კუნძულ ლესბოსზე ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინიში მთელი ღამის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიციამ მიგრანტების გაყვანა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მხოლოდ დილით მოახერხა.
მიგრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ავღანელები წარმოადგენენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი 18 აპრილს დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, რომლის ცენტრშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ევროპულ ქვეყნებში გაგზავნას ითხოვდნენ.
კვირას, 22 აპრილს, საღამოს 8 საათზე ორი ასეული ულტრამემარჯვენე ახალგაზრდა თავს დაესხა მიგრანტებს. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი ჩამოსვლის შემდეგ ლესბოსზე ცხოვრება აუტანელი გახდა. ულტრამემარჯვენე ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი მიგრანტების ცოცხლად დაწვას ითხოვდა, ესროდნენ პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მიგრანტების მხარდასაჭერად მოედანზე მემარცხენე და ანარქისტული დაჯგუფებები მივიდნენ.
მრავალმხრივი დაპირისპირების აღსაკვეთად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დილის 5 საათზე პოლიციამ მოედანზე ავტობუსები მიიყვანა და ძალის გამოყენებით მიგრანტები ქალაქის ცენტრიდან მორიას ბანაკში გადაიყვანა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, არეულობების შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.
კომენტარები