უარგყოთ, ღმერთს ვთხოვ, საერთოდ გავქრეთ, საერთოდ აღარ ვიყოთ…

შენ ჩემთვის რაღაც ძალიან ძვირფასის დაკარგვით მოგვრილ ჟრუანტელთან ასოცირდები. მე და შენ ბევრი რამ გვაშორებს, მაგრამ ემოციების სამყარო ის ადგილია, სადაც ვერ დამამარცხებენ, სადაც არ დაგკარგავ. სხვა თუ არაფერი, იმას ხომ მაინც ვერავინ დამიშლის, რომ უნახავად მიყვარდე, სიზმარში მაინც მოვიდე შენთან, წარმოსახვაში ენერგიის ბოლო წვეთამდე დავიხარჯო შენს ქუჩებში ხეტიალით, დავიღალო და აჩქარებული გულისცემისა და არეული სუნთქვის დასამშვიდებლად ზღვისპირა სკვერში ცარიელ ძელსკამს დავუწყო ძებნა, ვიპოვო და თვალდახუჭული დავტკბე შენი ზღვის საამო ხმით, ასე რომ ამსგავსებენ დედის იავნანას, თოლიების „ურაიდა რაიდას“ ვუსმინო დაუსრულებლად… დიახ, ემოციების სამყარო არის ადგილი, სადაც მე მანამ მოვალ შენამდე, სანამ რეალურად არ ვიგრძნობ ფეხქვეშ შენს მიწას, ჩემს მიწას…

მამა ამბობს, რომ მის ცრემლებს შენი ზღვის გემო აქვს… მე, როგორც წესი, დუმილით ვპასუხობ…

დღეს სექტემბრის 27-ია – შენი (დროებით!) დაკარგვისა და ჩემი დაბადების დღე… არ ვიცი, ახლა რა ხდება შენთან, რას გრძნობ, მაგრამ ერთი უმთავრესი რამ მინდა იცოდე: ხომ ამბობენ, რომ სიყვარული ღმერთია – სწორედ ის არის ჩვენ შორის, შენ ნუ იდარდებ!

ჩემ ირგვლივ განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ დღეს ჩვენი ერთობლივი მარცხის დღეა. შენზე ამბობენ, რომ დაეცი. მე კი ასე მჯერა, რომ დაიჩოქე და ასე დაჩოქილი გველოდები. ნუ გეშინია, ჩვენ აუცილებლად მოვალთ…

ნინო წულაია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close