SpaceX-მა „სამყაროს ინტერნეტის“ პირველი თანამგზავრები 17 თებერვლის ნაცვლად 22 თებერვალს გაუშვა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ადრე დაანონსებული 17 თებერვლის ნაცვლად დღეს გაუშვა რაკეტა-მატარებელი FALCON-9 აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვანდენბერგის ბაზიდან (კალიფორნია). რაკეტამ კოსმოსურ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ორი თანამგზავრი – Microsat 2a და 2b; აგრეთვე, ესპანეთის სახელმწიფოს კუთვნილი რადიოლოკაციური დაკვირვების თანამგზავრი – PAZ. მასკის ეს ამბიციური პროექტი „მსოფლიო ინტერნეტის“ უზრუნველყოფას ემსახურება.
თანამგზავრები – Microsat 2a და 2b „პირველი მერცხლებია“, კომპანია 2024 წლამდე 12 000 დაბალორბიტული თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. ისინი დედამიწის ნებისმიერ წერტილში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მოწოდებას უზრუნველყოფენ.
6 თებერვალს SpaceX-მა კოსმოსში გაუშვა რეკეტა-მატარებელი Falcon Heavy, რომელმაც ღია კოსმოსში გაიტანა ილონ მასკის პირადი ავტომობილი „ტესლა როუდსტერი“. წითელი „ტესლა“, რომლის საჭესთანაც მანეკენი ასტრონავტი, სახელად Starman-ი ზის, მზესა და მარსს შორის ჰიპერბოლურ ორბიტაზე მოძრაობს დევიდ ბიუის სიმღერის – Space Oddity-ს თანხლებით, რომელსაც მისი სტერეოსისტემა უკრავს. რაკეტა კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან, იმავე ასაფრენი მოედნიდან გაუშვეს, საიდანაც მთვარეზე „აპოლონ 11“ გაფრინდა. ამ მოვლენას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
ნახეთ 22 თებერვალს Falcon 9-ის გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია იუთუბიზე:
კომენტარები