ორ ქვეყანას შორის „დათბობის“ კიდევ ერთი ნაბიჯი? – თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვის ერთობლივ ექსპლუატაციას სთავაზობს, საბერძნეთი დადებითადაა განწყობილი
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხუთშაბათს, 17 მარტს განაცხადა, რომ თურქეთმა საბერძნეთს „ეგეოსის ზღვის სიმდიდრეების ერთობლივი ექსპლუატაცია“ შესთავაზა და ბერძნული მხარისგან დადებითი პასუხი მიიღო.
ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების რიგგარეშე სხდომის შემდეგ, რომელიც 17 მარტს ბრიუსელში გაიმართა, აკარმა ჟურნალისტებთან გამოსვლისას თქვა:
„ეს მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის, ეგეოსის ზღვის სილამაზეების და სიმდიდრეების ერთობლივი გამოყენების თვალსაზრისით. არის ტურიზმი, თევზჭერა და ბევრი სხვა სიმდიდრე. ჩვენ ამ ყველაფრის ერთობლივი გამოყენების მხარდაჭერით გამოვდივართ, ჩვენ ეს ვთქვით“.
„ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი ჩვენი თანამოსაუბრისგან ამ საკითხზე“, – განაცხადა აკარმა, რომელმაც, როგორც ჩანს, თავისი ბერძენი კოლეგა – ნიკოს პანაიოტოპულოსი იგულისხმა, რომელსაც ბრიუსელში შეხვდა ოთხშაბათს, 16 მარტს. მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ წინ წაიწევენ ამ მიმართულებით. „ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, პოზიტიურები, ეს ჩვენი მიდგომაა“, – უთხრა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა daily ethnos-ის და სხვა გამოცემების კორესპონდენტებს.
ბერძნული მხარისგან, ბატონი პანაიოტოპულოსისგან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ორი მინისტრი შეთანხმდა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის გამართვაზე ნდობის განსამტკიცებლად და რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად.
„ჩვენ გვაქვს ერთი აზრი, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რბილი კლიმატი განსაკუთრებით მომგებიანია ორივე მხარისთვის ახალი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, რომელიც მალე დაიწყება“, – განაცხადა პანაიოტოპულოსმა. მას არაფერი უთქვამს ეგეოსის ზღვის „ერთობლივ ექსპლუატაციაზე“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ძალზე უშუალო და შედეგიანი გამოდგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რადგან ახალ რეალობაში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით იზრდება ნატოს წევრი ორივე ქვეყნის როლი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად და ამ რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები