როგორ შევინარჩუნოთ იმედი კრიტიკულ და გაურკვეველ პერიოდებში?
იმედი კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ის აუცილებელია, რათა მივაღწიოთ კმაყოფილებას, გავზარდოთ მოტივაცია, ვიყოთ ჯანმრთელები და წარმატებულები. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა გარემოებები ავისმომასწავებელია, ხოლო მომავალი ბურუსითაა მოცული, იმედი შესაძლოა გულუბრყვილობად, უარეს შემთხვევაში კი, ახალი იმედგაცრუების წყაროდ გვეჩვენებოდეს, თუმცა ნებისმიერ დროს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, იმედის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. როდესაც იკარგება იმედი, იკარგება ჩვენი ნება, გავუძლოთ სირთულეებს და გავიმარჯვოთ.
პანდემია, ომი, მსოფლიო სავაჭრო სტრუქტურის შეფერხება, მტკიცებულებები, რომლებიც დედამიწაზე კლიმატურ კატასტროფებს მოასწავებს და სხვა გლობალური პრობლემები ქმნიან ფონს, რომლის პირობებშიც იმედის შენარჩუნება გაცილებით რთული და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია კარიერულ გზაზე, პირად ცხოვრებაში და, როგორც პანდემიამ გვიჩვენა, ბიზნესის წარმოებაშიც. საბედნიეროდ, შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმედის შესანარჩუნებლად, რაც უამრავ დადასტურებულ სარგებელს მოგვცემს. ქვემოთ სწორედ ამ ნაბიჯებზე მოგიყვებით.
წარმოიდგინეთ პოზიტიური მომავალი
იმედის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ უკეთესი მომავლის წარმოდგენა არ შეგიძლიათ. ის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ნათლად წარმოდგენილი არასასურველი მომავალი უარყოფით გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ჩვენს განწყობასა და ფიზიოლოგიაზეც კი. მომავლის პოზიტიური გამოსახულების ნაკლებობა ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას, ხოლო ძლიერი ნეგატიური გამოსახულებები პოსტტრავმულ აშლილობას იწვევს. დიახ, ემოციურ და ფიზიკურ ფასს ვიხდით მომავლისთვის, რომელიც შესაძლოა არც კი დადგეს.
მოვლენების სავალალო განვითარებაზე ფიქრს სჯობს, შეგნებულად წარმოიდგინოთ თქვენთვის მისაღები მომავლის სცენარი, რომელიც შიშისა და შფოთვის ნაცვლად ენერგიას და მოტივაციას მოგცემთ. რაც უფრო ნათელია გამოსახულება ჩვენს ფანტაზიაში, მით უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. ასე რომ, იმოგზაურეთ თქვენს პოზიტიურ წარმოდგენებში – იფიქრეთ კონკრეტულ სცენარებზე, მიჰყევით თქვენს გონებაში არსებულ ნათელ სურათებს, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ორი წლის შემდეგ ზუსტად ისეთად, როგორიც გსურთ, რომ ორი წლის შემდეგ იყოთ, გააცოცხლეთ მიზნის მიღწევის სცენები და ა. შ. ნუ გეგონებათ, რომ თქვენს გონებაში არსებული ვიზუალური წარმოდგენები მხოლოდ ოცნებაა, რომელებსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, მათ დიდი ძალა აქვთ – ისინი გვეხმარებიან იმედის შენარჩუნებაში.
განსაზღვრეთ, რა იქნება საუკეთესო მომდევნო ნაბიჯი
წარმოსახვა აღვივებს იმედს, ხოლო დაგეგმვას შეუძლია წარმოსახვა რეალობად აქციოს და იმედი გაგვიმართლოს. მომდევნო კონკრეტული ნაბიჯის განსაზღვრით იწყება სწორედ დაგეგმვა. შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ სრულად გაიაზროთ, როგორაა შესაძლებელი წარმოდგენილი სასურველი მომავლის „შენება“. პირველ ეტაპზე სასურველია, საკუთარ თავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეკითხვები დაუსვათ.
ქცევა – რომელი ქმედებები უნდა გავახშირო, შევამცირო ან ვაქციო უფრო თანმიმდევრულად?
ურთიერთობები – არსებობს თუ არა ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ახლა უნდა წამოვიწყო, გავაძლიერო ან შევწყვიტო?
სწავლა – რომელი უნარების განვითარებაში უნდა ჩავდო ინვესტიცია?
რწმენა – არსებობს თუ არა რწმენა, რომელიც თავიდან უნდა ამოვიგდო ან გავაძლიერო?
აღიქვით წარუმატებლობები გარდატეხის წერტილებად და არა მარცხად
იმედის შენარჩუნების საბოლოო კომპონენტი – და ის, რაც მას უფრო ძლიერს ხდის – არის შეგუების უნარი ფაქტთან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სრულად გავაკონტროლოთ ან ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი. საუკეთესოდ დასახული გეგმების რეალობად ქცევის მცდელობის დროს ნუ გექნებათ ილუზია, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც თქვენს ფანტაზიაში. როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, რაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, ცადეთ აღიქვათ წარუმატებლობა, როგორც გარდატეხის წერტილი და არა მარცხი, რომელიც უიმედობას იწვევს. სჯობს, საფუძვლიანად გამოიკვლიოთ წარუმატებლობის მიზეზები, მიიღოთ ის, როგორც გაკვეთილი და წარმოდგენილი მომავლის რეალობად ქცევის ახალ გეგმაზე მუშაობა დაიწყოთ.
marketer.ge
კომენტარები