ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წელს საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა LE MONDE ავრცელებს.

როგორც „ლე მონდი“ წერს,  ნიკოლა სარკოზის გამოძიება პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ.) ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით 20 მარტს თავად გამოცხადდა ანტიკორუფციული სამსახურის ნანტერის ადგილობრივ განყოფილებაში, სადაც იგი დააკავეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ბრალი წაუყენეს. მას გამომძიებლები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსებისას ლიბიის ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან არალეგალურად მიღებული თანხის გამოყენების საქმეზე კითხავდნენ. ჯერ 2011 წელს კადაფის შვილმა განაცხადა, რომ მამამისმა სარკოზის კამპანია 50 მლნ ევროთი დააფინანსა, 2016 წელს კი ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა აღიარა, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ტრიპოლიდან პარიზში 5 მილიონი ევრო ნაღდი ფული ჩაიტანა ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფრანგმა სამართალდამცველებმა გამოძიება  2013 წელს დაიწყეს, თუმცა სარკოზი მხოლოდ ახლა დაკითხეს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და აღმოჩნდება თუ არა საფრანგეთის ქარიზმატული ექსპრეზიდენტი გისოსებს მიღმა.

კომენტარები
Загрузка...