ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ემიგრაციაში ნაპოვნი სადედამთილო და გარიგება, რომელიც დაოჯახებით დაგვირგვინდა

მანანა ონიანი ამერიკაში სამუშაოდ რამდენიმე წლით წავიდა, მალევე აპირებდა საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დარჩა… ახლა მას ნიუ ჯერსიში საკუთარი სახლი  და ბაღი აქვს, ჰყავს მეუღლე და 13 წლის ბიჭუნა – ტიმი…

ქალბატონო მანანა, როგორ მოხვდით ნიუ ჯერსიში?
მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ექვსი დედმამიშვილი ვართ. შესაბამისად, ყველას განსხვავებული შეხედულება და მიზანი გვქონდა ცხოვრებაში… დავამთავრე თუ არა სკოლა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიბლიოთეკარის განხრით დავიწყე სწავლა, მაგრამ რადგან ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი, ეს ელემენტარული, ჩემი რესურსებიდან გამომდინარე, არ მიმაჩნდა საკმარისად. სწორედ ამიტომ სპონტანურად გადავწყვიტე გამგზავრება უცხოეთში, მეგობართან ერთად შევავსე ვიზის განაცხადი და… ასე დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება.

ინგლისური იცოდით? არ გაგიჭირდათ სამსახურის მოძებნა?
ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ინგლისურად, მაგრამ ჩემი მეგობარი დამეხმარა საქართველოდან გამგზავრებასა და სამსახურის მოძიებაში. სირთულეები ყველგან და ყველაფერში გვხვდება, მაგრამ იქ, სადაც სურვილი და მონდომებაა, ყველა დაბრკოლებას შეეჭიდები და დაძლევ.

რთული სამუშაო გქონდათ? ამჟამად სად მუშაობთ?
იქიდან გამომდინარე, რომ გაცნობიერებული მქონდა, რა მინდოდა და რატომ წამოვედი საქართველოდან, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, პატიოსნად ვშრომობდი და ჩემს ადამიანურ რესურსებსაც მაქსიმალურად ვიყენებდი: ბავშვების აღმზრდელადაც მიმუშავია და მოხუცების დამხმარედაც. ამჟამად სკოლის კაფეტერიაში ვმუშაობ (Little Egg Harbor School District). შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში არაფერი გქონდეს, ბევრი სიძნელე შეგხვდეს, მაგრამ უქონლობამ არ უნდა შეგცვალოს და გაგაბოროტოს.

რას გულისხმობთ?
ბევრი ადამიანი ვიცი, ერთმანეთის რომ შურთ და შინაგანად ბოროტდებიან. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდმა უნდა გაგაძლიეროს, კი არ უნდა გაგაბოროტოს. დღეს ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა იმას ცდილობს, ვინმეზე რამით მეტი გამოჩნდეს. ყიდულობენ ჯერ არ დაბადებული ბავშვებისთვის, არამცთუ შვილებისთვის, სახლებს და უკვე ის ახდენილი ოცნებაც აღარ აკმაყოფილებთ, რაც ერთ დროს მათთვის შეუძლებელი და რთულად განსახორციელებელი იყო. ბევრი შემთხვევა ვიცი და გამიგია კიდეც, რომ ზოგი სხვადასხვა დაავადებით წასულა საქართველოში. ერთი ემიგრანტის ამბავს მოვიშველიებ: შვილებს და შვილიშვილებს შეალია მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე, სულ იმას იძახდა, ჩემს შვილებს ეს ვუყიდეო, ის ვუყიდეო; რომ ვეტყოდი, შენთვისაც დაიტოვე რამე-მეთქი, ჩემი და ჩემი შვილების რამ გაყოო, მპასუხობდა. საბოლოოდ შვილებმა სიმსივნიანი დედა უკან, სამშობლოში დაბრუნებული არ მიიღეს და ქალი კვლავ ამერიკაში ჩამოვიდა.

რა მძიმე ისტორიაა, მაგრამ იმედია ერთეული შემთხვევაა… ცოტა ხნით სამუშაოდ ჩასული გოგონა როგორ შემორჩით ამდენ ხანს ნიუ ჯერსიში?
ამერიკაში ჩამოსვლის დღიდან გააზრებული მქონდა, რომ უკან აუცილებლად დავბრუნებულიყავი, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა: ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა აქ, ვინც ჩემს ოჯახებში სიარულს და სამსახურის მოძიებას კურირებდა, ის გახდა ჩემი დედამთილი. ყოველთვის მელაპარაკებოდა თავის ვაჟზე, მაგრამ არასერიოზულად ვუყურებდი ამ შემოთავაზებას. ბევრჯერ მითქვამს მისთვის, მე ამერიკაში დარჩენას არ ვაპირებ, საქართველოში უნდა დავბრუნდე-მეთქი. ერთხელ მოხუცს ვასეირნებდი ეტლით, შვილთან ერთად შემხვდა და მითხრა, გაიცანი ჩემი ვაჟი და იმეგობრეთ მაინც, თუ ოფიციალური ქორწინება არ გინდაო, რაზეც მოხუცი გაუბრაზდა, დაანებე ამ გოგოს თავი, სამშობლოში უნდა დაბრუნებაო…

და დაქორწინდით კიდეც…
საკურთხევლამდე რიჩარდმა მიმიყვანა, თვითონ მოხუცი იყო, ეტლში იჯდა, მისი მომვლელი ვიყავი და შვილივით ვუყვარდი. მითხრა, რადგან შენი მამიკო არ გყავს ამერიკაში, მე მიგიყვან საკურთხევლამდეო.

როცა მეკითხებიან, საიდან ვარ, ყოველთვის მტკიცედ ვამბობ, რომ ქართველი ვარ. ჩემი პირველი სიტყვა, რომელიც ინგლისურად ვისწავლე, იყო „შორის“, ამერიკელებისთვის რომ ამეხსნა: საქართველო თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს და მე რუსეთიდან არ ვარ-მეთქი – ბევრ ამერიკელს ასე ეგონა.

ხომ არ ნანობთ თქვენს არჩევანს, თქვენ ხომ დაბრუნება გინდოდათ?
მიყვარს ჩემი ოჯახი და სინანულის უფლება არ მაქვს. რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ახლა არ მეყოლებოდა ოჯახი, მაგრამ საქართველოს მონატრება მაინც სულ სხვაა…

როგორც ვიცი, ერთი შვილი გყავთ…
ჩემი ბიჭი – Timmy McDermott JR 13 წლისაა, სხვა თანატოლების მსგავსად უყვარს სპორტი: ცურვა, კალათბურთი, ფეხბურთი, კარატე. ამასთან, სკოლის ორკესტრშიც უკრავს. ტიმი საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს და ყოველთვის ცდილობს, ჩემი იმედები გაამართლოს. რომ არ დაგიმალოთ, ხასიათით ძალიან მგავს, გემოვნებითაც. რაც მთავარია, ვმეგობრობთ.

იცის ქართული?
სამ წლამდე სულ ქართულად ველაპარაკებოდი, რამაც პატარ-პატარა გაურკვევლობები შეუქმნა. მამა ინგლისურად ესაუბრებოდა, დედა – ქართულად, სწორედ ამიტომ გვიან დაიწყო ლაპარაკი. ამ ამბავმა ისე შემაშინა, ქართულად მხოლოდ ახლა დავიწყეთ რაღაცების სწავლა. თვითონ არის ძალიან დაინტერესებული ენის შესწავლით. ნიჭიერი ბავშვია. ხშირად ქართულ გადაცემებს და არხებს ვუყურებ, ვცდილობ ფეხი ავუწყო და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. ტიმსაც ვაჩვენებ საქართველოში მყოფ ამერიკელებს, რომლებიც ქართულად საუბრობენ და ვეუბნები, რომ ის თუ საუბრობს, შენც უნდა ილაპარაკო, რადგან შენს სხეულში ქართული სისხლია-მეთქი. მახსოვს, ერთხელ მითხრა, დედა, ბევრმა ქართველმა იცის ქართული, მაგრამ საქართველო არ უყვართ, მართალია, მე ქართული არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველოო! სულ მპირდება, დიდი ბიჭი რომ გაიზრდება, ერთად წამოვალთ საქართველოში.

ბოლოს როდის იყავით საქართველოში?
მარტო მომიხდა ორი კვირით ჩამოსვლა, მაშინ ტიმი პატარა იყო, ვერ წამოვიყვანდი. დედას სიმსივნე ჰქონდა და აეროპორტიდან სახლში მივედი პირდაპირ. საკმაოდ რთული ორი კვირა იყო – ამდენი წლის უნახავ მშობელთან შეხვედრის შანსი და იმის გააზრება, რომ ის ორი კვირა უნდა მეკმარა მთელი დარჩენილი ცხოვრება, რადგან დედა მძიმე დიაგნოზით სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა…

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
შაბათი-კვირა გვაქვს იმისთვის, რომ მოვიწყოთ პიკნიკი და გავიდეთ ბუნებაში დასასვენებლად.

ჩვენს ოჯახში ნამდვილი იდილია სუფევს, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც გადასახადებს უკავშირდება. ახალი შეძენილი გვაქვს სახლი და ეზოს გალამაზებით ვართ დაკავებულები. პატარა ბაღი მაქვს და უმეტეს დროს ბოსტანში ვატარებ. მიყვარს ფუსფუსი და ოჯახის საქმე; მიყვარს ყაისნაღით ქსოვა… სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავ და აუცილებლად გაგიზიარებთ.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
ნუ გაბოროტდებით, გიყვარდეთ ერთმანეთი! გისურვებთ, გეპოვოთ სულიერი სიმშვიდე სიმტკიცესთან ერთად. ჩემი ოცნებაა გამთლიანებული საქართველო!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close