სამზარეულო

გაყინული იოგურთი ჟოლოთი

ცხელ ზაფხულში რა უნდა ინატროს ადამიანმა, თუ არა ნაყინი?! მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ერთი და ორი ცალით პირის ჩატკბარუნება საკმარისი არ გვეჩვენება და თან ფიგურასაც ვუფრთხილდებით? სწორედ ამიტომაც გთავაზობთ ნაყინის შემცვლელს – გაყინულ იოგურთს – მსუბუქ, გემრიელ დესერტს.

ეს სასარგებლო ბაქტერიებისა და ცილების ნამდვილი დღესასწაული იდეალურად გამოდგება მათთვის, ვინც ხშირად დგება სასწორზე. ალბათ, ასეთი შესავლის შემდეგ იმის ხსენება უკვე ზედმეტია, რომ გაყინული იოგურთი ჰოლივუდის ვარსკვლავების დიეტებში ბოლო დროს განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს.

ამჟამად ამ დესერტის იმ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც ჟოლოთი მზადდება (შეგიძლიათ სხვა კენკრაც გამოიყენოთ), ცოტა ხანში კი სხვა ვარიანტებსაც მოგაწვდით.

საჭირო პროდუქტი: 450 გ გასუფთავებული ჟოლო, 240 გ ნატურალური იოგურთი, 130 გ ყავისფერი შაქრის პუდრი, 1 ჩ/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი, 2 ჩ/კ არაყი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი: ჟოლო აურიეთ შაქარსა და არაყში, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. გადააფარეთ ცელოფანი და ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით გააჩერეთ. დროდადრო ამოურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში ან კომბაინში, დაუმატეთ იოგურთი და ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თავზე დაახურეთ და მაცივარში შედეთ 1 სთ-ით. შემდეგ გამოიღეთ, კიდევ ათქვიფეთ და მოათავსეთ საყინულეში 4-5 საათით.

რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ გაყინულ მდგომარეობაში პროდუქტები ცოტათი გემოს იცვლის. ამიტომაც, როდესაც დესერტს ოთახის ტემპერატურაზე გასინჯავთ, იგი ოდნავ მეტად შაქრიანი და არომატული უნდა იყოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close