„ფესვები“ – ქართველი ემიგრანტის დაუვიწყარი ისტორია
პირადად მე არ მეგულება არცერთი ქართველი, კინორეჟისორ გუგული მგელაძის არაჩვეულებრივი ფილმის – „ფესვების“ ნახვისას მღელვარებისგან რომ არ ატირდეს… ტკივილით, სევდით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით და, საერთოდ, საოცარი ემოციებით დამუხტული ამ ფილმის სცენარი, როგორც ბატონი გუგული ამბობდა, „ზღაპრულ დრამატურგს“ – სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. სწორედ მას მოუყოლია რეჟისორისთვის ერთი ქართველი კაცის ისტორია, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო სამშობლოდან შორს, უცხოეთში აღმოჩნდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, აღნიშნული სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებისას შექმნილ პრობლემებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრისას ფილმის რეჟისორმა გუგული მგელაძემ საიდუმლო გამიმხილა და თან დაბეჯითებით მითხრა, დღეს რომ „ფესვები“ არსებობს, ეს ორი შესანიშნავი ადამიანის – ალექსანდრე ჩიკვაიძისა და ლოვა ონიკოვის დამსახურებააო.
„საშა (ალექსანდრე) ჩიკვაიძე მაშინ მოსკოვში „ცეკას“ ერთ-ერთი დიდი განყოფილების უფროსი იყო. მახსოვს, მე და ცხონებული თენგიზ აბულაძე მოსკოვში ვიყავით ჩასულები რაღაც საქმეზე. სასტუმროში ვცხოვრობდით. ერთ მშვენიერ დღეს სწორედ თენგიზმა დაურეკა საშას და უთხრა: გუგული მგელაძეს უნდა შენთან შეხვედრაო. „მერე, მოვიდეს“, – უპასუხა საშამ. თურმე მიცნობდა, ალბათ ახალგაზრდობაში ერთად დავყიალობდით რუსთაველზე… მივედი. საშამ ყურადღებით მომისმინა და რაც შეეძლო, ყველანაირად დაგვეხმარა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
რაღაც ბედად სწორედ იმ დროს შევხვდი ლოვა ონიკოვს, ძველ თბილისელ კაცს, რომელიც ლამის გაგიჟდა, მოსკოვში რომ დამინახა. იგი ერთ დროს ბრეჟნევის მოადგილე იყო. თავის დროზე არაერთ ქართველს დაეხმარა. რომ არა ლოვა, ალბათ ვერც ჩვენ წავიდოდით საფრანგეთში. ექვსჯერ ჩაგვიყვანეს მოსკოვში და უკანვე დაგვაბრუნეს. არადა, პარიზის გარეშე ფილმი ყალბი გამოვიდოდა. „ფესვები“ რომ არსებობს, ამ ორი ადამიანის დამსახურებაა. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: ლოვა ონიკოვი ფილმის მთავარი გმირის – გიორგის (ჟორჟის) როლის შემსრულებლის, ბატონი დოდო აბაშიძის ახლო მეგობარი იყო. როდესაც გაიგო, რომ ფილმში დოდოს უნდა ეთამაშა, უფრო მეტად მოინდომა, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. „ფესვების“ გადაღება, ფაქტობრივად, დოდო აბაშიძის ფაქტორმა განაპირობა.
საქართველოზე შეყვარებული ფრანგი მსახიობი ქალი
ფილმში ყველა მსახიობი სინჯების გარეშეა გადაღებული. რეჟისორმა თავიდანვე კარგად იცოდა, რომ მთავარი როლი დოდო აბაშიძეს უნდა ეთამაშა. არც ცდებოდა, რადგან ეს გმირი სხვას რომ განესახიერებინა, ფილმი ალბათ უდავოდ ბევრს დაკარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ დოდოს გმირი ბედის უკუღმართობის გამო მძღოლია, თავის საქმეს პატივს სცემს და ისეთი პიროვნებაა, რომელიც სიყვარულს იმსახურებს. ახალგაზრდა გიორგის როლს მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ასრულებს, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი საყვარელი როლია. მისი ფრანგი მეუღლის (მადლენი) როლს კი ახალგაზრდობაში ია ფარულავა თამაშობს. იგი რეჟისორმა შემთხვევით დაინახა კინოსტუდიაში და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ როლს ია ფარულავა ითამაშებდა. რაც შეეხება უკვე ასაკოვანი გიორგის მეუღლის როლის შემსრულებელ ფრანგ მსახიობს, აი, რა გვიამბო ბატონმა გუგულიმ:
„ლორანსი ტელევიზიის მსახიობია. მან თითქმის უსასყიდლოდ იმუშავა ფილმზე. ლორანსის ისტორია ძალიან საინტერესოა: ფრანგები საქართველოში, კერძოდ, ბათუმში რაღაც ფილმს იღებდნენ და ისიც ერთი პერიოდი აქ იყო ჩამოსული. მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და არ იკითხავთ, რით? – სააბაზანოში გაგუდულა გაზით! ამ ტრაგედიის შესახებ ყველამ იცოდა და უფრო მეტად ეფერებოდნენ. მან ისეთი საოცარი სითბო იგრძნო ჩვენთან, რომ საფრანგეთში საქართველოზე შეყვარებული დაბრუნდა.
ლორანსის შესახებ ერთმა ქალმა მიამბო, რომელიც კინოსტუდიაში იმ ფრანგულ ფილმზე რედაქტორად მუშაობდა. ფოტოები მაჩვენა და მითხრა, თუ გინდა მასთან ტელეფონით დაგაკავშირებო. თარჯიმნის საშუალებით ვესაუბრე. სიხარულით დაგვთანხმდა ფილმში მონაწილეობაზე, თუმცა ვუთხარი, რომ ბევრი ფული არ გვქონდა. „ხუთი კაპიკიც რომ მომცეთ, მაინც ჩამოვალ“, – გვითხრა და ჩამოვიდა კიდეც. ულამაზესი ქალი იყო, გადაღებების დროს სპეციალურად დავამახინჯეთ. მერე გახმოვანებაზეც ჩამოვიდა და ქართულად დამელაპარაკა – კინაღამ გავგიჟდი. თურმე პარიზში ვინმე თაყაიშვილთან მეგობრობდა და ქართული მან ასწავლა. მახსოვს, სამონტაჟოში მოიყვანეს, ზამთარი იყო და ქურქი ეცვა. ოთახში რომ შემოვიდა, გადაიწია ქურქი და მითხრა, ნახე, გუგული, როგორ გავხდიო. ჩემო კარგო, „პივა“ უნდა დალიო და გასუქდები-მეთქი. „პივა“ არა – ლუდი!“ – შემისწორა ქართულად. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. აი, ასეთი სიყვარული დაბადა „ფესვებმა“ ფრანგ ქალში, რომელმაც კარგად იგრძნო ქართული სითბო და მადლი…
სხვათა შორის, ერთხელ გავუწყერი და ძალიან ეწყინა. გახმოვანების რედაქტორმა სადღაც წაიყვანა და ორი საათით დააგვიანეს. ძალიან რთული გახმოვანება გვქონდა, საშინლად ვნერვიულობდი. როცა დაბრუნდნენ, დირექტორს ვუთხარი საყვედური. ის მიხვდა, რომ ჩემი საყვედური მას ეხებოდა და მითხრა: „გუგული, ნახე, რას ვსვამ?“ – დამაწყნარებელს სვამდა… ია ფარულავას ეპიზოდებიც მან გაახმოვანა და ისე მოეწონა იას როლი, რომ თქვა, ნეტა, მე მეთამაშაო. სამწუხაროდ, მერე რაღაცნაირად დავკარგე ეს ქალი…
რაც შეეხება ლევან აბაშიძეს, იგი ჩემი ვაჟის მეგობარი იყო და ხშირად მოდიოდა ჩვენს სახლში. ძალიან მომწონდა – მასში საოცარი ჰარმონიულობით იყო შერწყმული გარეგნული და შინაგანი მომხიბვლელობა. ლევანი ნებისმიერი ქვეყნის კინემატოგრაფს დაამშვენებდა თავისი ნიჭიერებით, ხიბლით, ბუნებით.
ბოლო როლი
„ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმია. გადაღებების დროს უკვე ცუდად იყო, მაღალი წნევა ჰქონდა. მახსოვს, პარიზში ყოფნისას მანქანაში რომ ჩაჯდა, ვერ დაძრა, შეეშინდა, ასეთ პირობებში ქალაქში ვერ გავალო. პარიზის ქუჩებში შვილიშვილებთან ერთად მანქანით რომ მიდის და თან მღერიან, ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. როგორც ჩანს, მაღალი წნევა ჰქონდა და უცხო ქალაქში მოძრაობას ვერ ბედავდა. ოპერატორს (აბიკო მაისურაძე) ერთი სომეხი ასისტენტი ჰყავდა. პატარა კაცი იყო. ვხედავ, მოვიდა დოდოსთან და ეუბნება: „დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები? რას აკეთებ? სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში, რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!“ – თქვენ წარმოიდგინეთ, დოდომ დაუჯერა და ეს კადრი გადავიღეთ. წნევიანი ატარებს მანქანას და ეს ფილმშიც ჩანს – სახე აწითლებული აქვს. გავიმეტეთ ჩვენი დოდოშკი…
ფილმთან ერთი გულისმომკვლელი ამბავიც არის დაკავშირებული: „კინოს სახლში“ ფილმის პრემიერის დროს, როდესაც მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად, „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე ემშვიდობებოდა სიცოცხლეს… ეს მისი ბოლო როლი იყო. გაიგო, რომ ფილმის პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს.
* * *
საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ იფიქრეს, კინოს იღებენ, მილიონერები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დაიწყებენ სიარულსო, მაგრამ რომ ნახეს, ჯიბეგაფხეკილი ქართველი კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს… თუმცა მერე მაინც გვეპატიჟებოდნენ ხოლმე (იცინის). ძალიან მოეწონათ დოდო, სოსო ჯაჭვლიანი; ბოლოს სოსო ისე გაშინაურდა, რომ უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ გვქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა – არ ველოდით, ამდენს თუ მოგვცემდნენ. მახსოვს, გადაღებაზე ორი-სამი კაცი მივდიოდით: მე ოპერატორი და მსახიობი, რომელიც უნდა გადაგვეღო, დანარჩენები კი მთელ დღეს საყიდლებზე დარბოდნენ.
პარიზში ჩემი ქალიშვილიც იყო წამოსული – იგი ფილმის რედაქტორია და ის მეუბნებოდა, ვიღაც რუსი კაცი დაგვდევს უკანო. „კაგებეშნიკი“ დასდევდათ და აკვირდებოდათ, სად წავიდოდნენ, რას იტყოდნენ, როგორ იტყოდნენ… ერთადერთი ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს. თუ გახსოვთ, გოგონები ზევიდან რომ იყურებიან და ლევანზე ამბობენ, არ გამოვუშვებთო – ის გოგონები რესტორანში წაიყვანა და მთელი ფული იქ დახარჯა. წარმოუდგენლად კარგი პიროვნება იყო.
სხვათა შორის, ლევანს საფრანგეთში არ უშვებდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდი იყო და მათ წესს ვერ გადაუხვევდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ისეთ სიმკაცრეს აღარ იჩენდნენ და როგორღაც მოვახერხეთ, რომ საფრანგეთში ლევანიც წამოსულიყო.
ემიგრანტების სახსოვარი
ჩემთვის უწმინდესი სახსოვარია ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელიც საფრანგეთში ემიგრანტებმა მაჩუქეს. გადაღებებს ვამთავრებდით, რომ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა დამირეკა და მითხრა: ჩვენ არ გინახივართ და ჩვენზე ფილმს როგორ იღებთ, ხვალ ორ საათზე რესტორანში გელოდებით თქვენ და ბატონ დოდოსო. ვთხოვე, ხუთ საათზე მოვალთ-მეთქი. ხუთ საათზე უკვე იძინებენ, ყველა 80 წელს არის გადაცილებულიო. წავედით მე და დოდო. მთელი ქართველი წარმომადგენლობა იქ დაგვხვდა. დოდომ თავისი სიმღერით და სადღეგრძელოებით გადარია ემიგრანტები. ყველანი ტიროდნენ, დოდო კი ეხვეწებოდათ, ჩამოდით საქართველოშიო. რაღა დროს ჩვენი ჩამოსვლააო, შეშინებულები იყვნენ იმ პერიოდით, თანაც საკმაოდ ხანდაზმული ხალხი უკვე შეგუებული იყო თავის ემიგრანტობას. ის საღამო არასოდეს დამავიწყდება. თუ ფილმში ემიგრაციის შეგრძნებაა, ბევრი რამ, ალბათ, სწორედ იმ საღამომ განაპირობა.
კურიოზი
სხვათა შორის, საფრანგეთში ფილმის ფინალის გადაღებისას ჩვენი დაბნეულობის გამო ერთი კურიოზი შეგვემთხვა. აეროპორტის სცენა უნდა გადაგვეღო. ჯერ იყო და, გადაღების უფლებას ერთ კვირას ველოდით. როცა უფლება მივიღეთ და უკვე გადაღება უნდა დაგვეწყო, ამ დროს გვითხრეს, სასწრაფოდ დაცალეთ აეროპორტიო. თურმე ვიღაცას ჩემოდანი დაედგა შუა გასასვლელში და იფიქრეს, რომ მასში ასაფეთქებელი ნივთიერება იდო. ატყდა განგაში. გამოიძახეს სპეციალური რაზმი, რათა განაღმვა მოეხდინათ. ამ დროს საპირფარეშოდან გამოვიდა ერთი შავკანიანი კაცი, მოკიდა ჩემოდანს ხელი და გზა განაგრძო. როგორც ჩანს, იქ თავის მოსაწესრიგებლად იყო შესული, ჩემოდანი კი გარეთ ჰქონდა დატოვებული… ყველაფერი რომ ჩაწყნარდა და გადაღება დავიწყეთ, დავინახე, რომ აეროპორტში მანქანა იდგა. მანქანას რა უნდა აეროპორტში-მეთქი და დირექტორმა უამრავი ფული გადაიხადა, რომ ის მანქანა იქიდან გაეყვანათ. აეროპორტის ტერიტორიაზე მაღაზიაა და ამ მანქანას („პეჟო“ იყო) იქ ყიდდნენ. მერე მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი, მაგრამ უკვე გვიან იყო…
რაზე სწყდებოდა რეჟისორს გული?
„მონტაჟის პერიოდში ღამეები არ მეძინა. ფილმი მართალია, ძირითადად, სცენარის მიხედვითაა გადაღებული, მაგრამ ოდნავი ცვლილება მაინც მოხდა – რაღაც ეპიზოდების ამოღება მოგვიხდა. დასაწყისში იყო ასეთი ეპიზოდი: პარიზიდან მატარებლით მომავალ ახალგაზრდას ეკითხებიან, სადაური ხარო, ის კი პასუხობს: „პარიზელი ქართველი“. როგორ პარიზელიო? – კვლავ ეკითხებიან და ისიც ჰყვება თავის ბიოგრაფიას. კუპეში ქართულ სიმღერებს მღერიან და მას სწორედ მაშინ ახსენდება ყველაფერი, ამ დროს შეიგრძნობს თავის ქართველობას. ეს ეპიზოდი არ ჩაჯდა ფილმში და ამოვიღეთ. სიმართლე გითხრათ დამენანა, რადგან კარგი მსახიობები მყავდა გადაღებული, მათ შორის, ნინელი ჭანკვეტაძე და, სხვათა შორის, ჩვენი შესანიშნავი მომღერალი მერაბ სეფაშვილი. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, პარიზში უფრო მეტი სცენა გადაგვეღო, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა და შეიძლება ამით მოიგო კიდეც ფილმმა – რაღაც შეზღუდვების ხარჯზე უკეთესი გამოვიდა…“
თამარ ოთიაშვილი
მსგავს თემაზე: როგორ აუხდა დოდო აბაშიძეს სანდრო ახმეტელის წინასწარმეტყველება
ფრესკიდან გადმოსული მზეჭაბუკის აღსასრული – ლევან აბაშიძე
დაკავშირებულ თემაზე: კინოფილმ „ფესვების“ ცნობილი მელოდიის უბადლო შესრულება – ანრი ჯოხაძემ ერთი სიმღერით მთელი ოჯახი გააერთიანა (ვიდეო)
კომენტარები