ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ერთი თეთრი ღამე მილანში მუზეუმთან ერთად

ლაბორატორიაში მისული (ასე უწოდებენ იტალიელები სასწავლო სახელოსნოს, სადაც ვიტრაჟების  ტექნოლოგიას ვეუფლები), ვხედავ, პროფესორი მაურიციო ორივაი (MAURIZIO IRIVAI) სტუდენტებს უხსნის, რომ პარასკევ საღამოს, 9 საათზე ტრიენალეს მუზეუმში (LA TRIENNALE di MILANO – TRIENNALE DESIGN MUSEUM) ვიკრიბებით. რადგან მე არ დამიძახა, ვიფიქრე, ალბათ, მე-2 და მე-3 კურსელები მიჰყავს-მეთქი (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სახელოსნოში ყველა კურსი ერთად ვიკრიბებით და ვმუშაობთ, თან ერთმანეთს ვეხმარებით) და ჩემს სამუშაოს შევუდექი.

ცოტა ხანში პროფესორი მაურიციო მომიტრიალდა და მეკითხება:

– ჯორჯიანა (ასე მეძახიან), შენც გელოდები.

– რა თქმა უნდა, მაგრამ იქ რა უნდა გავაკეთო? ან რისი გამოფენაა? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– თითქმის ერთი საათი ვხსნიდი და ვყვებოდი ამ საღამოს დანიშნულებას  და შენ? (გაეცინა)… არა, არა, ნამდვილი არტისტი (ხელოვანი) ხარ!

ცოტა შემრცხვა და შემდეგ ღიმილითვე ვუპასუხე:

– მეგონა, ეგ საკითხი მე არ მეხებოდა.

– უჰ, ახლა ერთი საათი შენ ცალკე უნდა აგიხსნა? იცი რა, მოკლედ, წამოიღე შენი სამუშაო მუზეუმში და იქ იმუშავებ. კადორნასთან ვიკრიბებით (კადორნა მეტროს ერთ-ერთ გაჩერებას ჰქვია მილანში).

– ჯორჯიანა, მეტროსთან შევხვდეთ ერთმანეთს, კარგად ვიცნობ ამ მუზეუმს და ერთად მივიდეთ, ­- მითხრა ჩემმა კოლეგამ, აიზილ მილენტინამ.

დადგა პარასკევი დღეც, საგანგებოდ გამოვეწყვე (რადგან სულ სპორტულად დავდივარ) და დიდი აურზაურით გავედი სახლიდან, თან ფრთხილად მიმქონდა დაჭრილი ფერადი მინები.

მილენტინას კადორნაზე შევხვდი და ფეხით 15 წუთში მივედით მუზეუმში.

ძალიან გამიკვირდა, ტრიენალესთან დიდი რიგი რომ დამხვდა. იმ ღამეს მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 15-20 ევრო ღირდა (ამ ფასში შედიოდა წყალი და წვენი ან ერთი ბუტერბროდი).

photo: http://milano.repubblica.it

ჩვენი სამუშაო მაგიდა მე-2 სართულზე იყო. ამ სართულზე სრულად იყო ჩვენი სახელოვნებო სკოლა (მაგისტრატურა) წარმოდგენილი. სანამ ჩემი სამუშაო გავშალე, დარბაზი ნელ-ნელა ხალხით შეივსო. ცოტა ხანში მივატოვე ჩემი „დისლოკაციის ადგილი“ და პავილიონში განლაგებული სხვადასხვა ფაკულტეტის  სტუდენტთა ნამუშევრებისთვის დადგმული სტენდების და სამუშაოს დათვალიერება დავიწყე; გავიცანი ფერმწერები, დიზაინერები, მოქანდაკეები… დავდიოდი და ვკითხულობდი, როგორი ტექნოლოგიით კეთდებოდა ესა თუ ის ნამუშევარი. იმდენად გავერთე ამ პროცესით, რომ აღარაფერი მახსოვდა… თურმე ჩემი პროფესორი მეძებდა და ვერ მპოულობდა.

მუზეუმის 4-სართულიანი შენობის პირველ სართულზე ბარი იყო, სადაც ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ლუდი იყიდებოდა. ასევე მოწყობილი იყო დისკოთეკა, საიდანაც მშვიდი მუსიკა ისმოდა. უკვე ღამის 11 საათისთვის მუზეუმი ხალხს ვერ იტევდა… მოკლედ, ამ ხნის განმავლობაში, როგორც იქნა, გავარკვიე ამ „თეთრი ღამის“ დანიშნულება:

photo; http://milano.repubblica.it

საქმე ისაა, რომ წელიწადში ერთხელ მილანის მერია მუზეუმებთან ერთად „თეთრ ღამეს“ აწყობს. ქალაქში განლაგებული მუზეუმები ამ ღამეს მნახველებს იღებენ და მათ ძირითად ექსპოზიციასთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ პრაქტიკული (ლაბორატორიული) სამუშაოები, რომლებსაც სხვადასხვა ინსტიტუტი წარმოადგენს. სტუდენტები მნახველებს უჩვენებენ და უხსნიან ამა თუ იმ პროექტის, ხელობის, პროფესიის აქტუალობასა და მნიშვნელობას, უჩვენებენ სამუშაო პროცესს; ახალგაზრდები ერთმანეთს ეცნობიან, მთელ ღამეს ერთად ათენებენ მუსიკისა და იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც აინტერესებთ.

ეს იდეა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ კარგი იქნება, საქართველოშიც განხორციელდეს: წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქალაქის მუზეუმებმა უმასპინძლონ ახალგაზრდებს, ადამიანები გაეცნონ სხვადასხვა მხარის მუზეუმებს, იქ წარმოდგენილ ექსპონატებს, რეგიონის ისტორიას…

პირველი რომ, მუზეუმები იმუშავებენ და ახალგაზრდები ერთ ლამაზ ღამეს გაათენებენ მეგობრებთან ერთად.

მეორე – მუზეუმებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.

მესამე – ახალგაზრდები მიეჩვევიან მუზეუმში სიარულს და მათთან ჩამოსულ სტუმრებსაც დაათვალიერებენ კოლექციებს, თან გიდობასაც გაუწევენ.

რაც მთავარია, მუზეუმები ქვეყნის ისტორიაა, რომელიც მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს. მიმაჩნია, რომ დროა ახალგაზრდებს შევუქმნათ ლამაზი „თეთრი ღამეები“, რადგან მთელ მსოფლიოში ხელობა და ხელოვნება ძვირადღირებულ პროფესიებად ითვლება.

მინდა, საქართველო ევროპის ღიმილიან ქვეყანას დაემსგავსოს!

ლალი დავითულიანი (ჯორჯიანა)

მილანი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close