„ალავერდობა“ – გეიდარ ფალავანდიშვილის მოგონებები გურამ რჩეულიშვილზე და ფილმის გადაღების პროცესზე

გეიდარ ფალავანდიშვილი ფილმში „ალავერდობა“, 1962

„და მან არ იცის კახეთი, ვისაც ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში“… გურამ რჩეულიშვილის ცნობილი ნაწარმოების, „ალავერდობის“ კინემატოგრაფიულ ჩარჩოებში მოქცევა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, როცა საზოგადოება (ძირითადად, ახლობლები და ნაცნობ-მეგობრები) მოთხრობას მხოლოდ ხელნაწერების სახით იცნობდა. სამწუხაროდ, გურამ რჩეულიშვილი მოთხრობის დაბეჭვდასაც ვერ მოესწრო – ტრაგიკულად დაიღუპა 1960 წლის 23 აგვისტოს. დღეს აღარც გეიდარ ფალავანდიშვილია ცოცხალი – გურამ რჩეულიშვილის სიძე (დის ქმარი) და მთავარი როლის შემსრულებული ფილმში „ალავერდობა“. თბილისის კიდევ ერთი კოლორიტი, საოცარი ღირსებებით შემკული უკეთილშობილესი პიროვნება 2012 წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამქვეყნად კაცური კაცის სახელი დატოვა.

ჩვენი დღევანდელი ნარკვევი მეტ-ნაკლებად ამ ორი საუკეთესო ქართველის გახსენებას ეძღვნება, თანაც 28 სექტემბრიდან ალავერდობა იწყება – უძველესი დღესასწაული, მოსავლის აღების დღეობა, რომელიც სამ კვირას გრძელდებოდა.

***

ქართულ კინოსთან შეხვედრა გეიდარ ფალავანდიშვილს მეოცე საუკუნის სამოციან წლებში მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე გარეგნობისა და სამსახიობო მონაცემების გამო წარმატებები ეკრანზე გამოჩენისთანავე ხვდა წილად, მას თავიდანვე არჩეული პროფესიისთვის (ჰიდროინჟინერია) არ უღალატია და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე საყვარელი საქმისათვის ენერგიას და ძალისხმევას არ იშურებდა. როგორც მისი მეუღლე – ქალბატონი მარინა რჩეულიშვილი ამბობს, მისი პროფესიაც, მოწოდებაც და ჰობიც ჰიდროინჟინერია იყო. საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე „საქწყალპროექტის“ გენერალური დირექტორი იყო და მუდამ გატაცებით მუშაობდა საინჟინრო პროექტებზე. ამიტომაც უჭირდათ მისი დათანხმება ფილმებში მონაწილეობაზე, თორემ „ალავერდობის“ (გურამი), „მთვარის მოტაცების“ (თარაშ ემხვარი), „ფერისცვალებისა“ (გივი) და „ვედრების“ (მუცალი) გარდა მისი განუმეორებელი ვაჟკაცური ხიბლი და არტისტული ნიჭი ალბათ კიდევ ბევრ ქართულ კინოსურათს დაამშვენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები იყვნენ და სკოლაშიც ერთად სწავლობდნენ, გიორგი შენგელაიამაც ძლივს დაითანხმა გეიდარი ფილმში გადაღებაზე. მაშინ იგი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, იმ წელს დიპლომი უნდა დაეცვა, მაგრამ ფილმზე მუშაობის გამო სწავლა გაუგრძელდა და ინსტიტუტი ცოტა მოგვიანებით დაამთავრა. გურამსაც იცნობდა, რომელმაც იცოდა, რომ გეიდარი მის დას ეტრფოდა… „ასე რომ, არავისთვის უცხო არ ვყოფილვარ: არც გურამისთვის, არც გიორგისთვის და არც გოგი ოჩიაურისთვის, რომელიც ფილმის მხატვარი იყო“, – იხსენებდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენთან საუბრისას ბატონი გეიდარი და უფრო მეტს გურამ რჩეულიშვილზე გვიყვებოდა, ვიდრე საკუთარ თავზე. ქვემოთ სწორედ მის მონათხრობს გადმოგცემთ:

პირდაპირ ალავერდის გუმბათზე

„გურამი ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, საოცარი ადამიანი იყო. ყველას მოსწონდა და უყვარდა – თანატოლებსაც და უფროსებსაც, ყველას ეამაყებოდა მასთან ურთიერთობა… – იხსენებდა  გეიდარ  ფალავანდიშვილი, – სამაგალითო იყო თავისი ჩაცმულობით, ვაჟკაცობით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფათერაკიანობითაც კი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საზოგადოებაში თავისუფლების სიო ნელ-ნელა იწყებდა ქროლვას, რაც უპირველესად მაშინდელ მწერლობაში ვლინდებოდა. უკვე დაბეჭდილი იყო გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა, ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა გურამ გეგეშიძისა და ანზორ სალუქვაძის ნაწარმოებებიც, თუმცა ცენზურა უკიდურესად ზღუდავდა მათ შემოქმედებით თავისუფლებას. ტარდებოდა საზოგადოებრივი განხილვები, იყო შეხვედრები უნივერსიტეტში… გურამი ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის თავისი ახალი მოთხრობების გამოქვეყნებას აპირებდა, რომელთა შორის იყო „ირინა და მე“ და „ალავერდობა“. ეს მოთხრობები მას უკვე მიტანილი ჰქონდა ჟურნალების რედაქციებში და დაბეჭდვას ელოდებოდა, მაგრამ…

გურამ რჩეულიშვილი

მოულოდნელად ტრაგიკულად შეწყდა მისი სიცოცხლე. გურამის დაღუპვა უდიდესი ტკივილი იყო არა მარტო მისი ახლობლებისა და მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მეგობარი კი მართლაც ბევრი ჰყავდა. ვინც კი იცნობდა, თავი ყველას მის საუკეთესო მეგობრად მიაჩნდა. თვითონ გურამი იყო ასეთი – რატომღაც მასთან ყველა იხსნებოდა, თავის გულისნადებს უზიარებდა.

გურამთან გიორგი შენგელაიაც მეგობრობდა, თუმცა ცოტა უმცროსი იყო მასზე; ერთად ჰქონდათ შემოვლილი მთელი ხევსურეთი, სადაც მათ გოგი ოჩიაური მასპინძლობდა და ერთმანეთის მიმართ უკვე შემოქმედებითი ინტერესებიც გასჩენოდათ. მაგალითად, მახსოვს, გიორგის „ალუდა ქეთელაურის“ გადაღება უნდოდა და ალუდას როლში გურამის დაკავებას აპირებდა. გიორგი მაშინ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლობდა. როცა ინსტიტუტი დაამთავრა, გურამი ცოცხალი აღარ იყო, არც „ალავერდობა“ იყო გამოქვეყნებული – ხალხში ის ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. გიორგიმაც წაიკითხა და ფილმის გადაღება გადაწყვიტა. როგორც ვიცი, სცენარის წერის დროს მას რეზო ინანიშვილი ეხმარებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი შეუცვლიათ. გიორგიმ დაინახა ის, რაც მოთხრობაში გურამს ჰქონდა ნაგულისხმევი და ეკრანზე ისე გადაიტანა. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, შემდგომში განვითარებული მოვლენების შედეგად შევიტყვე. მაშინ ვიცოდი მხოლოდ ის, რომ გიორგი შენგელაია „ალავერდობის“ გადაღებას აპირებდა. როგორც ვიცი, მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდნენ. ვინა აღარ გასინჯეს: მწერალი ოთარ ჭილაძე, მხატვარი თემო ჯაფარიძე, მგონი, ოთარ მეღვინეთუხუცესზეც იყო საუბარი, მაგრამ… ამასობაში ჯგუფიც შეიკრა: გოგი ოჩიაური – მხატვარი, საშა რეხვიაშვილი – ოპერატორი, რეზო ინანიშვილი – სცენარის ავტორი; მუსიკას ფელიქს ღლონტი წერდა, გმირი კი ვერა და ვერ იპოვეს. მერე, მგონი, გოგი ოჩიაურს უთქვამს, გეიდარი გავსინჯოთო. ამ დროს მე ზღვაზე ვიყავი დასასვენებლად, სასწრაფოდ ჩამომიყვანეს იქიდან და პირდაპირ ალავერდის გუმბათზე ამიყვანეს სინჯის გადასაღებად. 1961 წლის ზაფხული იყო…“

დღესასწაული

„ალავერდობა ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო, სადაც სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ამ დღესასწაულზე თითქოს რაღაც ერთიანდებოდა და ალბათ ამის გამო ინტერესი კიდევ უფრო ძლიერდებოდა, მით უმეტეს, რომ იქ ხშირად ჩადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. თავის დროზე ალავერდობის დღესასწაულზე მინახავს ცნობილი მსახიობები: აკაკი ხორავა, ნატო ვაჩნაძე, სპარტაკ ბაღაშვილი… თითქოს ერთგვარი ასპარეზიც კი იყო.

გიორგის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან აბსოლუტურად ყველაფერი რეალურ ალავერდობასთან დააკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი ნაწარმოების დასაწყისში აღნიშნავს, ალავერდობამ თავისი სახე დაკარგა და ღრეობის ადგილად გადაიქცაო, დღესასწაულს მაშინ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ძველებური ხიბლი. ფილმში ბევრი ეპიზოდი რეალურადაა გადაღებული, განსაკუთრებით მასობრივი სცენები, რომლებშიც მოსახლეობა მონაწილეობს, მათ შორის, მონასტრის ეზოში მოტრიალე ქალები, ალავერდისთვის შეწირული ავადმყოფი ფირუზა და ასე შემდეგ. საერთოდ, ამ ფილმს თითქოს არ ჰყავს კონკრეტული გმირები, მაგრამ მათი არსებობა მაინც ყველგან იგრძნობა, თუნდაც ის ცხენიანი თუში აიღეთ ან კადრში გამოჩენილი ნებისმიერი ადამიანი“.

„გურამის ცხენი“

გადაღებები, ძირითადად, თელავში და ალავერდის ახლომდებარე სოფლებში – ოჟიოსა და კოღოთოში ჰქონდათ. „ძალიან მშრალი, უწყლო სოფლები იყო, მაგრამ საოცრად კეთილი ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც ფილმის გადაღებაშიც მონაწილეობდნენ. მთავარი ის იყო, რომ გურამის სახე, მისი პიროვნება მუშაობის პერიოდში გამუდმებით თვალწინ გვედგა და გარკვეულწილად მოქმედებდა როგორც გიორგიზე, ისე ჩემზეც. მერე ცხოვრებაში თანდათან გამოიკვეთა კიდეც, რომ ემოციურად თუ შემოქმედებითად გურამი ლიდერი იყო, რომლის გარშემოც ხალხი ძალიან ადვილად და გულით იკრიბებოდა“, – იხსენებდა ბატონი გეიდარი.

ფილმში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხენი, რომლით რბოლაც გურამის ოცნებას წარმოადგენდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს იპოვეს პატარა, არაბული ჯიშის ცხენი, სწორედ ისეთი, როგორიც სჭირდებოდათ. ცხენს სახელი არ ერქვა, უბრალოდ, გურამის ცხენს ეძახდნენ. მანამდე ბატონი გეიდარი მხოლოდ ერთხელ იყო ნაჯდომი ცხენზე.

„ხევსურეთში ვიყავი გოგისთან და უკან რომ ვბრუნდებოდით, როშკიდან ჩამოსვლისას პირველად დავსხედით ცხენებზე, კარგა მანძილი ვაჭენეთ და საკმარისად დავზიანდი კიდეც, რადგან ცხენს ხის უნაგირი ედგა. ფილმში კი უბელო ცხენზე ვზივარ, რადგან გადაღებები საკმაო ხანს გაგრძელდა, თითქმის ერთ წელზე მეტი და მეც ვვარჯიშობდი. სპეციალური მასწავლებლები გვყავდა და ისინი გვავარჯიშებდნენ. მიუხედავად ამისა, ცხენმა მაინც რამდენჯერმე გადმომაგდო. ერთხელ რატომღაც ჩავთვალე, რომ ალაზანში შესვლა შემეძლო. მომეჩვენა, რომ ერთ ადგილას შედარებით კარგი ფონი იყო და მდინარეში ცხენით შევედი. მტრისას, რაც მე დამემართა, – ერთი კვირა ვმკურნალობდი. მერე იყო და – რაღაც მომენტში ცხენი გამექცა, ალავერდში ერთი გუმბათიანი შესასვლელია და პირდაპირ ამ შესასვლელისკენ გაექანა. როგორღაც შევაჩერე, თორემ ამ შესასვლელში ცხენიანი კაცი ვერაფრით გაეტეოდა“.

***

მოგეხსენებათ, გურამ რჩეულიშვილს ნაწარმოებში ცხენის ცემის სცენა არ აქვს. კინემატოგრაფიულად ეს სცენა გიორგი შენგელაიას ნააზრევია, რომელიც, მაყურებელი დაგვეთანხმება, მართლაც კარგი გამოვიდა. თითქოს ერთგვარი კვანძიცაა, რომლის შემდეგაც რაღაც ახალი იწყება… შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მთავარი გმირი ცხენს მართლა სცემს. მარტო ცხენს კია არა, თავად ბატონ გეიდარსაც კი სცემდნენ! მეტად რომ გამწარებულიყო, მათრახს ურტყამდნენ ფეხებში…

„სხვათა შორის, თელავში გადაღებებზე ბევრი ხალხი გვაკითხავდა, აინტერესებდათ, რა ხდებოდა. თამრიკო გამსახურდიაც იყო მეგობრებთან ერთად ჩამოსული“, – იხსენებდა ბატონი გეიდარი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გეიდარ ფალავანდიშვილისა და ზვიადის და თამრიკოს პაპები ძმები იყვნენ.

***

ფილმს საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ძირითადად, მაღალი თანამდებობის პირები. რატომღაც ჩათვალეს, რომ ქართველები ასე ჩაცმულები არ უნდა ყოფილიყვნენ. არადა, საინტერესო ის იყო, რომ მაშინ ლეკებიც ჩადიოდნენ ალავერდობაზე, დიდოელებიც, ყარაჯალელი თათრებიც… ეს ხალხი ალავერდობისა და, საერთოდ, ცხოვრების ნაწილი იყო, მაგრამ ცენზურა სხვა რაღაცაა – იმ დროისათვის ის მაინც ცოცხლობდა. მხოლოდ რაღაც ეპიზოდის ამოღება კი არა, ოფიციოზს მთელი ფილმის გაუქმება უნდოდა. გაოგნებულები იყვნენ, რატომ აღმოჩნდა ადამიანი ეკლესიის გუმბათზე და რატომ ამბობს გმირი, რაღაცის გაკეთება მინდოდა და უცებ დამიბრუნდა სიცხადეო… სხვათა შორის, ფილმში არ შევიდა ნაწარმოების ერთი სერიოზული დრამატული ნაწილი: ალბათ გახსოვთ, გურამი თელავში რომ ჩადის და ბურჯის თავზე ჯდება, ღამეა, ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმის და ალაზნის ველიდან რაღაც საოცარი ძალა მოდის. გურამი ამ ყველაფერს უყურებს და უცებ ისინი ერთიანდებიან, ერთ სიმღერას მღერიან – გურამიც, ის ველიც და მის გარშემო საერთოდ, მთელი სამყარო.

არქივს შემორჩენილი ხმა

ბატონო გეიდარ, საუბარში აღნიშნეთ, რომ გურამს იცნობდით და მის დას ეტრფოდით. ეს გასაგებია, მაგრამ მაინც საინტერესოა, ვინ არის გურამი თქვენთვის, თქვენ ხომ მისი გმირი ითამაშეთ?

გურამი გურამად რჩება, მარად ახალგაზრდად და თავისუფლებისმოყვარედ. მისი შემოქმედება კი სიღრმისეული და ცოცხალია. გურამის პიროვნება დღემდე გვერდით ჰყავს ჩემს თაობას. მისი დაღუპვის შემდეგ მათ სახლში გადავედი და, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი. ფილმი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა უკვე გურამის ოჯახის წევრი ვიყავი (ბატონი გეიდარის მეუღლე, გურამ რჩეულიშვილის და, ქალბატონი მარინა რჩეულიშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია – თ. ო.).

როგორ ფიქრობთ, გურამს თქვენი გმირი რომ ენახა, რას იტყოდა?

რა ვიცი… შეიძლება არაფერი ეთქვა, შეიძლება ეთქვა, ყოჩაღო… ალბათ მოეწონებოდა, ცხენზე როგორ ვზივარ…

რას იტყვით თქვენი შვილების (გურამი და ნინო – თ. ო.) და შვილიშვილების თაობაზე და რას უსურვებთ მათ?

ჩემი ღრმა რწმენით, თაობებს შორის კავშირი უფრო მჭიდროა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მამათა და შვილთა ბრძოლა, სიმართლე გითხრათ, არცთუ მთლად საფუძვლიანია ჩემს თვალში. ადამიანი დაახლოებით 100 წელიწადს ცოცხლობს, ხომ? ამ ხნის განმავლობაში ვინც ცხოვრობს, მათი ინტერესები, განცდები საერთოა. მათი გონება და სული თითქმის ერთი იდეალისკენ (თავისუფლება იქნება ეს თუ სხვა) არის მიმართული. ცხოვრების ძირეულ მოვლენებში ახალგაზრდაც და მოხუციც ერთნაირად მონაწილეობს – აუცილებელ ფიზიკურ მონაწილეობას არ ვგულისხმობ… ასე რომ, ერთი ეპოქის თაობებს შორის კავშირი ურღვევია.

რაც შეეხება სურვილს, ახალგაზრდებს პროფესიონალიზმისკენ სწრაფვას ვუსურვებ. მათ მძიმე პერიოდში მოუხდათ საუკეთესო წლების გავლა, ამიტომ სიმხნევე მართებთ. მთავარია, შეიძინონ ცოდნა, თუნდაც უცხოეთში, ოღონდ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ეს კი უკვე მთავრობის გადაუდებელი ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თავისი ცოდნა ყველამ სამშობლოს მოახმაროს, დურგალი იქნება ეს, მეცნიერი თუ მხატვარი.

ახალგაზრდებს სიფხიზლეს ვუსურვებ. ჩვენს დროს უფრო გამოკვეთილი იყო სანატრელი იდეალი და საძულველი ობიექტიც. დღეს ცდუნებები მეტია, რამაც შეიძლება დააბნიოს კიდეც კაცი, ამიტომ ახალგაზრდობას, ვის ხელშიც არის ქვეყნის მომავალი, ფხიზლად უნდა ჰქონდეს გონების თვალი, სული კი – რწმენით გამთბარი, რომ ჭეშმარიტების გზას არ ასცდეს. ჭეშმარიტება კი ერთია – საქართველო და მისი ბედნიერება“.

***

„ალავერდობამ“ ეკრანზე გამოსვლისთანავე დიდი გამოძახილი პოვა. იმდროინდელ პრესაში ძალიან საინტერესო წერილები დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილზე, ცხადია, „ალავერდობასთან“ დაკავშირებით. მერაბ კოსტავამ ის თეთრ გიორგისაც კი შეადარა… არ ვიცი – რატომ, მაგრამ ახლა უცებ გავიფიქრე: რა სიმბოლურია, ბატონი გეიდარი ხომ გიორგობა დღეს გარდაიცვალა-მეთქი – ექვსი მაისი სულ რაღაც ხუთი წუთის დამდგარი იყო თურმე…

თამარ ოთიაშვილი

ალავერდის ტაძარი
კომენტარები
Загрузка...