ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

თაკო სამხარაძე: „ჩემი მიზანია, საბერძნეთში დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა იცოდნენ თავიანთი ფესვები და იამაყონ“

„ჩემი გულისტკივილიც უნდა ვთქვა: წელიწადში ერთხელ აქვს დიდების დასს პრემიერა და მაშინაც ვერ ნახულობენ დროს ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები, რომ მოვიდნენ და ერთხელ მაინც გვნახონ, რას ვაკეთებთ – ან შეგვაქონ, ან გაგვლანძღონ“, – ამბობს საბერძნეთში მოღვაწე თეატრის მსახიობი და რეჟისორი თაკო სამხარაძე, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს: სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის მიერ დაარსებული კულტურულ-თეატრალური- „დიონისეს“ საბავშვო დასში ემიგრაციაში დაბადებული ბევრი ბავშვია, რომლებიც სწორედ „დიონისეში“ სწავლობენ ქართულად სწორად მეტყველებას, ეცნობიან ქართულ კულტურას, ლიტერატურას, ისტორიას… ახლახან პატარების დასმა საქართველოში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ დასის წევრი ზოგიერთი ბავშვი პირველად იყო თავის სამშობლოში…

ქალბატონო თაკო, თქვენი ძირითადი პროფესია მსახიობობაა?
საქართველოში დავამთავრე საესტრადო სასწავლებელი ვოკალის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ ორი წელი ვიმუშავე თეატრში „ათონელზე“. 2010 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან უმაღლესმა სასწავლებელმა CYTI UNIVERSITY-მ გამომიგზავნა სტუდენტური ვიზა – ამაში ათენში არსებული ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუნუ ღურჭუმალიძე და ასევე ათენში არსებული საკვირაო სკოლის დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე დამეხმარნენ, რისთვისაც მათი მადლობელი ვიქნები ყოველთვის.

და თქვენი მეორე ნახევარიც ემიგრაციაში იპოვეთ…
სწორედ აქ სწავლის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე, ბერძენი ეკონომისტი დიმიტრი ანასტასოპულოსი, რომელიც საბუთების გაკეთებაში დამეხმარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე შევქმენი ოჯახი მასთან ერთად. გვყავს ერთი გოგონა – ქრისტინა.

მეუღლე გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?
დიმიტრიმ დაქორწინებიდან პირველივე წელს გამიხსნა ქართულ-ბერძნული კულტურულ-თეატრალური ორგანიზაცია „დიონისე“, რომელსაც აგერ უკვე ოთხი წელია ვხელმძღვანელობ. თავიდან ერთი ბავშვით დავიწყე და ახლა უკვე ჯგუფები მყავს ვოკალშიც, მსახიობის ოსტატობაშიც და სასცენო მეტყველებაშიც. ჩვენთან არის როგორც ბავშვების, ისე უფროსი თაობის (მოყვარულების) თეატრალური დასები. წელს 23-26 მაისს ჩემი ბავშვების თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო საბავშვო თეატრალურ ფესტივალში საქართველოში, სადაც ოთხ ნომინაციაში დაგვაჯილდოეს: 1. საუკეთესო მსახიობი გოგონა (თათია ბეჟანაშვილი); 2. ყველაზე პატარა მონაწილე (გიორგი ბაქრაძე); 3. საუკეთესო ინსცენირება (მირიან ზალოშვილი); 4. საუკეთესო სპექტაკლი (რეჟისორი მე გახლდით).

საერთოდ, როგორია თქვენი სასცენო „მოსავალი“ ამ ხნის მანძილზე?
ამ ოთხი წლის განმავლობაში 10 სპექტაკლი დავდგი, მათგან – 7 საბავშვო.
დიდებისთვის, ძირითადად, კომედიებს ვდგამ. მოგეხსენებათ, ჩვენი ემიგრანტები ისედაც მძიმე ყოფაში არიან და ამიტომ ვცდილობ, რამდენიმე საათით მაინც გავახალისო. რეალური დრამა, რაშიც უწევთ ცხოვრება, საკმარისია მათთვის და ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ, რომ კიდევ უფრო მეტად დავამძიმო მათი გულები სცენიდანაც. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა მაყურებელი ამოდის სპექტაკლის დამთავრების შემდეგ და მეუბნება, 5 წლის სიცოცხლე მაინც მაჩუქეთ, იმდენი მაცინეთო. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და ყოველ ახალ სპექტაკლზე მუშაობისას ვცდილობ უფრო და უფრო მეტი საინტერესო და კომედიური სანახაობა შევთავაზო მაყურებელს.

მიმდინარე წელს, 10 მარტს, მარჯანიშვილის თეატრში ჩატარდა ღონისძიება ,,წარმატებული ემიგრანტი ქალი“, სადაც თქვენც დაგაჯილდოეს…
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ინა ასანიძე, რომელსაც აქვს ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“. მეც, სხვა ემიგრანტების მსგავსად, გადმომეცა ჯილდო – „ქართველი წარმატებული ემიგრანტი ქალი“.

აქვე აღვნიშნავ, რომ უფროსების სამოყვარულო დასში ჩვენთან მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობია – რეჟისორი და მწერალი მირიან ზალოშვილი, რომელმაც ფესტივალზე წარსადგენი პიესა დაგვიწერა აკაკი წერეთლის „ღამურას“ მიხედვით და სწორედ მან მიიღო ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო ინსცენირება.

დიდების დასში ცხრა მოყვარულია, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი თუმცა უდიპლომო, მაგრამ ნამდვილი მსახიობები არიან: ბევრი პროფესიონალი არ ეკიდება ამ საქმეს ისე სერიოზულად, როგორც ჩვენი დასის მოყვარული მსახიობები: დილით 5 საათზე დგებიან, მიდიან სამსახურში, მთელი დღე ფეხზე დგანან და საღამოს დაქანცულები მოდიან რეპეტიციაზე, მაგრამ როგორც კი დავკრავ ზარს, აბა, დავიწყოთ რეპეტიცია-მეთქი, მაშინვე ცოცხლდებიან და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მიზანსცენას თუ რეპლიკას.

აქვე ჩემი გულისტკივილიც უნდა ვთქვა: წელიწადში ერთხელ აქვს დიდების დასს პრემიერა და მაშინაც ვერ ნახულობენ დროს ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები, რომ მოვიდნენ და ერთხელ მაინც გვნახონ, რას ვაკეთებთ – ან შეგვაქონ, ან გაგვლანძღონ.

როგორც ვიცი, სიღნაღის დასი თქვენ მიიწვიეთ ათენში…

დიახ, შარშან სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასს ვუმასპინძლეთ (რეჟისორი – მურად ვაშაკიძე). მათი სპექტაკლი თამაზ ბიბილურის პიესის „ვიღაც გვეძახის“ მიხედვით დიდი საჩუქარი იყო თითოეული ემიგრანტისთვის.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პატარების დასში უმრავლესობა აქ, ათენშია დაბადებული და ზოგიერთი მათგანი პირველად იყო საქართველოში. მათი გონება მუშაობს ბერძნულად, მაგრამ ბავშვები თამაშობენ ქართულად. ჩემი მიზანია, რომ ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან და ჩემთან ეზიარებიან თეატრისა და ხელოვნების ისტორიას, გაეცნონ ქართულ კულტურას, თეატრს, ქართველ მწერლებს, მეიგავეებს, იცოდნენ და იამაყონ თავიანთი ფესვებით.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ძალიან იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და როცა მაქვს, ოჯახთან ერთად ვარ.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ქართველ ემიგრანტებს ვუსურვებდი, რომ მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოჯახებში. გული მტკივა, რომ ამდენი ოჯახი გახლეჩილია, სიყვარული დაიკარგა დედასა და შვილს შორის, ცოლსა და ქმარს შორის. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და ძალიან მტკივნეული. თავიდან საშინელ ტკივილს განიცდიან, შემდეგ თითქოს ეჩვევიან ამ მდგომარეობას და აი, სწორედ ამ დროს ტყდება ხიდი იმ დიდი სიყვარულისა, რასაც ოჯახი ჰქვია. მათ დაბრუნებაზე კი სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close